შემოდგომის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი ელოდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლას. როგორც ცნობილია, კორონავირუსისა და გრიპის სიმპტომები ხშირად ჰგავს ერთმანეთს, ამიტომაც მოსახლეობა ამ გზით ცდილობს თავდაცვას. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ვაქცინა არ შემოუტანიათ, არც დაზუსტებული ინფორმაცია აქვთ, როდისთვის შემოვა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას წინასწარ აცნობებენ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უფასოდ ცრის რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს. მათ შორის არიან:
დიაბეტის მქონე პირები დიალიზზე მყოფი პირები C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები ორსულები სამედიცინო პერსონალი და სხვა სხვა სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული ჯგუფები; გადავწყვიტეთ, გადაგვემოწმებინა ქვეყნის მასშტაბით რომელიმე სააფთიაქო ქსელმა ან კლინიკამ ხომ არ შემოიტანა ვაქცინა და რა ღირს. რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით.
პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში გვითხრეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ელოდებიან, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. არც ფასთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია.
ავერსში ვაქცინის შემოსვლას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან, თუმცა დაზუსტებული თარიღი და ფასი არც მათ იციან წინასწარ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ პსპ-ს, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში. ზუსტი თარიღი და ფასი მათ შემთხვევაშიც უცნობია.
თამარ იაკობაშვილი