თანამედროვე ბავშვებში განვითარების შეფერხება არცთუ იშვიათად შეინიშნება. ფაქტი აწუხებს როგორც მშობლებს, ასევე სპეციალისტებს. მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა იყოს.
უახლოეს წარსულში ბავშვები განვითარების შეფერხებისაგან დაცულები იყვნენ, რადგან ეზოში თამაშობდნენ. თითქმის ყველა ის თამაში მიმართული იყო გონებრივი ფუნქციების ჩამოყალიბებაზე, ყურადღების, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის განვითარებაზე. გარდა ამისა, სკოლებსა და ბაღებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები მიმართული იყო სენსომოტორული ელემენტების კორექციაზე. ყველა ის, თუნდაც მსუბუქი აქტივობა, ტვინის ვარჯიშსაც უწყობდა ხელს და ბავშვს განვითარებაში ეხმარებოდა.
თუმცა, ახლა ყველაფერი ისე აღარაა, როგორც წარსულში იყო
თანამედროვე ბავშვებს ნაკლებად გაუმართლათ, ეზოში სათამაშოდ უფრო იშვიათად ჩადიან. ადრე კი უამრავ თამაშს იგონებდნენ, მაგალითად "კლასობანა" , "ცხელი კარტოფილი", "დახუჭობანა", "დროშობანა" და სხვა, რაც მათში კონცენტრაციისა და მოხერხებულობის უნარს ზრდიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს წარსულს ჩაბარდა. ალბათ, ხშირად ვერ ხედავთ ბავშვებს, რომლებიც მსგავსი აქტივობებით კავდებიან. შედეგად კი უამრავი პრობლემა გაჩნდა. ბავშვებს უჭირთ კონცენტრირება, დაწყებით კლასებშივე უამრავ გამოწვევას ხვდებიან, ცუდად წერენ და ახერხებენ ადაპტაციას.
იმისათვის, რომ შვილები მსგავსი პრობლემებისგან დაიცვათ, გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება და მათაც გაუზიარეთ. გაუშვით ეზოში სათამაშოდ, ჯერ ხომ ფიზიკურად გავარჯიშდებიან, ასევე სხვა უამრავ საჭირო უნარს შეიძენენ, რასაც სმარტფონებიდან და კომიუტერიდან ვერ ისწავლიან.
გარდა ამისა, თუ მთელი ოჯახი ჩაერთვებით თამაშის პროცესში, ეს დაგეხმარებათ, უფრო დაუახლოვდეთ საკუთარ შვილს და მყარი ურთიერთობაც ჩამოგიყალიბდებათ. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ:
ასფალტზე ცარცით დახაზეთ ცხრილი და ჩაწერეთ ციფრები 1-დან 10-მდე. პატარა კუბები უნდა იყოს, რომ გადახტომისას ბავშვს ფეხები ჩაეტიოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრტყელი ქვა ან სხვა ნივთი. ქვა ბავშვმა ციფრების მიმართულებით უნდა ისროლოს, ჯერ პირველ უჯრაში ჩააგდოს, შემდეგ დანარჩენებში და თან იხტუნოს, ხან ცალ ფეხზე, ხან ორივეზე. თან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არც ქვა გავარდეს დახაზული ცხრილიდან და არც მას დაედგას ფეხი ხაზზე.
ორი მოთამაშე ერთმანეთის პირისპირ დგება, ელასტიურ რეზინს ფეხებზე შემოიჭერენ და ფეხს მხრების გასწვრივ წევენ. მესამე მოთამაშე კი იწყებს ხტუნვას, სხვადასხვა მოძრაობას აკეთებს ისე, რომ რეზინს არ შეეხოს. რეზინის სიმაღლეც სულ უფრო მაღლა იწევს და თამაში რთულდება.
ასწავლეთ ბავშვებს მსგავსი თამაშები, ეს მათ უფრო ლაღსა და ყურადღებიანს გახდის. თუ ჩაკეტილია, სხვებთან ურთიერთობის შემდეგ გაიხსნება და კომუნიკაციასაც დაამყარებს, ისწავლის კოორდინაციას და სხვა ბევრ მნიშვნელოვან უნარს შეიძენს.