ქალაქ თბილისის 131-ე საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის გაცილებისას სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს და მათთვის იცეკვეს. როგორც სკოლის დირექტორი ხათუნა ენუქიძე გვეუბნება, ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ და ვიდეოსაც დადებითი შეფასებები მოჰყვა:
"მე-4 კლასი, რეგულაციების სრული დაცვით, სკოლის ეზოში პატარა ღონისძიებას გეგმავდა. როდესაც დამრიგებლებმა ინიციატივის შესახებ მითხრეს, გამიჩნდა იდეა, ბავშვებისთვის ეს დღე კიდევ უფრო გაგვეხალისებინა. გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მოგვეწყო მათთვის სიურპრიზი. მუსიკა შევარჩიეთ, ცეკვის მასწავლებელს დახმარება ვსთხოვეთ და მხოლოდ ოთხი რეპეტიციით დავდგით. ცეკვას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა ადამიანმა მოიწონა და გააზიარა. ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ და მშობლებისგანაც სასიამოვნო კომენტარები მივიღეთ. უამრავი ადამიანი გვეხმაურებოდა სხვადასხვა კუთხიდან და მოწონებას გამოხატავდა“, - ამბობს ხათუნა ენუქიძე.
თამარ იაკობაშვილი