უელსის მცხოვრები რეინერ დევისი საკმაოდ ადრე გახდა დედა და სულ მალე, ორი შვილით, მარტოც დარჩა. იძულებული გახდა, დამოუკიდებლად ეშოვა ფული საარსებოდ და ნაქირავები სახლის გადასახადებისთვის.
"მშობლებს ვთხოვდი ფულს, რომ გაზის და ელექტროენერგიის გადასახადი გადამეხადა. როცა ჩემი გოგონა წლინახევრის გახდა, მოხუცთა თავშესაფარში წავედი სამუშაოდ, სადაც 16 საათი ვმუშაობდი, - ამბობს 36 წლის რეინერი, - მერე უთოობა დავიწყე - ტანსაცმლით სავსე ტომარის დაუთოებაში 12 სტერლინგს მიხდიდნენ. დილის 4 საათზე ვდგებოდი, რომ სანამ ბავშვებს სკოლაში წავიყვანდი, მანამდე მომესწრო უთოობა.
ზოგიერთ კლიენტს მოეწონა რეინერის მუშაობის სტილი და სთხოვეს, მათ სახლებში ევლო დასალაგებლად:
"მივხვდი, რომ მოთხოვნა იყო ჩემზე. რამდენიმე თვეში უკვე კვირაში 200 გირვანქა სტერლინგს ვიღებდი, ამიტომ დამატებით სამუშაოზე უარი ვთქვი".
განცხადებების გამოქვეყნება დაიწყო ადგილობრივ გაზეთებში და პოტენციური კლიენტების სახლების კარებზე, თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობდა. ერთ წელიწადში 6000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა და თანამშრომლებიც აიყვანა. მისმა კომპანიამ A&R Cleaning Services სწრაფად მოიპოვა წარმატება - დღესდღეობით სპეციალიზებულია ოფისების, ავტომანქანების სალონებისა და ბანკების დალაგებაზე.
"2018 წელს ჩემი ფირმის ბრუნვამ 1,2 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. 300 ხელქვეითი მყავს და ყველანი გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, წელიწადში ერთხელ. ვინც დამლაგებლად დაიწყო, ახლა მენეჯერებად მუშაობენ".