ზაფხულში საკვებისმიერი ინტოქსიკაცია განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ზოგიერთი პროდუქტი სწრაფად ფუჭდება. ამავე სეზონზე ვირუსული ინფექციების შემთხვევებიც იზრდება და მშობლებს სიმპტომებით ძალიან უჭირთ გარჩევა. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვიყვება, რა სიმპტომები ახასიათებს კვებით ინტოქსიკაციას, როდისაა ექიმის ჩარევა აუცილებელი და როგორ უნდა გაარჩიოთ ის ვირუსისაგან:
- ზაფხულის პერიოდში საკვებისმიერი ინტოქსიკაცია იზრდება, რაც რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, მალფუჭებადი პროდუქტების სწორი შენახვისა და მოხმარების წესებია დარღვეული. ასევე, განსაკუთრებით საკურორტო სივრცეებში, როდესაც ადამიანები გარეთ მიირთმევენ, შესაძლოა შეჭამონ ისეთი პროდუქტი, რომელიც, ერთი შეხედვით, უწყინარია, მაგრამ სწრაფადფუჭებად ინგრედიენტებს შეიცავდეს და ამან გამოიწვიოს ინტოქსიკაცია. საყურადღებოა რძის პროდუქტები - ყველი, რძე, ხაჭო, ასევე, მაიონეზი, კვერცხი და ასე შემდეგ. ამიტომ, ძალიან მნიშველოვანია, რომ შენახვის პირობები დავიცვათ.
- ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ საზამთრომ გამოიწვია ინტოქსიკაცია.
- საზამთროც შესაძლებელია ინტოქსიკაციის წყარო გახდეს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საზამთროთი მოწამვლის მიზეზი არ არის ის, რომ გაფუჭებულია. თუ ხელს კარგად არ დავიბანთ, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემა. ნაწლავური ინფექცია შესაძლებელია დაგვემართოს იმიტომ, რომ ჰიგიენურ ნორმებს არ დავიცავთ. ზღვაზე ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც წყლიდან ამოსვლისას, ხელების დაბანვის გარეშე, მიირთმევენ გარკვეულ პროდუქტებს.
- რა სიმპტომები ახასიათებს საკვებისმიერ ინტოქსიკაციას?
- საკვებისმიერი ინტოქსიკაციისათვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი. შეიძლება ერთი საათიდან ექვს საათამდე დაიწყოს. არის მოგვიანებითი რეაქცია, რომელიც თორმეტ საათში იწყება, თუმცა უფრო ხშირად, საშუალოდ, სიმპტომები სამ საათში ვლინდება. ეს შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, გულის რევა, რომელსაც თან ერთვის ღებინება, ტემპერატურის მატება, 38-39 გრადუსამდე, შეიძლება განვითარდეს დიარეა, თავის ტკივილი. ხშირ შემთხვევაში, რაიმე სპეციფიკური ჩარევა არ სჭირდება. თუმცა, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დაცვა აუცილებელია. ორგანიზმის დეჰიდრატაცია რომ არ მოხდეს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ. ბავშვებთან დიარეისა და ღებინების ფონზე, შესაძლებელია დეჰიდრატაცია სწრაფად განვითარდეს და მისი დროული შევსება სითხით ვერ მოვახერხოთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვაია, რომ მშობლები პროცესს ყურადღებით დააკვირდნენ. თუ ბავშვს ხანგრძლივად უგრძელდება ღებინება და სითხეს ვერ იღებს, ასეთ დროს აუცილებელია, პედიატრს მიმართონ და მდგომარეობა შეაფასონ.
- პირველადად, გარდა სითხეების მიღებისა, რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა?
- ბავშვი მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს. თუ მაღალი ტემპერატურა აქვს, სიცხის დამწევი უნდა მივცეთ. არის ელექტროლიტების ნაკრები, რომელიც მხოლოდ სითხეს კი არა, ასევე იმ საჭირო მინერალებს შეიცავს, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია. შეგვიძლია ის დავალევინოთ. სხვა შემთხვევაში, სახლში მკურნალობის გაგრძელება არ არის რეკომენდებული.
- მაღალი ტემპერატურა შეიძლება საკვებით მოწამვლამ გამოიწვიოს თუ ეს უკვე ნიშნავს, რომ ბავშვს ვირუსი აქვს?
- შესაძლებელია, საკვებისმიერ ინტოქსიკაციასაც მაღალი ტემპერატურა ახლდეს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ტემპერატურა, მაქსიმუმ, 24 საათის განმავლობაში გრძელდება. თუ ტემპერატურა გახანგრძლივდა რამდენიმე დღის განმავლობაში, უნდა ვიფიქროთ, რომ საკვებისმიერი ინტოქსიკაცია არ არის და ვირუსთან გვაქვს საქმე.
- როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა, საკვებისმიერი ინტოქსიკაციაა თუ ენტეროვირუსია გამოხატული?
- რაც შეეხება ვირუსებს, რომლებიც გასტროენტერიტით ანუ ნაწლავის ანთებით მიმდინარეობს, ახასიათებს გახანგრძლივებული ტემპერატურა. საკვებსმიერ ინტოქსიკაციას უფრო უეცარი დასაწყისი აქვს და ცოტა ხანს გრძელდება. საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, თუ არ არის ძალიან ძლიერი ტოქსინით გამოწვეული, რაც იშვიათია, ადამიანისათვის მაქსიმუმ, 24 საათის განმავლობაში იწვევენ დისკომფორტს. ხოლო, რაც შეეხება ვირუსს, რომლებიც გასტროენტერიტებს იწვევენ, ის უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს. ამიტომ, დაავადების მიმდინარეობითა და ხანგრძლივობით შეგვიძლია გავარჩიოთ. კლინიკური ნიშნების მიხედვით გარჩევა მარტივი არ არის და ამას სპეციალისტი სჭირდება. ახლა ორივე შემთხვევითაა მომართვიანობა გაზრდილი, თუმცა უფრო მეტ შემთხვევას აგვისტო-სექტემბერში ველოდებით, როდესაც ადამიანები ზღვიდან ბრუნდებიან.
თამარ იაკობაშვილი