წლების წინ ქართული მედია წერდა, თუ როგორ გაჰყვა ქართველი თავადის ასული გერმანელ ჰერცოგს ცოლად... დღესდღეისობით ნანა ანდრონიკაშვილი, იგივე პრინცესა ფონ-საქსენ ალტენბურგი, მეუღლე - ჰანს პრინც ფონ საქსენ-ალტენბურგი და მათი შვილი - მარიამ პრინცესა ფონ საქსენ-ალტენბურგი გერმანიაში, ჰანოვერში ცხოვრობენ...
ნანა ანდრონიკაშვილი გერმანიიდან გვიანი დედობის უდიდესს ბედნიერებაზე გვესაუბრა და განსაცვიფრებელი ისტორიაც გვიამბო...
- ჩემი და ჩემი მეუღლის გაცნობის ისტორია აგერ უკვე თითქმის 22 წელია უამრავჯერ დაიწერა, ამიტომ ზედმეტად აღარ შეგაწყენთ თავს გამეორებით... მხოლოდ ჩემი მეუღლის ციტატას მოვიყვან: „ჩვენი შეხვედრა ზეცაში დაიგეგმა და ზეცაშივე შევხვდითო.“ ეს წინადადება დღესაც აქტუალურია. იყო ოფიციალური ნიშნობა, ხელის თხოვნა საქართველოში, საჯარო ნიშნობა ჩემი პრემიერის მერე თეატრალური საზოგადოების სცენაზე, მეუღლის დედასთან შეხვედრა და ბევრი სხვა ოფიციალური მიღება ჩვენ საპატივსაცემოდ, რასაც ლეიტმოტივად მოყვებოდა ჩემი თუ მეუღლის ახლობლების მხრიდან საუბარი ჩვენს მემკვიდრეზე, რომელიც ორივე ტრადიციულ ოჯახს, რასაკვირველია უნდოდა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან აქტიურიურად ვცხოვრობდით, ამერიკაში, სამსახური, ბიზნესი, მოგზაურობა და ალბათ გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური სტრესიც თან დამყვებოდა, რომ დრო გადიოდა შვილი კი არ მიჩნდებოდა. იყო ორი ოპერაცია ამერიკაში და დარწმუნდნენ, რომ არაფერი ფიზიოლოგიურად არ მჭირდა. პარალელურად გაუთავებელი მკურნალობები საქართველოში. ისმოდა ფრაზები“ იქნებ აიყვანოთ შვილი“, რაც ერთი წამითაც არ დამიშვია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მეყოლენოდა. ბოლოს 2010 წელს, მეთორმეტე წლს, გადავწყვიტე საბოლოოდ ჩავიტარებ მკურნალობას, დავლევ ამ ჰორმონებს და მერე მეტი აღარ გავაკეთებ არაფერს, რადგან დედაჩემმა, რომელსაც რასაკვირველია ძალიან უნდოდა შვილიშვილი, მთხოვა, აღარ გინდა ამდენი ნერვიულობა, დაანებე ყველაფერს თავიო... ასევე უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, ჩემს მეუღლეს არასოდეს უთქვამს არაფერი ჩემთვის. უბრალოდ, ჩვენი უამრავი მოგზაურობისას ყოველთვის მივყავდი ისეთ ეკლესიებში თუ ისტორიულ ადგილებში, სადაც სურვილები უხდებოდათ იქ მიმსვლელებს. ერთს გავიხსენებ, რომში, ერთ ადგილას მიმიყვანა და მითხრა, ხელი შეყავი და ჩაუთქვი რაც გინდა და შეგისრულდებაო. ეს ადგილი ალბათ ყველამ კარგად იცით ფილმ „რომაული არდადეგებიდან“, გრიგორი პეკს რომ მიჰყავს ოდრი, ხელს რომ შეაყოფინებს და მერე აშინებს. ასე უხმოდ მეხმარებოდა ჩემი მეუღლე. ასეთი ქმედებებით სტრესი ნამდვილად მომიხსნეს დედაჩემმა და მეუღლემ, რისთვისაც მადლობელი ვარ...
მოკლედ დედაჩემი მირეკავს გერმანიაში, რომ ტაო-კლარჯეთში მიდის მისი ახლობელი პატარა ჯგუფით და თვითონაც უნდა წასვლა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია. მე დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ დათანხმდეს, რამოდენიმე დღეში ჩამოვფრინდები და მეც წამოვალ! მართლაც ჩამოვფრინდი თბილისში და დედამ მითხრა, რა კარგია, ახლა 2-3 დღე გვაქვს დრო, მოდი წავიდეთ მამა გაბრიელის საფლავზე და ილოცე მის საფლავზეც და მერე კი წავალთ ტაო-კლარჯეთშიო. ფანატიკოსი ბუნებით არ ვარ, ვინც მიცნობს დამეთანხმება, უბრალოდ ვიცი , რომ ღმერთი ყოველთვი ჩემთან არის და ვცდილობ შეძლებისდაგვარად რწმენით ვიცხოვრო . წავედით მამა გაბრიელის საფლავზე, ვილოცეთ, არ ვიცი რა დამემართა, ფიქრებში წასული რამდენხანს ვიჯექი, იქ, როდესაც დედამ ხელი დამადო მხარზე, მოვიხედე და აღარავინ იყო ჩვენს გარდა და მხოლდ ერთი მონაზონი იდგა და მიყურებდა. დედასთვის უკითხავს, როგორი ჩაფიქრებულია და დედაჩემსაც უთქვამს , დიახ, დიდი ხანია შვილი უნდაო, რომ გამეგო არ ვათქმევინებდი ალბათ. მონაზონმა ძალიან უბრალოდ მითხრა, შვილო ახლა აქ არავინ არ არის მოდი, დაწექი მამა გაბრიელის საფლავზე და კიდევ ერთხელ თხოვეო. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ დავწექი, ძალიან მესიამოვნა, მალევე ავდექი და წამოვედით. მერე წავედით ტაო-კლარჯეთში, ჩამოვედით და მალევე აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვარ, დეტალებს აღარ გავაგრძელბ, ჩემს მეუღლეს დავურეკე, დიდხანს არ ჯეროდა, მალევე ჩამოვიდა, ერთად ვნახეთ ეხოზე, რომ ტყუპი გოგონები იყვნენ. სიტყვით ძნელია იმ სიხარულის გადმოცემა. მოკლედ ორსულად დავბრუნდი გერმანიაში. თუმცა ბედნიერებას ყოველთვის ახლავს გამოცდები, ექვსი თვის რომ ვიყავი, ექიმთან დაგეგმილი ვიზიტისას, აღმოაჩინეს რომ ინფექცია მქონდა და ანტიბიოტიკები დამინიშნეს არ არის საშიშიო. მაგრამ ორ დღეში მაღალი სისცხით ცუდად გავხდი და ჩემმა მეუღლემ სასწრაფოდ საავადმოფოში მიმიყვანა სადაც უთხრეს ,მეუღლე რომ გადაგირჩინოთ ხელი მოგვიწერეთო, იშვიათი ინფექციაა, 100 წელიწადში ერთხელ გვხვდება და სწრაფად ვითარდებაო... საკეისრო გამიკეთეს მეც და ორივე ტყუპიც გადავრჩით , პირველი და უფროსი მარიამი ჯამრთელი იყო მეორე კი სამწუხარო ისედაც პატარა იყო და პრობლემებით, ამაზე ახლაც ვერ ვილაპარაკებ, ექიმებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს თუმცა 7კვირისამ მაინც დაგვტოვა. ექიმები და ჰანსი გაოგნებულები იყვნენ ჩემი სიძლიერით, ერთი წამით არ გამომიხატავს სისუსტე. მე მარიამს ვჭირდები მხიარული და ძლიერი ვთქვი და იმწამიდან გავხდი ძლიერი დედა, ახალი ადამიანი დავიბადე და ამის მერე მოვდივართ მე და მარიამი ასე ერთად, ერთი წამი არ ვყოფილვართ უერთმანეთოდ და მე ყოველდღე ღმერთის მადლობელი ვარ ამისთვის. ეს ისეთი საჩუქარია, რომ მეტი რა უნდა ვისურვო. ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა, მარიამი რომ პატრიარქის ნათლულია...
ეს ის პასუხისმგებლობაა, რასაც შენ იღებ იმ მომენტიდან როდესაც გადაწყიტავ რომ შვილი გინდა. მარიამის გაჩენის წამიდან დამავიწყდა წინა ცხოვრება. ვთვლი, რომ დედობა, ეს არის ჩემი ყველაზე უფრო მთავარი და ღირებული სამსახური. რადგან აქ ყველაფერი ორმხრივია, რასაც გასცემ იმწამსვე იღებ მისგან. მარიამი ჩემგან სწავლობს და მე მარიამისგან. ჩვენ ყოვრლდღე ვსწავლობთ და ერთად ვიზრდებით მიხარია, რომ ყველფერი, კულტურა , ტრადიცია, ცოდნა, რაც ჩემი მშობლებისგან მიმიღია მარიამში ვდებ, ასევე ჩემი მეუღლის მხრიდან არსებულ ტრადიციებს და კულტურასაც ვაზიარებთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი მისიის შედეგი იქნება მარიამი, ქართულ-გერმანული კულტურის საუკეთესო ნაზავი.
ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომ ჩემი მაგალითი, დიდი სტიმული გამხდარა ბევრი ადამიანისთვის. ამიტომაც ახლა მინდა ყველა ქალბატონს გავუზიარო ჩემი გამოცდილება. ძნელია ადამიანს უთხრა, გვიან გააჩინე შვილიო, მაგრამ მე რაც ჩემს თავზე გამოვცადე იმას გიზიარებთ. პირველი - არასოდეს, არასოდეს არ ჩაიქნიოთ ხელი, არაფერზე, მითუმეტეს შვილის გაჩენაზე. მეორე, მე „ გვიან“ არ ვიცი რა პარამეტრებით ითველება გვიან, მაგრამ მაინც, მე გვიან დავორსულდი და გავაჩინე შვილი, რთული იყო? კი რთული იყო. მაგრამ მეორე მხარეს იმდენი პლიუსები მივიღე. მე მქონდა ცხოვრებისეული გამოცდილება, მქონდა უკვე კარიერა, სამუშაო, მოვლილი მქონდა თითქმის მთელი მსოფლიო და ამიტომ უპრობლემოდ, სიხარულით დავუთმე მთელი ჩემი დრო მარიამს! რა მივიღე? მარიამის გაჩენის მერე ფიზიკურად და სულიერად მინიმუმ ათი- თხუთმეტი წლით გავახალგაზრდავდი! დავიბადე მეორედ, ვიზრდები მ არიამთან ერთად, ვსწავლობ უამრავს ყოველდღე, როგორც მარიამი, ეს ორმხრივი სიამოვნებაა! და აღმოვაჩინე, რომ თურმე ვარ ფიზიკურად და სულიერად, მორალურად ძალიან ძლიერი ადამიანი , რომ არ მეშინია არაფრის ამქვეყნად, რომ მარიამის გამო მთებს გადავდგავ. აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი რამ თუ შემეძლო. და რომ უფრო მეტად ვებრძვი უსამართლობას ყველგან ხმამაღლა, შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოში. რატომ, იმიტომ რომ მინდა მარიამმა უკეთეს, დაცულ და ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაში იცხოვროს და ყველაფერი რაც მე ჩემი წინაპრებისგან მივიღე და მას გადავეცი , მარიამმა თავის შთამომავლებს გადასცეს. მართლა მინდა , რომ ჩვენი შვილების თაობას მივცეთ ამის შესაძლებლობა გააგრძელოს და გადასცეს. არასოდეს არ დაკარგოთ რწმენა და იმედი.
მანანა გაბრიჭიძე