კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ინდოეთის გარდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა. ინდოეთში ვირუსს უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევას სწავლობენ, თუმცა, ოფიციალურად, ჯერჯერობით ვირუსის ამ ვარიანტის არსებობა ჩვენს ქვეყანაში, არ დასტურდება. კორონავირუსის პარალელურად, ინდოეთში გამოჩნდა ე.წ. შავი სოკო, დაავადება, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 50%-იანი ლეტალობა ახასიათებს. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, რით განსხვავდება ე.წ. ინდური შტამი კორონავირუსის კლასიკური შტამისგან, რა შემთხვევაში ვითარდება ადამიანებში ე.წ. შავი სოკო და რა გზით ინფიცირდებიან პაციენტები:
- კორონავირუსის კლასიკური შტამის გარდა, საქართველოში ბრიტანული შტამიცაა გავრცელებული. კლასიკურ შტამთან შედარებით, უფრო ადვილად ვრცელდება როგორც ინდური, ისე ბრიტანული შტამები. ხოლო, თუ ბრიტანულსა და ინდურს შევადარებთ ერთმანეთს, ბოლომდე არ არის შესწავლილი და დასკვნა არ გვაქვს, რომელი უფრო ადვილად ვრცელდება. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს, ჯერჯერობით, დადასტურებული მონაცემები, რომ ინდური შტამით უფრო მძიმედ მიმდინარეობს კორონავირუსული ინფექცია, არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ინდოეთში ცუდი ეპიდსიტუაციაა და საკმაოდ მაღალია ლეტალობა, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ იქ ეპიდემიოლოგიურად სიტუაცია უმართავია და ბევრი ადამიანი ინფიცირდება. ინდური ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება ყველა პაციენტს. ამიტომ, მათი ნაწილი სამედიცინო მომსახურებას სრულფასოვნად ვერ იღებს, შესაბამისად, დაავადებაც მძიმედ მიმდინარეობს. ვერ ვიტყვით, რომ ინდოეთის მაგალითზე სიმძიმე გამოწვეულია იმით, რომ შტამია უფრო აგრესიული. ამაზე ჯერ კვლევები არ დასრულებულა.
- ინდოეთში გავრცელდა ასევე ე.წ. შავი სოკო და საკმაოდ მაღალი ლეტალობით ხასიათდება. რა შემთხვევაში ვითარდება ეს დაავადება ადამიანებში და რა გზით ვრცელდება?
- შავი სოკო, იგივე მუკორომიკოზი, დამახასიათებელია ძირითადად იმ ადმიანებისთვის, ვისაც იმუნოდეფიციტი და უმართავი შაქრიანი დიაბეტი აქვს. ამ ეტაპზე, რას უკავშირდება ინდოეთში ეპიდაფეთქება, ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია კორონავირუსთან, რომლის მძიმე მიმდინარეობის დროს იმუნოსუპრესია ვითარდება, რაც შემდეგ სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს. როგორც აღვნიშნე, დაავადების განვითარება მხოლოდ იმ ინდივიდებში ხდება, ვისაც ღრმა იმუნოდეფიციტი აქვს. ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემა არ ხდება. შეიძლება კონტაქტურად ადამიანს გადაედოს, მაგრამ კლინიკურად ვლინდება მათთან, ვისაც მძიმე ზოგადი მდგომარეობა და ფონური დაავადებები აქვთ.
- ე.წ. შავი სოკოს განვითარებისთვის აქვს მნიშვნელობა ადამიანი კორონავირუსის რომელი შტამით იქნება ინფიცირებული?
- ამაზეც საბოლოო პასუხი არ გვაქვს, თუმცა, რახან ინდოეთში მოხდა ეპიდაფეთქება, შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს იქ არსებულ შტამთან. თუმცა, ეს კვლევებით ამ ეტაპზე ჯერ არ დადასტურებულა. უფრო დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის მიმდინარეობასა და ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე.
- რამდენად დიდია რისკი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელდეს კორონავირუსის ინდური შტამი?
-ინდური შტამის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, თეორიულად არსებობს. თუმცა, ეს დამოკიდებულია, ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ამ ეტაპზე, ინდური შტამის ფართომაშტაბიანი გავრცელება ჩვენს რეგიონში არ არის, ამიტომ, რისკიც დაბალია. თუმცა, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მზაობა გამოიხატება იმაში, რომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რაც მოწოდებული. ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. პროცესი უნდა გაგრძელდეს აქტიურად იმისათვის, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი მოვიცვათ, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება იმუნიზირებული, ვირუსის თავისუფლად ცირკულაცია უფრო ნაკლებია, შესაბამისად, მუტანტური შტამების გავრცელება და გაჩენის რისკებიც უფრო დაბალია.
თამარ იაკობაშვილი