"ჰარმონიულ, მოსიყვარულე ოჯახში იშვიათად იჩენს თავს გენდერული იდენტიფიკაციის პრობლემა" - სპეციალისტის აზრი რა ასაკიდან იწყებენ ბავშვები გენდერის გარჩევას, თუ პატარა ასაკიდანვე გოგო ბიჭივით იქცევა ან პირიქით, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და ვის უნდა მივმართოთ, როდესაც გარკვეული შეკითხვები და პრობლემები ჩნდება? არის თუ არა მართებული მოსაზრება, რომ მოზარდის სქესობრივი იდენტიფიკაციის პრობლემები უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის, აღზრდის, მშობლების ბრალია? ამ თემებზე პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ „პიკის“, დირექტორი, ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე გვესაუბრება.
- გენდერული როლების მიღებას ბავშვები სკოლამდელი ასაკიდან იწყებენ. გენდერი - ეს არის სოციალური მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ადამიანები განსაზღვრავენ ცნებებს „მამაკაცი“ და „ქალი“. გენდერული მიდგომის მიზანია ბიჭების და გოგონების ისე აღზრდა, რომ განვითარების და თვითრეალიზაციის თანაბარი პირობები ჰქონდეთ.
ფსიქოლოგებმა იციან, რომ სქესობრივი იდენტიფიკაციის პროცესი დაბადების მომენტიდან იწყება. როგორც კი მშობლები ბავშვის სქესს გაიგებენ, მათი დამოკიდებულება შესაბამისად იცვლება.ზრდასთან ერთად, მშობლები მისი სქესისთვის შესბამის მოთხოვნებს უყენებენ და ახალისებენ ქცევებს, რომელიც კონკრეტული სქესისთვისაა მისაღები. თუ ბავშვის ქცევა მის გენდერულ როლს არ შეეფერება, მშობლემი მკაცრად რეაგირებენ (მაგ. „ბიჭები არ ტირიან“, „გოგო ნაზი უნდა იყოს“...). პირველადი გენდერული იდენტობა - საკუთარი სქესობრივი კუთვნილების გააზრება - ბავშვს უკვე წლი-ნახევრის ასაკში უყალიბდება. სქესობრივი კუთვნილება სამი წლის ასაკისთვის უკვე მკვეთრად გამოხატულია და გარდამავალ ასაკში საბოლოოდ სრულდება.
- თუ პატარა ასაკიდანვე გოგო ბიჭივით იქცევა ან პირიქით, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
- სქესობრივი იდენტობის დარღვევა შეიძლება ძალიან ფართო დიაპაზონის იყოს. რას გულისხმობს ეს დარღვევები? - ეს არის მდგომარეობა, როცა ინდივიდის სქესობრივი თვითგამორკვევა არ ემთხვევა ბიოლოგიურ სქესს და ცვლილების სურვილს აჩენს. სქესობრივი ქცევის ჩამოყალიბებაში დედ-მამის მოდელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამ მოდელებს ბაძავს ბავშვი და თუ დადებით განმტკიცებას იღებს, სქესობრივი როლის იდენტიფიკაცია ბუნებრივად მიმდინარეობს. გენდერული კონფლიქტების ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება იყოს სიყვარულის დეფიციტი, რომელიმე მშობლის გარდაცვალება ან მშობელთა განქორწინება, სიმკაცრე, ღირებულებათა აღრევა, ოჯახური კონფლიქტები.
ცხოვრებაში ხშირად გვხვდებიან ფემინური მამაკაცები და მასკულინური ქალები. იშვიათ შემთხვევებში, ფიზიოლოგიური ნიშნები თანდაყოლილია, თუმცა აღზრდა დიდ როლს თამაშობს სქესთან იდენტიფიკაციის ფორმირებაში.
- მართლაც ხშირად ამბობენ, რომ პრობლემა აღზრდაშია და არა ადამიანის თვითიდენტიფიკაციაში. ანუ მშობლები ხანდახან გოგონებივით ექცევიან ბიჭებს, ან პირიქით - გოგოს ოჯახში ბიჭურად ზრდიან.
- ძლიერი, მასკულინური ქალები შვილებს ადვილად იმორჩილებენ პატარა ასაკში, თუმცა უკვე სასკოლო ასაკიდან საქმიანი, ძლიერი ქალის შვილები აღარ ემორჩილებიან დადგენილ წესებს, პრობლემები უჩნდებათ მასწავლებლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისას. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ქალების ქმრები ნაკლებად ასრულებენ მამის და ქმრის ფუნქციებს. მათ შვილებს დეფიციტი აქვთ ნორმალური ოჯახის, უარს ამბობენ, კარგები და წარმატებულები იყვნენ, რითაც ცდილობენ დედას მშობლის ფუნქციები დაუბრუნონ. არანაკლები პრობლემები იქმნება დომინანტი მამაკაცის ოჯახშიც, სადაც ქალის როლი დაკნინებულია. ასეთ ოჯახებში ხშირია გოგონებისთვის მამაკაცური თვისებების წახალისება, ან ბიჭისთვის მუდმივი წინააღმდეგობის გაწევა, რათა ლიდერის ფუნქციები მამას არ ჩამოერთვას. ხანდახან აბსოლუტურად ქალური ქალებიც ძალიან მჭიდრო ემოციურ კავშირში არიან თავიანთ ბიჭებთან. ეს სიმბიოზი კი იქამდე მიდის, რომ ბიჭს უყალიბდება ქცევის ქალური მოდელები, რომელიც არა მარტო თანატოლებს, არამედ მამასა და ძმასაც აღიზიანებს. მისი განდევნა „მამაკაცური“ წრიდან კიდევ უფრო ამძიმებს პრობლემას. ბიჭები, გამოკვეთილი ფემინურობით კიდევ უფრო მეტად საჭიროებენ მშობლებისა და თანატოლების მხრიდან აღიარებას, რათა ჩამოუყალიბდეთ მყარი მამაკაცური იდენტობა. თუმცა რეალურად ცხოვრებაში პირიქით ხდება ხოლმე. მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის ძირითადი გამომწვევი მიზეზი სწორედ გენდერული კონფლიქტია, რომელიც სათავეს ბავშვობიდან იღებს. პარადოქსულია, მაგრამ ქალური ქალების ვაჟები უფრო მამაკაცურები არიან, ვიდრე მასკულინური (მეტისმეტად ძლიერი და ძალაუფლების მოყვარული) ქალების შვილები. მოკლედ, უამრავი მიმართულება შეიძლება განვიხილოთ. ერთი რამ ფაქტია, ჰარმონიულ, მოსიყვარულე ოჯახში ძალიან იშვიათად იჩენს თავს გენდერული იდენტიფიკაციის პრობლემა.
- ვის უნდა მივმართოთ პრობლემების დროს?
- თუ მშობელი ატყობს, რომ მის შვილს სქესთან იდენტიფიკაციის პრობლემები აქვს, სასურველია ფსიქოლოგს მიმართოს, განსაკუთრებით ოჯახურ ფსიქოთერაპევტს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიაგნონ და შეცვალონ ოჯახში არსებული ქცევის მოდელები. დაუშვებელია ბავშვის დადანაშაულება და ამ კუთხით განგაშის ატეხვა.
არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება ქალური და მამაკაცური თვისებების ჩამოყალიბებას, ეს ბუნებრივი პროცესია. მთავარია, ხელი არ შევუშალოთ.
- ზოგიერთ ქვეყანაში 9-10 წლის ასაკის ბავშვს თუ აქვს სურვილი, იყოს სხვა სქესის და ასეთივე ქცევები აქვს, ხელს უწყობენ. მაგალითად, ბრიტანეთის სამედიცინო დაზღვევის ფონდი სქესის შეცვლის მსურველ 9 წლის ბავშვებზე წამლების უფასოდ გაცემას იწყებს. ეს მედიკამენტები ე.წ. ტუბერტატულ, ანუ სასქესო ნიშნების გამოხატვის პერიოდს აფერხებს. ეს წამლები იმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სქესობრივი იდენტობის დარღვევა აღენიშნება. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე გაუცხოებულნი არიან საკუთარი სხეულის მიმართ და მის შეცვლაზე ოცნებობენ. ამისთვის კი სრულწლოვანობამდე უწევთ ლოდინი. რას ფიქრობთ ამ თემაზე?
- როცა დარღვევები ფიზიოლოგიური ხასითისაა, შესაძლებელია ეს მიდგომა გამართლებულიც იყოს. ზოგადად, სრულწლოვანებამდე არ მგონია ასეთი რადიკალური ჩარევის უფლებას ექიმები საკუთარ თავს აძლევდნენ. სრულწლოვან ადამიანს კი, ბუნებრივია არჩევანის უფლება აქვს.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე
ასევე იხილეთ: ნაზი ბიჭი და ვაჟკაცი გოგო - არის თუ არა ეს პრობლემა