ბავშვის სქესობრივი აღზრდის თემა თანამედროვე მშობლებში არაერთგვაროვან დამოკიდებულებებს იწვევს. მეან გინეკოლოგი ნინო ოქროპირიძე სწორი სქესობრივი აღზრდის და ბავშვისთვის ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მომხრეა. ის სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება:
მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება ისეთ თემებზე როგორიცაა: სქესობრივი განვითარება, ინტიმური ჰიგიენა, სქესთა შორის ურთიერთობები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა, აბორტი). სექსუალური განათლების თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ (მაგალითად, ინსტიტუცია, ქუჩა), ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
- ბავშვს შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს ფილმის ნახვის, თანატოლებისგან გაგებული ინფორმაციის, მისთვის უცნობი სიტყვების მოსმენის ფონზე. როდესაც ბავშვი იწყებს შეკითხვების დასმას, უმჯობესია ინფორმაციის მიწოდების ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს მშობელმა/აღმზრდელმა, რადგან სხვა შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი მიიღებს ინფორმაციას სხვა წყაროებიდან (ეზო, ქუჩა), რბილად რომ ვთქვათ, შეცვლილი/დამახინჯებულ ფორმით.
ინფორმაციის მიღება პირველ რიგში, უნდა იყოს მოზარდის მოთხოვნილება. რაც შეეხება ასაკს, ის არ არის მკაცრად განსაზღვრული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკი არ უნდა იყოს გათვალისწინებული მისი მიწოდებისას. ინფორმაციის მიწოდების ეფექტურობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის წამყვანია მისი სწორად მიწოდების უნარი, ურთიერთობები შვილსა და მშობლებს შორის, ოჯახის წევრების შეთანხმებული მოქმედება სქესობრივი განათლების საკითხებთან მიმართებაში.
სიახლის მიწოდება არ არის მარტივი პროცესი და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, მშობლის მზაობა ესაუბროს შვილს და მეორეს მხრივ, ის თუ რამდენად ფლობს საჭირო ინფორმაციას თავად მშობელი. როდესაც მშობელი არ არის მზად შვილთან ამ საკითხებზე გულახდილად საუბრისათვის, ის თავს არიდებს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ან იწყება მისტიური ისტორიების მოყოლა, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და შესაბამისად, ბავშვი იღებს დამახინჯებულ ინფორმაციას.