ინდოეთში, ტრადიციის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის დროს ირჩევდნენ ბავშვს, რომელსაც შემდეგ ისე სცემდნენ პატივს, როგორც ღმერთს. უზრუნველყოფდნენ მათ საუკეთესო საკვებით, სამოსით... ნეპალში არსებობდა კულტი, რომლის მიხედვითაც, გოგო, რომელსაც ამ ტიტულს მიანიჭებენ, ერთადერთი ქალღმერთის, ტალეჯუს განსახიერება, სამეფო კუმარი იყო.
ჩვენს დროში ნეპალი რესპუბლიკაა, სამეფო დინასტია აღარ არსებობს, თუმცა „ქალღმერთი“ ნეპალის მთავრობის მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ცხოვრობს. სწორედ ის აკურთხებს პრეზიდენტს და ამ მოვლენას ტელევიზიით ყოველთვის უამრავი ადამიანი უყურებს.
მას შემდეგ სპეციალური კომისია, რომელიც ბუდისტი ბერებისგან შედგება, ეძებს გოგონას იუველირების კასტაში ნევარის ხალხიდან, რომელიც შეესაბამება ქალღმერთის კრიტერიუმებს. ის სამიდან ხუთ წლამდე უნდა იყოს, ყველა კბილი თავის ადგილზე უნდა ჰქონდეს, არ უნდა ჰქონდეს იარები, უნდა იყოს სასიამოვნო მოსაუბრე... ასევე ამოწმებენ მის ჰოროსკოპს და ეკითხებიან დედას, ესიზმრა თუ არა წითელი გველი. უამრავ გოგოში ქალღმერთის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ კომისია ამას ყოველთვის ახერხებს.
კუმარის ტიტულის მიღებამდე გოგონა გადის განწმენდის რიტუალებს. სანამ საკუთარი მოვალეობის შესრულებას დაიწყებს, მას მიწაზე ფეხის დადგმა ეკრძალება. სასახლეში ის თოვლივით თეთრი ფურცლების ხალიჩით მიჰყავთ. ამიერიდან ის სასახლის კედლებს მხოლოდ რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობის მიზნით დატოვებს.
კუმარის ცხოვრება თავისუფალი უნდა იყოს საზრუნავებისგან, რადგან ცრემლები ან ბრაზის ნიშნები განიმარტება, როგორც ღვთიური უკმაყოფილება და კარგს არაფერს ნიშნავს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გოგონას, ერთი მხრივ, აფრთხილებენ, რომ ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, ყველას, ვინც მასთან ურთიერთობს, ევალება შეასრულოს მისი ყველა სურვილი (თუ ეს არ არღვევს კუმარის ცხოვრების წესებს).
ქალღმერთი განათლებას არ იღებს - ქალღმერთი ყოვლისმცოდნეა. მას არ აქვს პროფესია, ჰობი... თავისუფალ დროს მასთან მეგობრები არ მიდიან. ერთადერთი გასართობი ქუჩაში შეკრებილი ხალხის დათვალიერებაა. ხალხი კი თვლის, რომ კუმარის მზერა წარმატების მომტანია და საათობით დგანან მისი ფანჯრების ქვეშ ქალღმერთის მოხატული სახის დასანახად.