როგორც იცით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდება. ბევრმა მშობელმა მოგვმართა ჩივილით, რატომ არ იხსნება სკოლები და ბაღები, იმ ფონზე, როცა, მაგალითად, ცეკვის წრეზე გარკვეული რაოდენობის ბავშვის შეკრება შესაძლებელია. დასაშვებია თუ არა სახელოვნებო წრეებისა და სპორტული სკოლების მუშაობა, კითხვით შრომის ინსპექციას მივმართეთ:
"სარეპეტიციო საქმიანობები შეზღუდული არ არის, ასევე დასაშვებია სპორტული წვრთნებიც, თუმცა აღნიშნული მაყურებლის მონაწილეობის გარეშე, რეგულაციების დაცვით, უნდა ჩატარდეს. შეზღუდვების შემოღება და მოხსნა ერთმნიშვნელოვნად საკოორდინაციო საბჭოს ეხება, სადაც ყველა უწყება შედის, არგუმენტებს აჯერებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, რატომ არ იხსნება სკოლები და რატომაა ნებადართული სახელოვნებო წრეებისა და სპორტული სკოლების მუშაობა, ვერ გეტყვით. შრომის ინსპექცია მხოლოდ დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს ახოციელებს."- გვითხრეს უწყებაში.
სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებები კი ასე გამოიყურება:
სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან; დააწესეთ სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით; შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ დაუშვათ 10 (ათი) ადამიანზე მეტი; იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 მ 2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის; სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 2 (ორი) საათს; უზრუნველყავით ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა მინიმუმ 1 – 1,5 საათი; ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით; გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა; უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება; აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია; კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, მიკროფონის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით; o იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
თამარ იაკობაშვილი