ბავშვის წიგნთან დამეგობრება ჩვილობიდან იწყება, როდესაც მშობლები საბავშვო ლექსებს, ზღაპრებსა თუ მოთხრობებს უკითხავენ. ბევრი ბავშვი სწორედ საბავშო ლექსების დამსახურებით ამბობს პირველ სიტყვებს და ლაპარაკს იწყებს. ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის სიმდიდრით გამოვირჩევით, არადა მასზე მოთხოვნა ნამდვილად მზარდია.
საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ახალი ავტორების აღმოჩენის მიზნით გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ლიტერატურული კონკურსი დაიწყო - „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“. პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ ფინალისტები, რომელთაგანაც საუკეთესო გაიმარჯვებს.
ფინალისტები სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ: პოეზია, პროზა და ინოვაციური პროექტი. კონკურსში საბავშვო ლექსები წარადგინეს და ფინალისტები გახდნენ საბავშვო მწერლები: მარიამ წიკლაური, თუთა ჯგუშია და ვასო გულეური.
მარიამ წიკლაური ცნობილი და დიდი გამოცდილების მქონე მწერალია. იგი არაერთი საბავშვო ლექსის ავტორი და საბავშვო ლიტერატურის დიდი გულშემატკივარია. მწერალი აღნიშნავს, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურას დიდი მონაპოვარი აქვს, მაგრამ ახალი დრო შესაბამის შემოქმედებას ითხოვს:
„დიდი მემკვიდრეობა გვაქვს, რომელიც ახალი ლიტერატურისთვის კარგი საფუძველი შეიძლება გახდეს. საბავშვო ლექსები როდია მხოლოდ გარითმული სტრიქონები, არამედ ისინი დიდი საგანმანათლებლო რესურსის მქონეა. გარდა იმისა, რომ ისინი ესთეტიკურად ზრდის ბავშვს, ლექსიკასა და წარმოსახვას უვითარებს, სწორედ საბავშვო ლექსების დახმარებით ვაწყებინებთ ბავშვს მეტყველებას,“ - აღნიშნავს მარიამ წიკლაური.
პოეტი ვასო გულეურის აზრით, ბავშვებისთვის წერა გაცილებით რთულია, ვიდრე დიდებისთვის: „ბავშვები ძალიან გულწრფელები არიან და იმასაც მარტივად ხვდებიან, მწერალი რამდენად გულახდილია. საბავშვო ლექსის ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ ფორმით მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ამ სიმარტივეში არაფერი არ უნდა იყოს ზედმეტი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პოეზიის იმ პერიოდთან შესაბამისობა, როდესაც ლექსი იწერება (თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ისტორიულ გმირსა თუ მოვლენაზე არ წერს). ჩემი აზრით, საბავშვო ლექსი უნდა იყოს სახალისო, მარტივი და მისთვის კარგად ნაცნობი, რათა წიგნით დაინტერესდეს,“ - აღნიშნავს ვასო გულეური.
საბავშვო ლექსების შეფასებისას უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ისინი იმ ადამიანებისთვის იწერება, რომლებიც ახლა იწყებენ სამყაროს შემეცნებას და საკუთარი აზრების გადმოცემას. საბავშვო ლექსებისთვის შთაგონებაც პატარებთან ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად ჩნდება. ასე მოხდა „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი ფინალისტის, დებიუტანტი ავტორის, თუთა ჯგუშიას შემთხვევაშიც, რომელმაც ლექსების წერა 2 წლის წინ, პატარა შვილთან თამაშ-თამაშით დაიწყო:
„ვიფიქრე, ისეთი ტექსტები მომეფიქრებინა, რომლებიც თან სახალისო იქნებოდა, თან - ინფორმაციულიც, დამრიგებლური. თავიდან მხოლოდ სოციალურ ქსელში ვპოსტავდი. ერთხელაც მეგობარმა „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ შესახებ მითხრა და გადავწყვიტე მეცადა. საბავშვო ლექსების წერა ტექნიკური თვალსაზრისით მარტივია, სიტყვების გარითმვა ბევრს შეუძლია, მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით ძალიან საპასუხისმგებლოა. ვცდილობ ისეთი ლექსები დავწერო, რომლებიც ბავშვებს გაამხნევებს და თავისუფლებისკენ უბიძგებს. მე თავად ყველა ის ლექსი მახსოვს, რომლებსაც ბებო ბავშვობაში მიკითხავდა. ჩემმა შვილმა ლექსების დამსახურებით დაიწყო ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ლექსებს ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა აქვს,“ - ამბობს თუთა ჯგუშია.
შეგახსენებთ, „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ფარგლებში, კონკურსანტებმა სამ ასაკობრივ კატეგორიაში (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) გამოგზავნეს პროზა, პოეზია და ინოვაციური პროექტები.
4 წევრისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური ერთი თვის განმავლობაში აფასებდა კონკურსანტთა ნამუშევრებს. საბოლოოდ, მათ შეარჩიეს 16 ავტორის 18 ნაწარმოები.
ფინალისტებს 15 ივნისამდე შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავიანთი ნაწარმოებებისა და იდეების დახვეწაზე.
15 ივლისს კი ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 6 გამარჯვებულს, რომელთა ნამუშევრებიც გამოიცემა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულების გამოვლენამდე კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია.