ბათუმში მოზარდების მიერ მოზარდის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 13 წლის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აღნიშნულის ამსახველი ვიდეო გადაუღეს, შემდეგ კი გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს.
ამ ფაქტს, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის პირველი და არც უკანასკნელი იქნება, მძაფრი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. უფროსები, განათლების სფეროს წარმომადგენლები თუ უბრალოდ მშობლები ღელავენ იმ მდგომარეობის გამო, რასაც ვხედავთ და ყოველდღიურად სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. პასუხისმგებლობას ამგვარი ფაქტების გამო, ისევ და ისევ უფროსებს, ოჯახს, მშობლებს და ზოგადად განათლების სფეროს აკისრებენ. ვინ უნდა იზრუნოს მოზარდების სწორ განათლებაზე, იზრუნოს იმაზე, რომ მეტად ემპათიურები, ჰუმანურები იყვნენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობაც მეტი ჰქონდეთ? გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან:
თაია მახარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:
- ბულინგის ფაქტის ვიდეოთი ასახვა მოძალადეების მხრიდან და მისი სოციალურ ქსელში ატვირთვა ახალი არ არის. საქართველოშიც თანდათან მოიკიდა ფეხი. ასეთ ვიდეოებს ადვილად პოულობენ ინტერნეტში და წარმატებით იმეორებენ. ახლა ეცინებათ, მაგრამ თუ ცხოვრებაში გაუმართლათ, ნორმალური აღმოაჩნდათ მშობელი ან მასწავლებელი და ვინმემ აუხსნა, შეიძლება ზრდასრულობაში შერცხვეთ ამ საქციელის. კიდევ ერთხელ ვამბობ - თუ გაუმართლათ.
ამ ქვეყანაში ასეთი გამართლების შანსიც მცირეა. როცა სკოლა გამოდის და ამბობს, რომ მის ტერიტორიაზე არ მომხდარა ფაქტი, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რა შავ დღეშიც ვართ. ხორავას ქუჩაზე რომ სასაკლაო მოაწყვეს, სკოლა მაშინაც პერიმეტრს ზომავდა. არაო, ჩვენთან არ მომხდარაო. პირველ ექსპერიმენტულში, სკოლელებს შორის იყო ბულინგის ერთ-ერთი მწვავე ფაქტი და იქაც დირექტორმა პერიმეტრი ახსენა.
სკოლელებს, კლასელებს შორის რომ იწყება დაპირისპირება, ის სადაც არ უნდა გაგრძელდეს და რა მისამართზეც, სკოლა პასუხისმგებელია. გამოდის, რომ ან ვერ შეამჩნია ეს ფაქტი, ან არ შეიმჩნია. რომ შეემჩნია, ბულინგის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა უნდა შეემუშავებინა და განეხორციელებინა, მშობლები გაეფრთხილებინა და ჩაერთო, გამოეყენებინა ფსიქოლოგის რესურსი საჭიროების შემთხვევაში, თუ არ ჰყავდათ, მიემართა მანდატურის სამსახურისთვის, რომელსაც ძალიან კარგი რესურსი აქვს. მოკლედ, თუ თავი არავინ შეიწუხა ან თვალი დახუჭა, მაშინ შედეგი რაღა გასაკვირია. მოზარდები ხშირად სასტიკები არიან. კი, ეს რეალობაა. მაღალი მორალური პრინციპებით არ იბადება ადამიანი. მხოლოდ მოთხოვნილების დაკმაყოფილება აინტერესებს. მერე ამ მოთხოვნილებებს მასლოუს პირამიდის მიხედვით მიყვება მაღლა და მაღლა. სკოლაში მიდის იქამდე, რომ უსაფრთხოებაც უნდა უზრუნველყოს და აღიარებაც მოიპოვოს. ორივე ნორმალურია ადამიანის ბუნებისთვის. ამ დროს, როდესაც სკოლაში ჯუნგლების კანონი მოქმედებს და გარემო არ არის დაფუძნებული ურთიერთპატივისცემის გამოხატვაზე, იქ მოზარდი უცებ ვერ აღმოჩნდება ზნეობრიობის ნიმუში. მათ ოჯახებში რა ზნეობაა, ეს კიდევ უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ეს ფაქტი ზრდასრულების ბრალია - მშობლების და მასწავლებლების. მერე ისიც გაითვალისწინეთ, რომ მეორე წელია ბავშვები საერთოდ ასოციალურები გახდნენ, უფრო მიეჯაჭვნენ არა შემეცნებით პროგრამებს, არამედ ტიკტოკისნაირ უსარგებლო აპლიკაციებს. უამრავი კვლევა დაიდო, რომ ბავშვების ფსიქიკაზე ეს პანდემია აისახებოდა და აისახა. ახლა გვიანია ეს აღშფოთება.
ძალიან კარგად ვიცით, რომ უკეთესი სკოლა უნდა გვქონდეს, ბავშვი უკეთესად უნდა იკვებებოდეს, სოციუმში უნდა ვითარდებოდეს, მშობელი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული მის განვითარებაში, მასწავლებელი გაფაციცებული უნდა აკვირდებოდეს მის თითოეულ მოსწავლეს. ამ დროს რა ხდება? - მშობლები იმაზე წუწუნებენ, რომ არ სცალიათ და ახლა კომპლექსური დავალებებიც შემოეტენათ, მასწავლებლები იმაზე, რომ სქემამ და ათასმა პროფ. განვითარების ღონისძიებამ დრო წაართვათ. კი, ორივე მხარე მართალია. ყველაფერი ფორმალიზებულია და არაფერია ბავშვის ბედნიერებისთვის. ვერ გაზრდის სქემა გაუნათლებელ და უსულგულო მასწავლებელს, ვერც კომპლექსური დავალებები ასწავლის რამეს მოსწავლეს, როცა მშობელიც და მასწავლებელიც იმაზე ფიქრობს, როგორ მოამთავრებინონ დროულად და შეფასება მიაღებინონ.
უნდა ვაღიაროთ, რომ მასწავლებლობაც და მშობლობაც ურთულესი საქმეა და ყველაზე ზედაპირულად ზუსტად ამ ორს ვუყურებთ. დანარჩენი ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანი გვეჩვენება.
ანა მარშანია, ჟურნალისტი:
- დაკვირვებიხართ? როცა ბავშვებსა და არასრულწლოვნებს შორის ძალადობის ფაქტები, გახმაურებული დანაშაულები ხდება, სკოლის პასუხი ყოველთვის ერთია - „შემთხვევა ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა“, „ძალადობას სკოლის სამუშაო საათებში არ ჰქონდა ადგილი“... და ა.შ. ასეთ დროს, საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი რეაქცია პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, მთავარი გზავნილი კი არის „ სკოლა არაფერ შუაშია“. კი, ზუსტად ეს არის დღევანდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობის ბავშვებისადმი და საქმისადმი დამოკიდებულების ნამდვილი სახე, სადაც შენობის კარიბჭის მიღმა, სკოლა მოსწავლის ქმედებაზე პასუხისმგებლობას საერთოდ, საერთოდ, საერთოდ ვერ ხედავს. (ნუ შენობის შიგნით რომ „აყვავებული და იდეალურად მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი“ გვაქვს, ეგ ისედაც ვიცით). და როცა არასრულწლოვანი თანატოლს კლავს, ჭრის, ცემს ან აშანტაჟებს, რესურსცენტრის, დირექტორის, დამრიგებლის პირველი რეაქცია არა შეძრწუნება, არა სპეციალისტების ჩართულობით მოძალადესთან და მსხვერპლთან მუშაობის დაწყება, არამედ ხელების დაბანაა ტექსტით, რომ „ეს მათ ტერიტორიაზე, სამუშაო საათებში არ მომხდარა“.
კომენტარებში ვლინკავ დაბლარულ კადრებს ბათუმიდან, სადაც 13 წლის გოგონას თანატოლებმა აგინეს და სასტიკად სცემეს, კადრები კი "ტიკ ტოკზე" გაავრცელეს. ასევე ვლინკავ რესურსცენტრის კომენტარს, რომ ძალადობის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და მოზარდს დაზიანებები არ აქვს. (როცა კადრში ჩანს, ნაცემი ბავშვი მუცელმოკუნტული ტკივილებისგან იკლაკნება)...
მარინა უშვერიძე, ორგანიზაცია PH International:
- ადამიანისთვის ამქვეყნად ყველაზე კარგი მასწავლებელი თავად ცხოვრებაა. ჩვეულებრივ, ადამიანი თავისი უშუალო გარემოს პროდუქტია (ანუ იმ ღირებულებების მატარებელია, სადაც გაიზარდა და ვისთანაც მეგობრობს). სკოლისთვის დაკისრება იმისა, რომ უნდა იყოს მაღალი მორალისა და ზეადამიანური ღირებულებების ცალკე მდგომი კუნძული, უბრალოდ უტოპიაა მაშინ, როდესაც ვიღაც-ვიღაცეებს კანონდარღვევებიც კარგად შერჩათ, ძალადობაც და სუსტის გაჭყლეტაც. მასხრად ასაგდები რომ არ გახდეს, რასაც სკოლაში ვასწავლით, იგივე ქცევის სტანდარტი უნდა იყოს დაცული თანამდებობის პირებისა თუ ძალაუფლების მქონე ადამიანების მიერ. თუ ასე არ იქნა გამოვა, რომ წესრიგი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა მარტო ზოგიერთს მოეთხოვება, ხოლო ვისაც ძალაუფლება აქვს, მას შეუძლია როგორც მოეპრიანება, ისე მოიქცეს. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, ამიტომ ეს შემთხვევაც ნუ გაგიკვირდებათ. ივლისში რუსთაველზე დუჟმორეული ტიპები რომ ხალხს დასდევდნენ, იგრძნო იქ ვინმემ, რომ მას კანონი იცავდა? ან ვიღაცისთვის რომ 5-კაციანი შეკრებაა აკრძალული და დანარჩენები რომ 100 ადამიანისგან შემდგარ ქეიფებს იხდიან, უპირბადოდ და რეგულაციების სრული დარღვევით, ესეც ხომ მოსულა? ჰოდა აბა ეს ამბავიც ზუსტად მაგ სერიიდანაა და ასეთი კიდევ ბევრი იქნება, სანამ წესი და სასჯელი ყველასთვის ერთი არ იქნება.