ადრეულ ასაკში არის გარკვეული ნიშნები, რომლებსაც მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და გამოვლენის შემთხვევაში, სპეციალისტს დროულად მიმართონ. ნანა ტატიშვილი, ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს იმ ნიშნებზე, რომლითაც კონკრეტულ ასაკში აუტიზმის ამოცნობაა შესაძლებელი:
"თუკი ბავშვის ქცევა, თამაში, გარემოსთან და ბავშვებთან დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ბავშვებისგან, დღეს კი ყველამ ვიცით, როგორ იქცევიან და თამაშობენ ტიპური განვითარების ბავშვები, ყურადღებაა საჭირო. წლინახევრის ასაკში ბავშვების უმრავლესობას მარტივი დავალებების, მინიმუმ 50%-ზე მეტის გაგება და შესრულება შეუძლია. თუ ბავშვი ამ ასაკისათვის ჩვენს დავალებებს ვერ იგებს, აქაც ყურადღებაა საჭირო. არ უნდა დაველოდოთ მეტყველების განვითარებას. ძალიან ხშირად მშობლები ამბობენ: "არ მეტყველებს, მაგრამ, მითხრეს, რომ მამამაც ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრმაც ასე გვიან დაიწყო ლაპარაკი." ეს ნამდვილად არ არის საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ დაველოდოთ 2 წელს ან უფრო მეტ ასაკს. ის ბავშვი, რომელიც არ ასრულებს ჩვენი დავალებების უდიდეს ნაწილს, რომელსაც არ აინტერესებს ჩვენთან საუბარი, თუ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვუყვებით ამბავს ან ზღაპარს, საერთოდ არ ავლენს ინტერესს, ზედმეტად მოძრაობს, არ ჯდება, არ თამაშობს ფუნქციურად სათამაშოებით, თუ მითითებულ ნივთსა და საგანზე 18 თვის ასაკში თვალის გაყოლება არ შეუძლია, ესაა ნიშნები, რა დროსაც ჯობს, რომ მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ. საბედნიეროდ, დღეს, არა მარტო თბილისში, არამედ მთლიანად, საქართველოში ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ყველა ის მოთხოვნა, რაც დასავლური სტანდარტებითაა მოწოდებული".