გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების მშობლებს, ალბათ, ხშირად უჩნდებათ სურვილი, რომ არსებობდეს სახელმძღვანელო, რომლის დახმარებითაც თინეიჯერ შვილებთან ურთიერთობას შეძლებენ, რადგან ეს ასაკი გარკვეულ გამოწვევებთან ასოცირდება და პრობლემებიც ბევრია. მაგრამ ასეთი უნივერსალური სახელმძღვანელო არ არსებობს, ისევე, როგორც ორი ზუსტად ერთნაირი მოზარდი. თუმცა, თუ მშობლებს წინასწარ ეცოდინებათ ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ, პირად მაგალითში შესაძლებელია აღარ გაიმეორონ, ან კიდევ მინიმუმამდე დაიყვანონ რისკი.
არარეალური მოლოდინები
ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ მოზარდობა მხიარული, უდარდელი და თავგადასავლებით სავსე პერიოდია. ბავშვებიც ზუსტად ასე წარმოუდგენიათ. სინამდვილეში, ასე არ არის. თინეიჯერებისთვის ცუდ ხასიათზე ყოფნა, განმარტოების სურვილი, განცდები ძალიან ბუნებრივია და მშობლებმა ამის გამო ისინი არ უნდა დაადანაშაულონ.
წესების არარსებობა
გასაგებია, რომ მოზარდები საკუთარ ადგილს ეძებენ ამ სამყაროში, იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არანაირი წესი და შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ. აუცილებელია, რომ თავისუფლების პარალელურად, მათ ჰქონდეთ გარკვეული ვალდებულებები მშობლების, ოჯახის წევრებისა თუ ირგვლივ მყოფების მიმართ. ეს მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
შეტაკებები
როდესაც სახლში თინეიჯერი გყავთ, შესაძლოა ემოციური დისბალანსი არსებობდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდს რთული პერიოდი აქვს და რაღაცას განიცდის. ასეთ დროს მშობელსა და შვილს შორის ძალიან მარტივია ჩხუბის დაწყება, რომელიც დაუსრულებელ შეტაკებაში გადადის და რომელშიც გამარჯვებული არავინაა. მსგავსი საქციელის ნაცვლად, მოუსმინეთ თქვენს შვილს, გაიგეთ, რატომაა აგრესიული, რა აწუხებს. ღირს კი ჩხუბის დაწყება? იქნებ, ჯობს, დაელოდოთ, როდის დამშვიდდება და მერე დაიწყოთ საუბარი?
საკუთარი თავის მოზარდთან იდენტიფიკაცია
თუ მშობელი მოზარდი შვილის ადგილას წარმოიდგენს თავს და მისი თვალით შეხედავს პრობლემას - ეს ნორმალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვარი არ გადალახოს. მაგალითად, თუ დედა ზედმეტად მოინდომებს შვილს დაუახლოვდეს და დაურღვევს პირად სივრცეს, აღარაფერს დაუტოვებს ისეთს, რაც მხოლოდ მას ეცოდინება, მეგობრობის ნაცვლად, საპირისპირო შედეგს მიიღებს. შეგიძლიათ თანაგრძნობა გამოხატოთ, მაგრამ ნუ მოიქცევით ისე, თითქოს ის პრობლემა თქვენია და არა თქვენი შვილის.
მოზარდის სიტყვების ზედმეტად მტკივნეულად აღქმა
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ ასაკში ჰორმონალური გარდაქმნები მიმდინარეობს, რაც ხშირად აიძულებს მათ, არაგონივრულად მოიქცნენ და უთხრან უფროსებს ისეთი რამ, რაც წესით არ უნდა ეთქვათ. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს რთული პერიოდი აქვს, არ მიიტანოთ ყველა სიტყვა გულთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჩხუბის დროს გითხრათ. საუკეთესო გამოსავალი მსგავს სიტუაციაში არის ის, რომ დაელოდოთ, როდის დამშვიდდება და მერე ესაუბროთ მომხდარზე.
მომავლის წინასწარმეტყველების მცდელობა
მშობლებს თავიანთი შვილების მომავალი ყოველთვის აწუხებთ და ამაში არაბუნებრივი არაფერია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მოზარდებს ეხება. თუმცა, ხშირად ეჩვენებათ, რომ "საშინელი მომავალი" ექნებათ, რადგან არ სწავლობენ, რაღაცას არასწორად აკეთებენ, არ ითვალისწინებენ და ასე შემდეგ. მცდელობა, რომ მოზარდი დააშინოთ მომავალში აპოკალიფსური პროგნოზებით, არასწორია. ეს პროტესტს გამოიწვევს, კიდევ უფრო ააჯანყებს თქვენს შვილს და გაუქრობს სურვილს, რაღაც შეცვალოს.
ნოტაციების კითხვა
ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ მოზარდობის ასაკში ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, თუ ბავშვს დაუსრულებელ ლექციებს წაუკითხავენ იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ ან არ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ეს არ მუშაობს. შეუძლებელია, მხოლოდ სიტყვებით გადმოსცე პირადი გამოცდილება. გაცილებით სასარგებლოა, ჯერ მოზარდს მოუსმინოთ, დაინტერესდეთ ამბით და მისცეთ რჩევა, თუ ამას თავად გთხოვთ.
შენიშვნები
როდესაც მშობელი და შვილი ერთმანეთს ეხუმრება, რა თქმა უნდა, მხიარული, სასაცილო და უწყინარია. თუმცა, ზუსტად უნდა იცოდეთ, სად გაჩერდეთ, რადგან მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან. ხუმრობით ნათქვამმა ერთმა სიტყვამ - მაგალითად, ჩემი ბუთქუნა ან რაღაც მსგავსმა, რითაც წონაზე ან სხვა მისთვის მტკივნეულ თემაზე გაუმახვილებთ ყურადღებას, შესაძლოა მთელი დღე შეცვალოს, რადგან მათ სხვანაირად აღიქვან, თქვენ კი ჩათვალოთ, რომ ცუდი არაფერი გითქვამთ. მით უმეტეს, გამუდმებულმა კრიტიკამ, სრულიად შეიძლება დაუკარგოს ისედაც ცუდი თვითშეფასება, რაც აქვთ ამ ასაკში.
ემოციური კავშირის დაკარგვა
ბავშვობიდან მოზარდობამდე გადასვლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოცემულობა ემოციური კავშირის დაკარგვაა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მინიჭებასთან ერთად, ყოველთვის უთხარით თქვენს შვილებს, რომ მზად ხართ, გვერდით დაუდგეთ. შესაძლოა სასაცილო წერილები დაუტოვოთ, დროდადრო მასთან ერთად კაფეში ისადილოთ, ერთად წახვიდეთ საყიდლებზე... ეს ყველაფერი კი შვილს შეახსენებს, რომ მასთან ერთად ხართ, ემოციური კავშირი ისევ არსებობს, ძლიერია და ყოველთვის იქ იქნებით, სადაც დასჭირდება.
მოზარდის პრობლემების მიმართ არაადეკვატული დამოკიდებულება
ხშირად მშობლები მოზარდი შვილების პრობლემებს ან არასაკმარისად აფასებენ ან კიდევ ზედმეტად მძაფრად. თინეიჯერმა შეიძლება დაუშვას შეცდომა, მიიღოს ცუდი გადაწყვეტილება, მერე კი მშობელთან მივიდეს დახმარების თხოვნით. ეს ნორმალურია, მაგრამ ხშირად უფროსებს არაადეკვატური დამოკიდებულება აქვთ. ისეთიც კი, რომ შესაძლოა მოზარდმა მეტჯერ აღარ მოისურვოს რამის თქმა. მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, მოუსმინეთ ბავშვებს ბოლომდე, რას გეუბნებიან, რას ითხოვენ და მერე გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ. არ დაარღვიეთ მათი პირადი სივრცე და ამასთან, მუდმივად პულსზე გქონდეთ ხელი, რომ რაიმე სერიოზული და საშიში არ გამოგრჩეთ.