მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა ფულის საჭიროება ადრეულ ასაკშივე გააცნობიერა. გაუმართლა, რომ პირველივე ჰონორარი სწორედ საყვარელი საქმის შესრულებისთვის მიიღო. მისი შემოსავლის წყარო დღესაც პროფესიული საქმიანობაა, თუმცა ახალი საქმის წამოწყებაც გადაწყვიტა. როგორც ამბობს, შეუძლია, ყოველდღე 3 ბიზნესგეგმა შეიმუშაოს...
- ჩემი ბავშვობა ისეთ პერიოდს (90-იანი წლები) დაემთხვა, რომ ჩემს ოჯახს ფული თავზე საყრელად არ ჰქონდა. შესაბამისად, მგონი, ადრეული ასაკიდანვე გავაცნობიერე, რომ ეს ოხერი ფული რაღაცებისთვის ყველას გვჭირდებოდა. მით უმეტეს, მაშინ ფუფუნებაზე არც ვსაუბრობდით: ქვეყანაში ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი დეფიციტური იყო... არასრულწლოვანი ვიყავი, როცა პირველი ჰონორარი ავიღე, 17 წლისა კი - ჩემი პროფესიით უკვე ჩვეულებრივად ფულს "ვაკეთებდი" (იცინის).
- გახსოვთ, პირველი ჰონორარი რისთვის მიიღეთ, რა თანხას შეადგენდა და რაში გამოიყენეთ?..
- ვიდრე საზოგადოება სოლო მომღერლად გამიცნობდა, მანამდე ჯგუფში - "ფერფლი და ფენიქსი" ვმღეროდი. ჯაზს, სოულს "ვაკეთებდით", რომელიც დღემდე ჩემი საყვარელი ჟანრებია. 13-14 წლისა ამ ჯგუფში ვმუშაობდი. აქტიურად ვრეპეტიციობდით, კონცერტებში ვმონაწილეობდით. შესაბამისად, პირველი ჰონორარიც მაშინ ავიღე. ალბათ, სიმბოლური თანხა იყო... პრინციპში, იმ ჯგუფში ჩამოვყალიბდი ტემბრალურად, ჟანრობრივად... ბევრი რაღაც ვისწავლე იმ მომღერლებისგან, ვინც ჩემთან ერთად მღეროდნენ, საკმაოდ კარგი შემადგენლობა იყო.
- მას შემდეგ, რაც საკუთარი შემოსავალი გაგიჩნდათ, ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ?
- კი, როგორ არა! ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, ფინანსური კრიზისიც მქონია, მაგრამ არა კარიერული პრობლემების გამო: ცხოვრებისეული ამბები იყო... რა თქმა უნდა, ამაზე "ღიად" ლაპარაკს არ ვაპირებ... პრინციპში, რადგან რაც დავიბადე, ჩვენს ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია არ ყოფილა, შეიძლება ითქვას, რომ პერიოდულად, გარკვეული ფინანსური "გაჭედვები" არის, თუნდაც - ახლა, პანდემიის პერიოდში, პროფესიული პაუზა იყო. შესაბამისად, უფრო მეტი ენერგიის "ჩადება" სხვადასხვა საქმეში მიწევს, რომ სიტუაცია ჩემ მიერ დაგეგმილზე (მაგალითად, ბანკებთან ურთიერთობაზე) უარყოფითად არ აისახოს.
- ფულის გონივრულად ხარჯვა შეგიძლიათ?
- ჩემი აზრით, საკმაოდ პრაქტიკული მხარჯველი ვარ: რაკი მხოლოდ ჩემს საქმიანობაზე ვარ დამოკიდებული (ფინანსურად, ემოციურად...), ვცდილობ, თანხა უაზროდ არ "ვისროლო" ხოლმე. ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აკიდებული. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს სახლის შეცვლა მომინდა და საბანკო სესხები დავიხმარე, რადგან ფულის შეგროვება არ გამომდის და არც არასდროს გამომივა. ამიტომ გარკვეულ ვალდებულებებს წინასწარ ვიღებ, შემდეგ კი მათ სისრულეში მოყვანას ვიწყებ. ჩემი მშობლები და და ჩემზე პრაქტიკულები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ამ პრინციპით - "საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო" - არ ვმოქმედებ. რა თქმა უნდა, ვცდილობ, ისეთი ხელმომჭირნეც არ ვიყო, რომ შვილებს, საკუთარ თავს ყველაფერი მოვაკლო. სახლში ნამატიც უნდა იყოს და გარკვეულ რაღაცებში, თავი არ შევიზღუდო. მოკლედ, პრაქტიკულობას ვცდილობ. დღეს რაც მაქვს, შემიძლია, დავხარჯო, ოღონდ - ზუსტად ვიცი, ხვალ საიდანღაც რაღაც გამოჩნდება...
- თქვენი შემოსავლის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავთ?
- ბანკებში, სესხის დაფარვაში (
იცინის). პერიოდულად, შოპინგსაც ვახერხებ - შოპოჰოლიკი ვარ. უსაქციელობაც კი ჩამიდენია - ფული ბოლომდე დამიხარჯავს. პანდემიის პერიოდში, "შავ პარასკევს" მთელი "ფეისბუკი" კომენტარებით აჭრელებული რომ იყო: - ნახეთ, მოლებში რა ხდებოდა, ეს დეგენერატი ხალხიო, ხომ გახსოვთ? მეც ზუსტად იმ ხალხის მსგავსად მოვიქეცი: 6 წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდე, თან - ექვსივე ჩემთვის და შინ უსირცხვილოდ მოვედი. ლიზას (უფროს ქალიშვილს) ვამშვიდებდი, - დედა, ეს ფეხსაცმელები შენც მოგერგება-მეთქი. მერე მეგობრებთან თავს ვიმართლებდი: არ ვიცი, რა დამემართა, ფასდაკლება იყო-მეთქი...
განაგრძეთ კითხვა