აჭარის გასტრონომიული კულტურა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. განსაკუთრებით, მაღალმთიანი აჭარის სამზარეულო, რომელიც ორმაგად მძიმე, თუმცა ისეთი მადისაღმძვრელია, რომ გასინჯვისგან თავის შეკავებას ვერავინ ახერხებს.
მთაში ტრადიციები და ჩვეულებები უფრო დიდხანს რომ ნარჩუნდება, ყველამ ვიცით. საუკუნეების განმავლობაში ბევრი ცრურწმენისა და უძველესი ჩვეულებების დამსახურებით არაერთი უგერმიელესი კერძი ემატებოდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ცრურწმენები ქრება, კერძებს სახელები ეკარგება, ხშირად, არა მხოლოდ სახელი, არამედ კერძიც ქრება. ახალმა თაობამ მისი აღარც სახელი იცის, აღარც გემო და აღარც ის, რომ ოდესღაც ის კერძი მისი კუთხის ხალხის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგალითად, ასეთია „გოგოს ფაფა“ და „ბიჭის ფაფა“.
ამ წესს ახლა არც ისე ბევრი ოჯახი იცავს, თუმცა ძველად საკმაოდ გავრცელებული და აუცილებელი იყო. ბავშვის დაბადებას ოჯახში სიხარული შემოჰქონდა. სიხარულის გაზიარება ხომ ადამიანის წესია, ამიტომ დაბადებიდან მალევე ოჯახში სტუმრებს იწვევდნენ, რომლებსაც ფაფით უმასპინძლდებოდნენ. დიახ, ფაფით, რომლის სახელსაც პატარას სქესი განსაზღვრავდა. ასე გაჩნდა აჭარულ ოჯახში „გოგოს ფაფისა“ და „ბიჭის ფაფის მომზადების ტრადიცია“ – ერთგვარი რიტუალი ბავშვის დასალოცად, მისი ბედნიერი და დღეგრძელი ცხოვრებისთვის, სიძლიერისა და გონიერების სიმბოლო. შესაბამისად, დალოცვის ტექსტიც ასეთივეა. სტუმარი მიირთმევს ფაფას და ამბობს: უფალმა დალოცოს, ჯანმრთელი და სასახელო გაზარდოსო.
„ბიჭის ფაფას“ ბრინჯით მომზადებულ ფლავს უწოდებენ. ზოგი ქიშმიშით ამზადებს, ზოგიც – კარაქში მოთუშული ვაშლით და მაწონთან ერთად მიირთმევენ.
უფრო დიდ ყურადღებას იქცევს „გოგოს ფაფა“. აჭარაში ხუმრობენ, რომ იგი იმდენად გემრიელია, ბიჭის დაბადების დროსაც „გოგოს ფაფას“ ამზადებენო. ამ რეცეპტმა, შესაძლოა, „პურის ფაფა“ მოგაგონოთ, რომელიც ასევე მთიან რეგიონებშია გავრცელებული. განაგრძეთ კითხვა