როდესაც სკოლაში სწავლობ, მათემატიკის როლის გაცნობიერება რთულია. გეჩვენება, რომ ფორმულები და გამოთვლები მხოლოდ მასწავლებლებისთვისაა. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მათემატიკა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია.
მათემატიკა წარმოუდგენლად პრაქტიკული და გამოყენებადი საგანია - უბრალოდ, უნდა დაეხმაროთ ბავშვს ამის გაგებაში. მაგალითად, კონკრეტულად ეს საგანი სხვადასხვა, მრავალფეროვანი პროფესიის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. ბუნებრივია, დაწყებით საფეხურზე ბავშვები სერიოზულად არ ფიქრობენ პროფესიის არჩევაზე, მაგრამ ისინი მთლიანად ისრუტავენ ინფორმაციას და ის, რაც "დაითესება", შედეგი შესაძლოა მოავალში გამოჩნდეს. ამიტომაც, მოუყევით თქვენს შვილებს მომავლის პროფესიებზე, რომლებიც მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელია.
სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ციფრული ტექნოლოგიები ყველა მიმართულებით ვითარდება. ის პროფესიები, რაც ახლა, ერთი შეხედვით, აქტუალურია უკვე "პენსიაზე გადის". მაგალითად, ბუღალტერი. მათ ფუნქციებს კი ალგორითმები და ხელოვნური ინტელექტის სისტემები ასრულებენ. ბაზარზე კი რჩება კონკურენცია იმ მიმართულებით, სადაც შემოქმედებითი კომპონენტები ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს კი ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. უახლოეს მომავალში ვირტუალური ურთიერთობები, 3D ბეჭდვა, თვითმართვადი ავტომობილები და რობოტები, გენური ინჟინერიის პროდუქტები ჩვეულებრივი რამ გახდება. ენერგიის განახლებისა და კლიმატის მართვის უფრო ეფექტური საშუალებები გველოდება. ამისთვის კი ახალი სპეციალისტები გვჭირდება.
მომავლის მრავალი პროფესია სწორედ მათემატიკის ცოდნას ეფუძნება. რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
1.ურბანისტ-ეკოლოგი
სპეციალისტი, რომელიც ახალ ქალაქებს ეკოლოგიური ბიოტექნოლოგიის საფუძველზე დააპროექტებს. ერთი მხრივ, ის იქნება ექსპერტი მშენებლობასა და ენერგეტიკაში, მეორე მხრივ კი - ეკოლოგიაში. პროფესია უკვე მოთხოვნადია. მაღალტექნოლოგიურ მწვანე ქალაქებს აპროექტებენ და აშენებენ მალაიზიაში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში და ევროპის ქვეყნებში.
2. ბიოტექნოლოგი
ეს იქნება ექსპერტი ენერგიის ახალი წყაროების, ორგანული ელექტრონიკის, ბიოდეგრადირებადი მასალებისა და გენების რეპროგრამირების ძიების მიმართულებით. ბიოტექნოლოგს ენერგეტიკოსებთან ერთად შეუძლია ბიოსაწვავის შექმნაზე იმუშაოს. ან კიდევ ქირურგებთან ერთად ტრავმატოლოგიაში გადასანერგი მასალების შექმნა, გამოიგონოს ბიოსინთეზური პროდუქტები ღარიბი რეგიონებისთვის და მოძებნოს გზები დედამიწაზე ნაგვის შესამცირებლად.
3. IT - მედიკოსი
ახლა მედიცინაში უზარმაზარი მონაცემებია და მეცნიერებს შეუძლიათ, შეაგროვონ და გაანალიზონ დიდი მოცულობის მასალა ონლაინ. ბაზებს სწორედ IT- მედიკოსი მართავს. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტია. ქმნის და მართავს ფიზიოლოგიურ მონაცემთა ბაზებს, ასევე, ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას სამკურნალო თუ სადიაგნოსტიკო აღჭურვილობისთვის.
4. ვირტუალური სამყაროს დიზაინერი
ადამიანი, რომელიც ქმნის სპეციალურ ვირტუალურ სამყაროს მუშაობისთვის, სწავლისა თუ დასვენებისთვის. ის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური პარამეტრების მიხედვით პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, მათ შორის ინდივიდუალური შეკვეთით. მსგავსი ვირტუალური სამყარო თამაშებში უკვე კარგადაა განვითარებული, თუმცა ისინი სწავლისა თუ სხვა მიმართულებითაც დაიწყებენ გაფართოებას.
5. უპილოტო ავიაციის ინტერფეისის დამპროექტებელი
კიდევ ერთი ექსპერტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც ინტერფეისებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის უპილოტო საფრენი აპარატების სამართავად. ასევე, პასუხისმგებელი იქნება სისტემის პროგრამირებასა და მუშაობაზე, ნავიგაციიდან დაწყებული, მოწყობილობის უსაფრთხოებით დამთავრებული.