ერთი თვის წინ, მოცეკვავე თინათინ წულაძე დედა გახდა. ვის პატივსაცემად დაარქვა შვილს სახელი, როგორ ემზადებოდა დედობისთვის, როგორი ბებია-ბაბუა არიან მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე?.. - თინათინი ამ ყველაფერზე პირველად "გზის" მკითხველს ესაუბრება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ინტერვიუდან.
- მეუღლე მშობიარობას დაესწრო? - რა თქმა უნდა, დაესწრო. მშობიარობა რომ დამეწყო, პირველი წუთიდან ბავშვის დაბადებამდე სულ ჩემთან იყო. ეს ჩემთვის გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი ყოჩაღად და მაგრად იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობდა, მე არ მაგრძნობინებდა და სულ მამხნევებდა. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და საშინელი ტკივილი მქონდა. ყველა კაცმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს, როგორი ბრძოლაა სიცოცხლისთვის, როგორი საოცრებაა ის წუთი, როცა ახალი სიცოცხლე სამყაროს ევლინება და ის მისი შვილია. ამ წუთს მამებისთვის კიდევ სხვაგვარი განცდები მოაქვს. თავად კმაყოფილია, ჩემ გვერდით ყოფნა რომ შეძლო.
- ძიძის აყვანას აპირებ? - ახლო მომავალში არ ვაპირებ, მერე კი სავარაუდოდ, მომიწევს. ისეთი პროფესია მაქვს, რეპეტიციისთვის დროის გარკვეული პერიოდი არ მაქვს განსაზღვრული. თავდაპირველად, როცა რამდენიმე საათით მომიწევს გასვლა, რომელიმე ბებია მოახერხებს დატოვებას, მაგრამ როცა მივხვდები, რომ რეჟიმს ვეღარ ვუწყობ, ძიძას ავიყვან, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.