ქალი მთლად ნაძვის ხეს არ უნდა დაემსგავსოს, წრე ბავშვებმა ნაძვის ხეს უნდა შემოარტყან და არა დედას - ავთანდილის საახალწლო რჩევები ქალებს
ავთანდილთან ინტერვიუ რჩევებით დავიწყეთ, რომლებსაც დიზაინერი საახალწლოდ ქალბატონებს აძლევს. გარდა ამისა, რასაკვირველია, ვკითხეთ მის ოჯახთან დაკავშირებულ სიახლეზეც - მოგეხსენებათ, მისი მეუღლე, ხათუნა თოთლაძე, მცირე ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
- ლურჯი თხის წელიწადი მოდის, ყველაზე მეტად მანდილოსნებს აინტერესებთ, რა ჩაიცვან ახალ წელს.
- ჰოროსკოპების მიხედვით მოდა არ კეთდება, ამ ბოლო დროს ამ საკითხის მცოდნეები ბევრ რამეს იღებენ საკუთარ თავზე, განსაკუთრებით მოდაში. ახალ წელს ყველა ქალი უნდა შეხვდეს ახალი კაბით, რომელიც მას ძალიან უხდება, მასში გრძნობს თავს ბედნიერად, ქალურად და მოსწონს რჩეულ მამაკაცს.
რჩევის მიცემამდე უნდა გავითვალისწინოთ, ვინ სად ხვდება ახალ წელს. თუ ზამთრის კურორტებზე მიემგზავრებით, სასურველია, ზემოდან ნაქსოვი, დიდი, განიერი ზედა გეცვათ, შიგნით აბრეშუმის ჭრელი კაბით. მას დაბალი, უხეშძირიანი, ოღონდ მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ან თბილი გამაში მოუხდება, რომელსაც ექნება გარკვეული სახის სხივი, ან''ბლიოსტკები''. კარგი იქნება ასეთივე ტონის შარფისა და ქუდის მორგება. თუ ახალ წელს რესტორანში ხვდებით, სადაც აუცილებლად გაპრანჭული უნდა იყოთ, უნდა გეცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ზოგადად, ახალი წელი ოჯახის დღესასწაულად მიმაჩნია და აუცილებლად სახლში ვხვდები. ქალბატონებს, რომლებიც ახალ წელს შინ ეგებებიან, მერვე საოცრებასავით რომ არ იყვნენ ოჯახურ სუფრასთან, ვურჩევ კლასიკური კაბის მორგებას და მისი ლამაზი აქსესუარით გაწყობას. თუ ქალს ღამის პირველ საათამდე წინსაფარი უკეთია, ისიც კი სადღესასწაულო უნდა იყოს.
- ხშირად ფიქრობენ, რომ ახალ წელს უხდება მკვეთრი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, რას ფიქრობთ ამაზე?
- რა თქმა უნდა, უხდება, მაგრამ ქალი მთლად ნაძვის ხეს არ უნდა დაემსგავსოს, წრე ბავშვებმა ნაძვის ხეს უნდა შემოარტყან და არა დედას (იცინის).
- მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 წელია მუშაობს, ელოდით, რომ მინისტრის მოადგილედ დანიშნავდნენ?
- ხათუნას სივის თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ კარიერულად ის ყოველთვის ვითარდება. ეს თანამდებობა, სამართლის სპეციალობით, ძალიან კარგი შენაძენია. ხათუნა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება, დიდ და კარგ წვლილს შეიტანს საერთაშორისო დიპლომატიაში საქართველოს მხრიდან. მეამაყება ჩემი მეუღლე, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. რაც უნდა რთული პერიოდი იყოს და ეს არაერთხელ გვქონდა, ერთმანეთის შეხედვითაც კი ყველაფერი გასაგებია.
- ხათუნას ოჯახისთვის, შვილისთვის რჩება დრო?
- დასაწყისში რასაკვირველია, გრაფიკი იცვლება, თუმცა თუ კარგი მენეჯერი ხარ და შენს დროსა და საქმეს კარგად ანაწილებ, ოჯახსა და სამსახურს ერთმანეთს მოარგებ. ჯერ მხოლოდ ათი დღე გავიდა, რაც ხათუნა დაწინაურდა, ნელ-ნელა უფრო კარგად მოერგება გრაფიკს და ანასტასიას დედის ყურადღება არ მოაკლდება. დილით უფრო ადრე დგება, ვიდრე დგებოდა, ტუსინკაც 8 საათზე უკვე ფეხზეა, სკოლაში წასვლამდე ერთად არიან, ხათუნა შესვენებაზე და საღამოს, ანასტასიას დაძინებამდე შემორბენას ყოველთვის ახერხებს. მამიკო ცდილობს, რომ ამ პერიოდში დედიკოსა და მამიკოს მოვალეობები თავად შეასრულოს. აი, რამდენიმე საათში, მხიარულ სტარტებსაც უნდა დავესწრო, რადგან მნიშვნელოვანია, როცა მშობლებიდან ერთ-ერთი ან ორივე ერთად ესწრება მის წარმატებას. მე და ხათუნა ერთად დავესწარით მის კონკურსს სამეჯლისო ცეკვებში, სადაც პირველი ადგილი აიღო და ანასტასიაზე ბედნიერი იმ წუთას არავინ იყო. შემდეგ ერთად წამოვიყვანეთ სახლში და მოვაწყვეთ ოთხეულის ვახშამი, მეოთხე გახლავთ ჩვენი პატარა ჩიხუახუა ელისონი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია.
- ე.ი. ამ ეტაპზე გარკვეულწილად მეტი ფუნქცია დაგეკისრათ.
- არა, არა. ჩემთვის ანასტასიასთან ურთიერთობა ზღვარს სცდება, ისაა ჩემი ოცნება, მე ანასტასიაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება. არც მახსოვს, მანამდე როგორ ვარსებობდი, ასე რომ, არაფერი მეტი და ზედმეტი ჩემს ცხოვრებაში არ ხდება, ეს ჩვეული ცხოვრების რიტმია. ამ ეტაპზე ხათუნას ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რასაც უთქმელად ვაკეთებ.