ენათმეცნიერი, ცნობილი მთამსვლელის ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მის თავს გადახდენილ ამბავზე წერს:
"წუთშესვენება უნდა გამოვიყენო და ეს დავწერო.
...
ჯერ მეგონა, რომ იმისთვის გადავრჩი, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, მომეთხრო სხვებისთვის და თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა...
იმდენად გრძელი აღმოჩნდა გზა რეანიმაციის "ზედა სართულიდან" ფეისბუკურ ოხშივრამდე, რომ ეს სურვილი შეგნებულად ჩავახშე ჩემში. არ იყო ადვილი მაშინ, მაგრამ ჯერ ალღომ, მერე გარემოზე დაკვირვებამ მიკარნახა. ბოლოს გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ოდესმე იქნებ მოიტანოს სიტყვამ და ვთქვა.
ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ - რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო? რატომ დაემსგავსეთ საკუთარი ლეკვების მჭამელ იშვიათ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის?!
სინამდვილეში, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც "ორშაბათიც შაბათია" ამ ქვეყანაზე!
მოკლედ, ვიწყებ აქა-იქა გახსენებას. თანმიმდევრული აღწერის არც დრო მაქვს, არც ძალა.
მოკლედ, გამიგრძელდა.
ვაგიფა 20-22 წლის აზერბაიჯანელი გოგონაა. ჩემ მარჯვნივ, კახის შემდეგ წევს, ფანჯარასთან. სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა, ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას. ჯერ არც ვიცი, რომ ვაგიფაა... კვნესის. მაფხიზლებს და უცნაურ ძალას მაძლევს მისი კვნესა. მავიწყდება წუთით ჩემი გასაჭირი და მისკენაა მთელი ჩემი ყურადღება მობილიზებული. ფრაგმენტებად ვაგროვებ "მიხვედრებს": ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იგუდება. ვერ სუნთქავს. ტირის. ქართული არ იცის. სულ ცოტა რუსული. ექთნებმა რუსული არ იციან. ვიღას ახსოვს საკუთარი ფილტვების 23 თუ 24-ქულიანი დაზიანება (ვინ გეტყვის მართალს): ვაგიფა! უნდა ჭამო! რაღაც მაინც უნდა შეჭამო, ასე თქვა ექიმმა! გავძახი რუსულად. - არ შემიძლია! - მპასუხობს, თან ხველა ახრჩობს! - ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვატან რაღაცას, არც მახსოვს რას. ალბათ ხილს? ხაჭაპურს? - ვერ ვიხსენებ. ერთ-ორ ლუკმას ჭამს. არ შეუძლია, ტირის. ისე ტრიალებენ, ისე შფოთავენ, ისე დასტრიალებენ, მგონი... ღმერთო! არა! - ვაგიფა! - ვყვირი მთელი ხმით, - ისუნთქე, ღმად, ღრმად ისუნთქე, არ გაჩერდე!.. - არა, ვაგიფა! ბავშვს რა ჰქვია, რა დაარქვი გოგონას? - გავყვირი ისევ (მაინც ვერავის გავაღვიძებ). - არ ვიცი, ვერ მოვასწარი სახელის დარქმევა, - მპასუხობს ძალაგამოლეული, თითქოს ახლა გაახსენდა, რომ სახელი არ აქვს მის შვილს. ვხვდები, რომ გამოცოცხლდა. ლოყებზე ფერი დაეტყო. - ვაგიფა, საყვარელო, ახლა ის მარტოა, შეშინებულია, მისთვის უნდა გადავრჩეთ, მეც და შენც. არ მიატოვო, არ მიატოვო, ვაგიფა! - ყველა დაძახებაზე კრთება და თვალს ძალისძალად ახელს. - ვაგიფა, ელაპარაკე, ელაპარაკე შენს შვილს. უთხარი, რომ გიყვარს. უთხარი, რომ გადარჩები, დამპირდი, რომ არ მოკვდები! ვაგიფა!
...
სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამდენი დღის შემდეგ, ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ რომ ჩამოაფარეს შირმა და მერე ადგილი გათავისუფლდა, ვაგიფა ჩუმად, ხვეწნით ეუბნება ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტიოტე...
აუხსნეს, რომ ამ ფანჯარასთან თურმე იმიტომ წევს, რომ გინეკოლოგმა, რომელიც ბლოკში ვერ შემოდის, ფანჯრიდან ნახოს და შეაფასოს მისი ჭრილობები. დანანებით გადმომხედავს. სუსტი, იისფერი ღიმილით მიღიმის.
...
მალე გადაჰყავთ სხვა პალატაში.
მადლიერების მზერით მემშვიდობება. რა იცის, მე რა მადლიერი ვარ. რამხელა როლი აქვს ჩემს გადარჩენაში.
მაშინ არ მიტირია. ახლა ვწერ და ვტირი. მაქვს უფლება..."