42 წლის ქალი რუსეთიდან კოვიდ-19-ით სპეციალურად დაავადდა იმ იმედით, რომ იმუნიტეტს გამოიმუშავებდა და მერე მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. სამწუხაროდ, კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაპროგნოზირებადი დაავადებაა და ეს შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
ამბავი რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა და ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა, თუმცა ახლობლები ამბობდნენ, რომ ინფექცია სპეციალურად "დაიმართა".
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ქალმა ინტერნეტში წაიკითხა, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტისგან დაინფიცირდებოდა, თავადაც მარტივად გადაიტანდა ვირუსს. სწორედ ამიტომ, მთელი ოჯახი წაიყვანა იმ მეგობართან, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. ყველა მათგანი დაინფიცირდა, ჯერ 9 წლის გოგონა მოხვდა რეანიმაციაში, შემდეგ ქმარსა და მეორე შვილს დაუდასტურდა ვირუსი. ბოლოს თავადაც ავად გახდა. საავადმყოფოში გადასვლაზე იქამდე ამბობდა უარს, ვიდრე სუნთქვა არ გაუძნელდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამბავს მალევე გამოეხმაურნენ ინფექციონისტები და აღნიშნეს: "ლოგიკა, რომლის მიხედვითაც, თუ მსუბუქად მიმდინარე პაციენტისგან გადაგვედება კოვიდი, ჩვენთანაც მსუბუქად წარიმართება, ფუნდამენტურად არასწორია. ადამიანთან კორონავირუსი მძიმე ფორმით გამოიხატება თუ მსუბუქით, ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული: როგორი იმუნიტეტი აქვს ადამიანს, კორონავირუსის რომელი შტამით დაავადდა, აქვ თუ არა თანმხლები დაავადებები და სხვა. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია. დაიმახსოვრეთ, თუ ადამიანს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მისგან მცირე რაოდენობით ვირუსს მიიღებთ."
ექიმების თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაცილებით დაბალია. ისინი აღნიშნავენ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავება ორი გზითაა შესაძლებელი: ინფექციის გადატანით ან ვაქცინაციით. თუმცა, კორონავირუსით განზრახ დაინფიცირება გამოსავალი არ არის.