ექიმები "კლასობანას", "წრეში ბურთის", "ცხელი კარტოფილისა" და ეზოს სხვა თამაშების შედეგებზე საუბრობენ - რა კავშირი აქვს ამას გონებრივ განვითარებასთან - მშობლები

ექიმები "კლასობანას", "წრეში ბურთის", "ცხელი კარტოფილისა" და ეზოს სხვა თამაშების შედეგებზე საუბრობენ - რა კავშირი აქვს ამას გონებრივ განვითარებასთან

2021-08-09 07:55:09+04:00

თანამედროვე ბავშვებში განვითარების შეფერხება არცთუ იშვიათად შეინიშნება. ფაქტი აწუხებს როგორც მშობლებს, ასევე სპეციალისტებს. მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა იყოს.

ეზოში თამაშის სარგებლიანობა

ბავშვის განვითარებისათვის ცხოვრების ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია. მაგალითად, შემეცნებითი სფერო რომ ნორმალურად განვითარდეს, მას მოტორული უნარები უნდა ჰქონდეს. წვრილი მოტორიკა მეტყველების განვითარებაზეცაა პასუხისმგებელი.

უახლოეს წარსულში ბავშვები განვითარების შეფერხებისაგან დაცულები იყვნენ, რადგან ეზოში თამაშობდნენ. თითქმის ყველა ის თამაში მიმართული იყო გონებრივი ფუნქციების ჩამოყალიბებაზე, ყურადღების, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის განვითარებაზე. გარდა ამისა, სკოლებსა და ბაღებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები მიმართული იყო სენსომოტორული ელემენტების კორექციაზე. ყველა ის, თუნდაც მსუბუქი აქტივობა, ტვინის ვარჯიშსაც უწყობდა ხელს და ბავშვს განვითარებაში ეხმარებოდა.

თუმცა, ახლა ყველაფერი ისე აღარაა, როგორც წარსულში იყო

თანამედროვე ბავშვებს ნაკლებად გაუმართლათ, ეზოში სათამაშოდ უფრო იშვიათად ჩადიან. ადრე კი უამრავ თამაშს იგონებდნენ, მაგალითად "კლასობანა" , "ცხელი კარტოფილი", "დახუჭობანა", "დროშობანა" და სხვა, რაც მათში კონცენტრაციისა და მოხერხებულობის უნარს ზრდიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს წარსულს ჩაბარდა. ალბათ, ხშირად ვერ ხედავთ ბავშვებს, რომლებიც მსგავსი აქტივობებით კავდებიან. შედეგად კი უამრავი პრობლემა გაჩნდა. ბავშვებს უჭირთ კონცენტრირება, დაწყებით კლასებშივე უამრავ გამოწვევას ხვდებიან, ცუდად წერენ და ახერხებენ ადაპტაციას.

იმისათვის, რომ შვილები მსგავსი პრობლემებისგან დაიცვათ, გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება და მათაც გაუზიარეთ. გაუშვით ეზოში სათამაშოდ, ჯერ ხომ ფიზიკურად გავარჯიშდებიან, ასევე სხვა უამრავ საჭირო უნარს შეიძენენ, რასაც სმარტფონებიდან და კომიუტერიდან ვერ ისწავლიან.

გარდა ამისა, თუ მთელი ოჯახი ჩაერთვებით თამაშის პროცესში, ეს დაგეხმარებათ, უფრო დაუახლოვდეთ საკუთარ შვილს და მყარი ურთიერთობაც ჩამოგიყალიბდებათ. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ:

mshoblebi

"დიახ/არა არ თქვა"

ამ გუნდური თამაშის მთავარი სარგებელი არის ის, რომ ანალიტიკურ აზროვნებას, კონცენრაციას, ყურადღებასა და მეტყველების ფუნქციას ასტიმულირებს. თამაშის წესი კი ასეთია: მინიმუმ 2 ადამიანია საჭირო, თუ მეტი იქნებით, მაშინ წამყვანიც შეგიძლიათ დანიშნოთ. ამ თამაშში საგნის აღსაწერად აკრძალულია "დიახ" ან "არა" პასუხის გაცემა. ასევე, აკრძალულია შავი და თეთრი ფერების ხსენება. როცა მონაწილე გკითხავთ, პასუხად "შესაძლებელია" ან "ალბათ" შეგიძლიათ თქვათ. თამაში გრძელდება, ვიდრე მოთამაშეს "აკრძალული სიტყვები" არ წამოსცდება. მერე კი როლს ცვლიან.

კლასობანა

ამ თამაშის სარგებელი არის ის, რომ ბავშვში ყურადღებას, მოტორულ ფუნქციებს, მოხერხებულობას ავითარებს.

ასფალტზე ცარცით დახაზეთ ცხრილი და ჩაწერეთ ციფრები 1-დან 10-მდე. პატარა კუბები უნდა იყოს, რომ გადახტომისას ბავშვს ფეხები ჩაეტიოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრტყელი ქვა ან სხვა ნივთი. ქვა ბავშვმა ციფრების მიმართულებით უნდა ისროლოს, ჯერ პირველ უჯრაში ჩააგდოს, შემდეგ დანარჩენებში და თან იხტუნოს, ხან ცალ ფეხზე, ხან ორივეზე. თან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არც ქვა გავარდეს დახაზული ცხრილიდან და არც მას დაედგას ფეხი ხაზზე.

რეზინობანა

ეს თამაში ბავშვებში სხვადასხვა მოტორულ უნარს ავითარებს, რაც ლამაზად წერაში დაეხმარებათ.

ორი მოთამაშე ერთმანეთის პირისპირ დგება, ელასტიურ რეზინს ფეხებზე შემოიჭერენ და ფეხს მხრების გასწვრივ წევენ. მესამე მოთამაშე კი იწყებს ხტუნვას, სხვადასხვა მოძრაობას აკეთებს ისე, რომ რეზინს არ შეეხოს. რეზინის სიმაღლეც სულ უფრო მაღლა იწევს და თამაში რთულდება.

წრეში ბურთი

თამაშის მთავარი სარგებელი არის ის, რომ განუვითაროს ბავშებს კონცენტრაციისა და მოხერხებულობის უნარი. წესი კი ასეთია: ორი გუნდი 5-7 მეტრის რადიუსით დგება. გუნდიდან შერჩეულია ორი მსროლელი. ჯერ ერთი გუნდი შედის წრეში, ბურთს ესვრიან და რომელ მოთამაშესაც მოხვდება, წრიდან გადის. ასე გრძელდება, ვიდრე წრეში ერთი ბავშვი არ დარჩება. ვინც ბურთს ხელში დაიჭერს, შეუძლია გავარდნილი მოთამაშე თამაშში ისევ დააბრუნოს. ასევე, ბოლო მოთამაშე თუ იმდენჯერ მოახერხებს ბურთს თავი აარიდოს, რამდენი წლისაცაა, მაშინ გამარჯვება მათია და კვლავ თავიდან იწყება თამაში.

ჩემი ოქრო ჩემთან

თამაში ანალიტიკურ უნარებს ავითარებს და ყურადღების ხარისხს ზრდის. წესი კი ასეთია. მოთამაშეები ხელის გულებით აერთებენ ხელებს. ერთ-ერთს აქვს ბეჭედი ან სხვა პატარა ნივთი, სათითაოდ ჩამოუვლის მონაწილეებს და ერთ-ერთის ხელში მოათავსებს ნივთს. შემდეგ სკამს მოშორდება და დაიძახებს, რომ ბეჭდის მფლობელი გამოვიდეს. ამ დროს მთავარი ამოცანაა, რომ მას, ვისაც ბეჭედი აქვს ხელში, სწრაფად გადასცეს სხვას, ხოლო სხვა მოთამაშეების ამოცანაა, რომ ამის უფლება არ მისცენ.

ცხელი კარტოფილი

თამაში მოტორულ უნარებს, ყურადღებასა და მოხერხებულობას ავითარებს. ბავშვები წრეში დგებიან და ერთმანეთს ბურთს გადაუგდებენ. შესაძლებელია, ამ დროს დაიყვირონ "ცხელი". ვისაც ბურთს გადაუგდებენ, უნდა დაიჭიროს, ხოლო თუ ვერ დაიჭერს, წრის ცენტრში აღმოჩნდება და ადგომის უფლება არ ექნება. მოთამაშეს თავის დახსნის უფლება ექნება, თუ მის თავზე მფრინავ ბურთს ადგომის გარეშე, ხელების მაღლა აწევით დაიჭერს.

ასწავლეთ ბავშვებს მსგავსი თამაშები, ეს მათ უფრო ლაღსა და ყურადღებიანს გახდის. თუ ჩაკეტილია, სხვებთან ურთიერთობის შემდეგ გაიხსნება და კომუნიკაციასაც დაამყარებს, ისწავლის კოორდინაციას და სხვა ბევრ მნიშვნელოვან უნარს შეიძენს.