ექიმები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. გამონაკლისი არც საქართველოა თუმცა ჩვენთან ფეხმძიმე ქალბატონები დიდად არ აქტიურობენ. მითუმეტეს იკავებენ თავს ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვაქცინაციისგან.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი ერთ-ერთი უცხური სამშობიარო კლინიკის პოსტს აზიარებს, სადაც ახალშობილი ბიჭუნა კოვიდსაწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტით არის ფოტოზე აღბეჭდილი.
„ამ პატარა ბიჭუნას დედა ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში აიცრა. ვაქცინა არ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, მაგრამ ანტისხეულები გადიან! ფაქტობრივად, დედამ მას საკუთარი იმუნიტეტი გაუზიარა, რასაც ანტისხეულების ტესტიც მოწმობს“ - ნათქვამია ფოტოს მინაწერში.
„დედის ვაქცინაციის შედეგად დედის ორგანიზმში წარმოქმნილი ანტისხეულები გადადიან ბავშვის ორგანიზმში და მასაც იცავენ SARS-CoV-2-ინფექციისგან!კოლეგებო, განსაკუთრებით მეან-გინეკოლოგებო, ურჩიეთ ორსულებს ვაქცინაცია, თქვენ ორი ადამიანის სიცოცხლე გაბარიათ და თითოეული თქვენი რჩევით ორივეზე აგებთ პასუხს,“ - წერს თამარ ჟამურაშვილი.