არჩევანი ისეთ კერძებს უნდა მიანიჭოთ, რომ ბავშვმა დღესასწაულიც იგრძნოს და ამავე დროს, მენიუს მკვეთრმა ცვლილებამაც არ ავნოს საახალწლო სუფრის მზადებისას ბავშვების მენიუც უნდა გაითვალისწინოთ. არჩევანი ისეთ კერძებს უნდა მიანიჭოთ, რომ ბავშვმა დღესასწაულიც იგრძნოს და ამავე დროს, მენიუს მკვეთრმა ცვლილებამაც არ ავნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბავშვს მოუნელებლობის პრობლემა შეექმნას.
ახალი წელი ყველასთვის ლამაზი და გამორჩეული დღესასწაულია. ამ ჯადოსნურ ღამეს ბავშვებს მეტ თავისუფლებას ვანიჭებთ - შეუძლიათ ტელევიზორს შუა ღამემდე უყურონ, ღამით ქუჩაში ფეიერვერკები მოაწყონ და დასაძინებლად გამთენიისას დაწვნენ. არა უშავს, ბავშვური რეჟიმის ერთჯერადი დარღვევით მათ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. სამაგიეროდ, სადღესასწაულო სუფრიდან შეიძლება ერთჯერადად ჭამოს ისეთი რამ, რაც მის კუჭ-ნაწლავს ძვირად დაუჯდება. ამ დროს მაიონეზით, ცხიმითა და ცომეულით გაჯერებული კერძები ხომ უხვად გვაქვს სუფრაზე. ამიტომ საახალწლო მენიუ ბავშვის მოთხოვნებსაც უნდა მოარგოთ ან შეიძლება ცალკე შეადგინოთ საბავშვო საახალწლო სუფრა.
რა შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვებს
ბოსტნეულის სალათები
სტაფილო, მოხარშული კარტოფილი, ხახვი, ბოლოკი - დაჭერით, ერთმანეთში აურიეთ, ცოტა ზეთი მოასხით, მარილით (სვანური მარილი უხდება განსაკუთრებულად) შეკმაზეთ, ცოტა მწვანილიც მოაყარეთ, კიდევ აურიეთ და სალათის ფურცლებზე გაანაწილეთ. შეგიძლიათ საახალწლო ატრიბუტებითაც მორთოთ. ძალიან ლამაზი, ცოცხალი და სასარგებლო კერძი გამოგივათ.
ასეთივე სალათაა, ძალიან გემრიელი, რომელსაც ხშირად "ვინეგრეტსაც" უწოდებენ, სასარგებლოცაა და გემრიელიც.
მისი ინგრედიენტებიც ჯანსაღი და სასარგებლოა: მოხარშული კარტოფილი, ლობიო, ჭარხალი, სტაფილო, ცოცხალი ხახვი, ბოლოკი (ან მწნილი), ზეთი და სუნელები გემოვნებით (იხილეთ რეცეპტი).
ქათამი და თევზი
ბავშვებისთვის ყველაზე შესაფერისი ღუმელში შემწვარი ქათამი ან თევზია. ამ კერძს არც ცხიმიანი სოუსი და არც მოხრაკვა არ სჭირდება. სამაგიეროდ, ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. არომატისთვის შეიძლება ქათამს ნიორწყალიც მოასხათ ან ქინძი და ოხრახუში მოაყაროთ. გარნირად კარტოფილის პიურე მოუხდება. ასვე მოთუშული ბოსტნეული. განსაკუთრებულად ამშვენებს საახალწლო სუფრას ტოლმა, რომელიც ასევე თავისუფლად შეგიძლიათ, პატარებს აჭამოთ - რასაკვირველია, თუ საქონლის ხორცისგან არის მომზადებული.
ხილი
პირველ რიგში მანდარინი - ეს ციტრუსი, პრაქტიკულად, ახალი წლის სიმბოლოა (თუ ალერგია არ აქვს ციტრუსზე), ასევე ფორთოხალი, ვაშლი, ბანანი, კივი. ჯობია დაუჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხილი დაკბეჩილი უფრო დაგხვდებათ, ვიდრე შეჭმული. და ზომიერება დაიცვათ.
ღვეზლები და ფუნთუშები
ღვეზლები ჯობია ღუმელში გამოაცხოთ და არა ცხიმიან ტაფასა თუ ფრიტიურში. გულსართად ხილფაფა, ხორცი ან ყველი გამოიყენეთ. ტრადიციული ხაჭაპური და ლობიანიც მშვენიერი ვარიანტია.
დესერტი
ვაშლის ღვეზელი, თათარა, ჩურჩხელა, ნაირ-ნაირი ჩირები, ქიშმიში შესანიშნავი დესერტია საახალწლო სუფრისთვის. ცოტა გოზინაყი და მოხალული თხილიც შეიძლება. ნამცხვრები ჯობია შინ დაამზადოთ მეტ-ნაკლებად ნატურალური ინგრედიენტებით და კარაქის კრემით.
დიდების კერძები ბავშვებისთვის
ყველი
ზედმეტად მარილიანი ყველი სასურველი არ არის. თამამად შეგიძლიათ მისცეთ სულგუნიც (არაშებოლილი).
ხორცეული
აჭამეთ ტოლმა, ჩაქაფული, ხორციანი ბლინები. ოღონდ მხოლოდ საქონლის ხორცით დამზადებული. გოჭის ხორცი, ბატკანი და ღორის ხორციანი საჭმელები სასურველი არ არის.
ოლივიე
ეს სალათი თამამად შეიძლება ქართული სადღესასწაულო სუფრების ერთ-ერთ სიმბოლოდ მივიჩნიოთ. სამწუხაროდ, ეს კერძი ბავშვებისთვის შეუფერებელია, უფრო სწორად, მისი ტრადიციული ვარიანტია შეუფერებელი. გარკვეული კორექტივების შემთხვევაში კი ბავშვსაც შეგიძლიათ გაასინჯოთ. ილივიე რომ საბავშვოდ აქციოთ, ამისათვის მაიონეზი უცხიმო იოგურტით ან არაჟნით შეცვალეთ.
ეცადეთ, ნაკლებად მიირთვას ბავშვმა გაზიანი სასმელები, არ მიიღოს "ხალადეცი", ბევრი ძეხვეული, ლორი, მეტისმეტად დატვირთული კერძები.