„ჩვილ ბავშვების გაყიდვის ფაქტები მომრავლდა“ - ეს პოსტი ქუთაისის გამომძიებელმა ჟურნალისტმა - ბუბა ჩივაძემ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა... ვინაიდან ბუბა ჩივაძე ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული, საკითხი კი ძალიან სერიოზულია, დავუკავშირდით მას და ამ თემაზე დეტალების გარკვევა ვცადეთ.
ბუბა ჩივაძე:
- შვილად აყვანის პროცედურები საქართველოში მარტივი არ არის, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს... მარტივად ვერც იშვილებ და ვერც გააშვილებ! ინფორმაცია მაქვს, რომ ამ ბოლო პერიოდში რეგიონში გაშვილების ფაქტები მომრავლდა. დედა ბავშვს მატერიალური მოგების თვალსაზრისით აშვილებს, რაც კანონმდებლობით დასჯადია. ასეთი ქმედებები ყოველთვის ძალოვანი სტრუქტურების ცენტრში ექცევა და გამოძიებები მიმდინარეობს... თუმცა რამდენად ხარისხიანი კონტროლით მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის მთავარი. ვფიქრობ საგამოძიებო საკითხები მეტ-ნაკლებად ვერ ხორციელდება როგორც საჭიროა...
სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტები - ქალთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა გაშვილება და ასე შემდეგ... ასეთ საკითხებზე ბევრად მეტი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი. გამშვილებელის და მშვილებელის მიმართ უნდა ხორციელდებოდეს ფარული მიყურადება, ფარული საგამოძიებო სამსახური, ხომ არ მოხდა თანხების გადაცემა, ბაშვის გაყიდვა... ბავშვები საზღვარგარეთ ხომ არ გადიან, უცხოეთში ხომ არ იყიდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც გამომძიემებელი ჟურნალისტისთვის და ძალიან დიდ თვალყურს ვადევნებ.
ბოლო სტატისტიკა არ მაქვს, ბავშვის გაშვილების შემთხვევაში ვინმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში თუ მიეცა. ან გამშვილებელი, ან მშვილებელი, ან ბავშვებს რა ბედი ეწიათ... ამით იმის თქმა მინდა რომ ბავშვის გაშვილების საკითხებში ყოველთვის არის ერთი კრიმინალური ჯგუფი, ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ დიდი მატერიალური სარგებლისთვის და არა იმისთვის რომ ვინმეს ბავშვის აღზრდის შესაძლებლობა არ აქვს. სახელმწიფოს ძალიან ბევრი პროექტი აქვს მარტოხელა დედებისთვის.
მანანა გაბრიჭიძე