აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ცოტა ხნის წინ გახდნენ მშობლები. პატარა სანი უკვე სამი თვისაა. წყვილმა იმედის გადამღებ ჯგუფს სახლში უმასპინძლა და მშობლობის პირველ თვეებზე ისაუბრა.
აჩიკო: ნუცა რომ დაორსულდა, მაშინვე ვთქვი, რომ ბავშვი უნდა იყოს ქერა ცისფერთვალება. მუცელზეც ასე ვეფერებოდი: „ჩემი ქერა, ცისფერთვალება“ და კი არის ქერა და ცისფერთვალება. ახლა ასე ვეფერები: „ჩემი წყალბურთელი“, „მამას წყალბურთელი“ და იმედი მაქვს, წყალბურთელი იქნება ან წყალი მაინც ეყვარება ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს.
ნუცა: სანი არ არის მტირალა ბავშვი, მაგრამ აქვს ხოლმე პერიოდები, მოფრენის საათებს ვეძახი, უფრო საღამოობით, ძალიან რომ ეძინება.
აჩიკო: კომუნიკაბელურია. არ შეიძლება, ჩემი და ნუცას შვილი კომუნიკაბელური არ იყოს. პატარა გათამაშებაზე უცებ აღებს პირს, რაც ძალიან მხიბლავს. რომ დაიბადა, ძალიან ვამსგავსებდი ნუცას, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ხელის თითებით მგავდა და უბედნიერესი ვიყავი, ხელებით მაინც ხომ მგავს-მეთქი.
ნუცა: აჩიკო გამომიტყდა, არ მეგონა, შენგან თუ კარგი დედა დადგებოდაო. არ ვიცი, მეწყინოს თუ გამიხარდეს.
აჩიკო: ამასთან დაკავშირებით პირველივე წამიდან ორივე ხელი ავწიე და ყველა სიტყვა უკან წავიღე.
ნუცა: ზოგადად უფრო ყურადღებიანი და თბილი გავხდი, მარტო სანისთან მიმართებაში არა. ახლა უფრო ემოციურიც ვარ.
წყვილი ბავშვს ოჯახის ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ზრდის და იხსენებენ, რომ მათი ცხოვრების რუტინა თავის დროზე ძაღლმა უფრო შეცვალა.
აჩიკო: ნუცამ რომ მითხრა პირველად, ძაღლი მინდაო, ისე მეჩქარებოდა მისი სურვილის ასრულება, ძაღლი განვადებით ვიყიდე... ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ლილიკო კარგად მიიღებდა სანის, ვნერვიულობდი მხოლოდ იმაზე, რომ ამ ჯიშს ტკივილის შეგრძნება არა აქვს და ვერ მოზომავს, ისე შეიძლება თამაშისას ხელი შემოეღეჭოს. მაგრამ ბავშვთან მიმართებაში სულ სხვანაირად იქცევა. ძალიან მშვიდად და ფრთხილად გაივლის მის სიახლოვეს, ჩემთან ასე ფრთხილად კი არ გაივლის, გამიტანს, გადამდგამს და ისე გავა.
ნუცამ ორსულობის საკმაოდ ადრეულ ვადაზე დათმო სამსახური. თუმცა უმოკლეს ხანებში აპირებს კვლავ დაუბრუნდეს ტელეეთერს.
„ძალიან ცოტა დრო დამრჩა დაბრუნებამდე, მაგრამ არ ვიცი, როგორი ვიქნები, ასე მგონია, რაღაც შეიცვლება“ - ამბობს ნუცა ქავთარაძე.