"ფსიქოლოგიური მომენტია, რომ შენი წლოვანება სწორად აღიქვა და ბოლოს და ბოლოს მიხვდე, რამდენი წლის ხარ! ნაოჭი არ არის ტრაგედია... მეც მაქვს ნაოჭი ყელის არეში, თვალთან და ამით ვამაყობ! ძალიან არასწორია 40-ს პლუს ასაკში აბსოლუტურად პლასტმასის სახე გქონდეს!" - ამბობს ევროპის ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე წყალში ხტომაში, ულამაზესი ნანა ნებიერიძე. იგი საზოგადოებას ყველაზე მეტად პროექტიდან "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაამახსოვრდა... ყოფილი სპორტსმენი მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურება.
მახსოვს, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე წასასვლელად ვემზადებოდით, იმ პერიოდში პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე და წასვლის წინ კანცელარიაში, პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა გვქონოდა. საგანგებო გამოსასვლელი კოსტიუმი და ქვედაბოლოები გვეცვა, შლაპებიც - ულამაზესი ფორმის იყო... ბებიამ გამოწყობილი რომ დამინახა, მითხრა, "ჩულოჩკები" ჩაიცვიო. იგი რუსულენოვანი გახლდათ და ვერც მივხვდი, რისი ჩაცმა მირჩია... თურმე, კოლჰოტს გულისხმობდა და გადავირიე, 40 გრადუსი სიცხე იყო, იწვოდა თბილისი და კოლჰოტს რა ჩამაცმევდა?!. ჩემს აღშფოთებას ბებიას საყვედური მოჰყვა: როგორ შეიძლება ამ დონის მიღებაზე ქალი შიშველი ფეხებით მიხვიდეო...
მისგან ნასწავლი მეორე უმთავრესი რამ დღემდე წესად მაქვს! სადაც უნდა წავიდე - ქორწილში, დაბადების დღეზე, პრეზენტაციაზე, ჯერ აუცილებლად გემრიელად უნდა ვისადილო! სულ მეუბნებოდა, ასეთ ადგილებზე ჭამა არ შეიძლება, მხოლოდ რამე უნდა გასინჯოო... გამორიცხულია, სადმე მივიდე და წინასწარ გემრიელად დანაყრებული არ ვიყო! ალბათ ახლა ამას რომ წაიკითხავენ, დაიწყება ჩემი დაბულინგება, მაგრამ რა ვქნა, ბებიამ ბავშვობიდან ასე მიმაჩვია.
მერწმუნეთ, სახეზე საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ჩემთვის მთავარია სრულფასოვანი ძილი! ყოველთვის ვიძინებ საღამოს ცხრა ან ათ საათზე, ჩემი დილა კი ექვსზე იწყება... არავინ თქვას, რომ გამოუძინებელ სახეს ინიექციები ან რამე შველის! თუ შინაგანად დასვენებული არ ვარ, ნამდვილად ვიცი, გარეგნობაზე ეს ცუდად აისახება.
თავის მოვლის მხრივ ყველაზე აუცილებელი ძლიერი ნებისყოფაა! დღეს ყველაფერი იმდენად გამარტივებულია, ყოველდღიურ რუტინას მაქსიმუმ სამი წუთი სჭირდება! შენ თუ შენი სხეულის და სახის მოვლისთვის სამ წუთს ვერ გამონახავ, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი?! უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და ყველაფერი გამოგივა! იხილეთ სრულად