საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, "თბილისი ენერჯის" აბონენტებისათვის გაზის გადასახადი 8 თეთრით იზრდება. მოქალაქეებს პირველი ივნისიდან 46,1 თეთრის ნაცვლად 54 თეთრის გადახდა მოუწევთ. დადგენილი ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენ "თბილისი ენერჯის" დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს:
"გვინდა, განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც, საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 თეთრია, სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს. ბოლო რამდენიმე თვეა თბილისი ენერჯი ითხოვდა და ახლაც ითხოვს, მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც, ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში, მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას."
თამარ იაკობაშვილი