"ბედნიერება იტალიურად" - სწორედ ასე აღიქმებოდა ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტი მთელ მსოფლიოში, წლების განმავლობაში. მილიონობით მაყურებელი ღიმილიანი შეჰყურებდა ამ შეყვარებული ცოლ-ქმრის ლამაზ სიმღერებს და თავადაც ბედნიერებას განიცდიდა. ისინი მართლაც ბედნიერები იყვნენ და მათმა ბედნიერებამ თითქმის 25 წელს გასტანა, მერე კი მოულოდნელად დაიმსხვრა... მათი ქალიშვილის მოულოდნელმა გაუჩინარებამ მათი ქორწინება შეიწირა...
ბიჭს მკაცრად ზრდიდნენ და სჯეროდათ, რომ გაიზრდებოდა, მათ საქმეს გააგრძელებდა - მესაქონლეობითა და მეღვინეობით დაკავდებოდა. თუმცა ბიჭი მუსიკამ გაიტაცა. ჯერ კიდევ 12 წლისა კომპოზიტორობდა. როგორც კი 16 წლის გახდა, დატოვა მშობლიური სახლი და მილანში გაეშურა, რომ მომღერალი გამხდარიყო. საკმაოდ რთული იყო მისი გზა წარმატებისკენ, ოფიციანტადაც მუშაობდა და უბრალო მუშადაც და მხოლოდ 6 წელიწადში მიაღწია საწადელს - იტალიურ სასიმღერო კონკურსში გაიმარჯვა და პირველი კონტრაქტიც გააფორმა.
რომინა ფრანჩესკა პაუერი კი 1951 წელს დაიბადა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობების ტაირონ პაუერისა და ლინდა კრისტიანის ოჯახში. პოპულარობა თავიდანვე არ აკლდა და ბავშვობიდან მისი ფოტოები პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.
5 წლის იყო, როცა მშობლები გაიყარნენ და მისი ბედნიერი ბავშვობაც დასრულდა. მალე მამა გარდაიცვალა. ის და უმცროსი და დარჩნენ დედასთან, რომელიც ახალი როლებისა და რომანების ძიებაში გამუდმებით მოგზაურობდა.
რომინას აღიზიანებდა დედის ცხოვრების წესი, ამბოხებას აწყობდა მის წინააღმდეგ და ლინდა იძულებული გახდა, გოგონა ინგლისუს დახურულ სკოლაში გაეშვა სასწავლებლად. თუმცა მალე, გაცდენებისა და უსაქციელობის გამო იქიდან გამოაგდეს. დედამ გადაწყვიტა, სხვა გზა ეცადა შვილის "მოსათოკად" და კინოსინჯები მოუწყო. სინჯებმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა რომინას მუსიკა ბევრად მეტად იტაცებდა. მანაც მოზარდობის ასაკიდან დაიწყო მუსიკის წერა, როცა დაბადების დღეზე გიტარა აჩუქეს. 14 წლისას უკვე სადებიუტო ფირფიტა ჰქონდა.
დედას მაინც უნდოდა, გოგონა კინომსახიობი გამხდარიყო. მიაჩნდა, რომ მისი გარეგნობა ძალიან მომგებიანი იქნებოდა მომავალი კარიერისთვის. 16 წლისას მართლაც უკვე იწვევდნენ ცნობილი კინორეჟისორები თავიანთ პროექტებში. ასე აღმოჩნდა იტალიაში, სადაც უნდა შეესრულებინა როლი ფილმში "მზეზე".
გარშემო მყოფები მხრებს იჩეჩდნენ, არ ჯეროდათ, თუ როგორ მოხიბლა ამ ტანდაბალმა და არც ისე ლამაზმა, მასზე 8 წლით უმცროსმა ალ ბანომ ეს მშვენიერი გოგონა. რა თქმა უნდა, დედამაც საშინლად გააპროტესტა ეს ურთიერთობა და მათი ქორწნების წინააღმდეგიც იყო. არანაკლებ აპროტესტებდნენ ალ ბანოს მშობლები - ამერიკელი მსახიობი გოგონა სულაც არ მიაჩნდათ მათი შვილისთვის ღირსეულ საცოლედ.
თუმცა ქორწინება მაინც შედგა. გოგონამაც მალე იპოვა საერთო ენა დედამთილ-მამამთილთან და თავიც შეაყვარა.
ქორწილი 1970 წელს შედგა, როცა ალ ბანო 27 წლის იყო, რომინა კი - 19-ის. "როცა ვქორწინდებოდით, მესმოდა, როგორ ენაძლევებოდნენ გარეთ მდგომი ჟურნალისტები ერთმანეთს, რამდენ კვირას ან თვეს გასტანდა ჩვენი ქორწინება..." - იხსენებდა მოგვიანებით რომინა.
თუმცა მათ ყველა პროგნოზი გააბათილეს და ძალიან დიდხანს იცხოვრეს ერთად.
ოთხ თვეში წყვილს ქალიშვილი ილენია შეეძინა, 1972 წელს - ვაჟი იარი. 13 წლის მერე, რომინამ გოგონა კრისტელი გააჩინა და კიდევ ერთ წელიწადში - პატარა რომინა.
ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ ერთად. არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ საქმიანობაშიც - 1975 წელს გამოვიდა მათი პირველი ერთობლივი დისკი. შემდეგ უკვე იტალიას წარმოადგენდნენ "ევროვიზიაზე", ხოლო როცა სან-რემოს ფესტივალზე აიღეს პირველი ადგილი, სუპერპოპულარულები გახდნენ.
ტრაგედია კი მათ უფროს ქალიშვილს შეემთხვა და ამ ამბავმა ეს ბედნიერი ოჯახიც საბოლოოდ დაანგრია.
ილენია მარია სოლე კარიზი მშვენიერი გოგონა იყო. მშობლებისგან მუსიკალური და სამსახიობო ნიჭი ჰქონდა.
ადრეული ასაკიდან გახდა პოპულარული - კინოში იღებდნენ, გადაცემებში მონაწილეობდა, ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ხანდახან მამასთან ერთად დუეტშიც მღეროდა.
გოგონას ენებისადმიც ჰქონდა მიდრეკილება, იცოდა ბევრი ენა და თავისუფლად ლაპარაკობდა და წერდა ამ ენებზე.
ერთხელ, უნივერსიტეტის მორიგი სემესტრის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა, ცოტა ხნით შეეწყვიტა სწავლა და ემოგზაურა. თანაც, უჩვეულო გზა აირჩია მოგზაურობისთვის - მარტოს უნდა ევლო, ბარგის გარეშე, ფაქტობრივად, უფულოდ და უბილეთოდ. 1993 წელს დაიწყო ეს გზა ავტოსტოპით და ამერიკისა და მექსიკის ნაწილი გაიარა. 24 წლის ილენია ამბობდა, რომ ასე სურდა ცხოვრების, ადამიანების შესწავლა და სურდა გაეზიარებინა უსახლკაროების, მაწანწალების ბედი, რომ მერე მიღებული გამოცდილება და მასალა თავისი წიგნის დასაწერად გამოეყენებინა.
1994 წელს, წინასაახალწლოდ, ახალ ორლეანში იყო. ბოლოს მამას ესაუბრა 1-ელ იანვარს, 6 იანვარს კი სასტუმროდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით ძიებამ დაადგინა, რომ ნომერში მარტო არ ცხოვრობდა, არამედ მეგობართან - ვინმე 54 წლის აფროამერიკელ ალექსანდრ მასაკელასთან. გოგონა მას ერთგვარ გურუდ, სულიერ მასწავლებლად მიიჩნევდა და მას ასე უწოდებდა - "ჩემო ბატონო".
მასაკელა ქუჩის მუსიკოსი იყო და არაერთხელ ეჭვმიტანილი ნარკოტიკების გამოყენება-გასაღებაში, ასევე დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამონაწილეობაში. მოწმეების ჩვენებების თანახმად, მან ილენიაც მიაჩვია ნარკოტიკებს და ბოლო პერიოდში ძალიან უცნაურად იქცეოდა.
გოგონას ძებნაში პოლიცია ჩაერთო. მასაკელა დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ვერ წარუდგინეს და გაათავისუფლეს. კაცი ამბობდა, რომ მათ იმ საღამოს იჩხუბეს, გოგონა ნომრიდან წავიდა და არ დაბრუნებულა. მას მერე ის არ უნახავს.
ყველამ ჩათვალა, რომ გოგონამ მოგზაურობა განაგრძო, თუმცა მისგან არავითარი ცნობა აღარ მოსულა. ალ ბანომ მასაკელას 100 მილიონი დოლარიც კი შესთავაზა, თუ ილენაზე რამეს ეტყოდა, მაგრამ მასაკელამ უარი თქვა ფულზე, გათავისუფლების მერე კი საერთოდაც გაუჩინარდა.
სამი კერძო დეტექტივი, ინტერპოლი, სიცილიური მაფია, მეგობრები, ნაცნობები... ყველა მონაწილეობდა ილენიას ძებნაში, ამოწმებდნენ ყველაფერს - უსახლკაროთა თავშესაფრებს, ნარკომანების თავშეყრის ადგილებს, ყველგან განათავსეს ფოტოები, დააწესეს ფულადი ჯილდო, თუმცა ილენია არც მკვდარი გამოჩნდა და არც ცოცხალი.
თითქმის 20 წელი გრძელდებოდა ილენიას ძებნა, მაგრამ არაფერი გარკვეულა. ამასობაში ჩნდებოდა ახალი ვერსიები.
მორიგ ეჭვმიტანილად იქცა ტრაილერის მძღოლი, რომელიც სერიული მკვლელი იყო - მას რამდენიმე გოგონა ჰყავდა მოკლული, რომლებიც ავტოსტოპით მგზავრობდნენ. 1994 წელსაც მოუკლავს მას გოგონა და პოლიციელები მიიყვანა იმ ადგილას, სადაც მოკლული დამარხა. თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს არ იყო ილენიას ცხედარი და სულ სხვა გოგონას ეკუთვნოდა.
ბოლოს და ბოლოს, უმრავლესობა, მათ შორის, ალ ბანოც, შეთანხმდნენ იმ ვერსიაზე, რომ ილენია, ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ხიდიდან გადახტა ან გადავარდა მდინარე მისისიპიში. მამამ გაიხსენა, რომ ერთი წლით ადრე გეგმავდა გოგონა ამ მდინარის გადაცურვას. იანვრის იმ ღამეს მოწმეც იყო, რომელიც ამბობდა, რომ დაინახა, როგორ გადახტა გოგონა მდინარეში, თუმცა 1994 წელსვე ეს ვერსია უარყვეს, რადგან ცხედარი ვერ იპოვეს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მისისიპი სავსეა ალიგატორებით და ძლიერი დინებაა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ოფიციალურად ძებნა 2013 წელს შეწყდა. გოგონა გარდაცვლილად გამოაცხადეს და მშობლებს გარდაცვალების მოწმობა გადასცეს. ამ დროს ალ ბანო და რომინა უკვე გაყრილები იყვნენ. მათ ვერ გადაიტანეს ერთად ეს ტრაგედია და 1999 წელს განქორწინდნენ. მათმა ლეგენდარულმა დუეტმაც შეწყვიტა არსებობა.
განქორწინების მერე რომინა ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. მარტო ცხოვრობს, წერს და ხატავს. ალ ბანო იტალიაში დარჩა. მცირე ხანს მარტო ცხოვრობდა, 2000 წელს კი ჟურნალსტი ლორედანა ლეჩიზო გაიცნო და მასთან ორი შვილიც გაუჩნდა. თუმცა მოგვიანებით მასაც დაშორდა.
წლების შემდეგ წყვილი ხნდახან მაინც ჩნდებიან ერთად. მათ იწვევენ სხვადასხვა საღამოზე, კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად და ხანდახან ამ შეთავაზებას თანხმდებიან.
რაც შეეხება მათ შვილებს, 47 წლის იარი მარკო წარატებული მუსიკოსია, 34 წლის კრისტელი - დიზაინერი, 32 წლის რომინა - მსახიობი და ფოტოგრაფი.