ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განგვიცხადა, რომ ბოლო დღეების განავლობაში კორონავირუსით მიმართვიანობა გაიზარდა:
"ამჟამად კლინიკაში 138 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციაში 19 ბავშვი წევს და ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა, თუმცა ის კორონავირუსის გამო არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს თავის ტვინის არეში, სამქულიანი კომით გადმოყვანილია სხვა საავადმყოფოდან და ამავე დროს, დადასტურებული აქვს კოვიდი. იმ ბავშვებიდან, რომლებიც კლინიკაში კორონავირუსით არიან შემოსულები, 2/3 წლამდე ასაკისაა. ბოლო ორი დღეა მომართვიანობამ შედარებით მოიმატა და დღეში 17-დან 20 პაციენტამდე შემოდის. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში მყოფი მშობლებიდან მხოლოდ 7-ია ვაქცინირებული, აქედან 4-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს და 3 დადასტურებულის კონტაქტია. მათი მდგომარეობა მსუბუქია. რას შეეხება სეზონურ ინფექციებს, ჯერჯერობით გრიპის დიაგნოსტირება სწრაფი ტესტით არ მომხდარა, მაგრამ რინოვირუსები, ადენოვირუსები და სხვა სეზონური ინფექციებით მოგვმართავენ პაციენტები. კლინიკური მიმდინარეობით ვერც ერთ ვირუსულ ინფექციას ერთმანეთისგან ვერ გავარჩევთ, თუ სპეციალური ტესტირება არ ჩატარდა კორონავირუსის გამოსარიცხად. ასევე ა და ბ გრიპის სწრაფი ტესტებიც არსებობს და ამ გზითაც შეიძლება დიაგნოსტირება." - გვითხრა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
ციციშვილის კლინიკის გარდა, კოვიდდადასტურებული ბავშვები ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მკურნალობენ.
"პედიატრიულ დეპარტამენტში, დაახლოებით, სულ 30-მდე ბავშვის მიღების საშუალება გვაქვს. აქიდან ნახევარი კოვიდპაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ახლა კლინიკაში კორონავირუსით 15-მდე ბავშვი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება რესპირაციულ ვირუსებს, წინა წლებთან შედარებით მომართვიანობა არ გაზრდილა", - გვითხრეს ბოჭორიშვილის კლინიკაში.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი განგვიცხადეს, რომ კორონავირუსით მიმართვიანობა მცირედით გაზრდილია.
"ამჟამად კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში სულ 24 პაციენტი მკურნალობს, აქიდან 13 მშობელია, 11 კი ბავშვი. მომართვიანობა მცირედით მომატებულია, ძირითადად უმრავლესობა ცხელებითა და პნევმონიით შემოდის. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - გვითხრეს კლინიკაში.
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განგვიცხადა, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დიაგნოსტირებული, თუმცა სხვა სეზონური ინფექციები ცირკულირებს. სიმპტომები კი კოვიდ-19-ს ემთხვევა.
"ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, მშრალი ხველა, ტემპერატურის მატება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და რესპირატორული ვირუსებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებია აქტუალური. საბედნიეროდ, ბავშვებში მძიმე შემთხვევები იშვიათია, მაგრამ გართულების დროს ძირითადად პნევმონია გვხვდება", - გვითხრა ალექსანდრე გოგინავამ.
თამარ იაკობაშვილი