25 წლის ერაყელ უფლედამცველს ნადია მურადს 2018 წელს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს. ის დააფასეს იმ კოლოსალური ძალისხმევისთვის, რომელიც გამოიჩინა „სამხედრო კონფლიქტებში იარაღის სახით სექსუალური ძალადობის გამოყენების შეწყვეტისთვის“. რა ფასად დაუჯდა ამ ჯილდოს მიღება იეზიდ გოგონას, რომელიც პირისპირ აღმოჩნდა ტერორიზმსა და ძალადობასთან, ყველაზე უკეთ მან თავად იცის. 21 წლის იყო, როცა მისი ცხოვრება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გაიყო „მდე“ და „შემდეგ“ პერიოდებად. 2014 წლის ზაფხულშუ მან ფაქტობრივად რამდენიმე დღეში დაკარგა თითქმის ყველა ახლობელი, მეგობარი, სახლი და აღმოჩნდა სექსუალური მონობის ქვეშ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებთან.
ნადია სასწაულებრივად გადარჩა, მაინც არ დანებდა და თავისი ამბავი მსოფლიოს უამბო, რომ სექსუალური მონობის პრობლემისადმი ყველას ყურადღება მიეპყრო.
ნადია მურადი ერაყში, ქურთების ეთნოკონფესიური ჯგუფის წარმომადგენლების, იეზიდების სოფელ კოჩოში დაიბადა და გაიზარდა. იეზიდებს საკუთარი რელიგია აქვთ და ერაყში უმცირესობას წარმოადგენენ. მათი რელიგია ახლოსაა ძველ სპარსულ ზოროასტრიზმთან და შეუცავს ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებს.
2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელმა ტერორისტებმა იეზიდების განადგურება დაიწყეს, მათი გადმოსახედიდან - „ურწმუნოების“. ამავე წლის აგვისტომდე ნადიას ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა. 8 ძმა და ორი და გამუდმებით შრომობდნენ. ნადია კოლეჯს ამთავრებდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ისტორიკოსობას გეგმავდა და სხვა ოცნებაც ჰქონდა - საკუთარი სილამაზის სალონი გაეხსნა. თუმცა მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა...
2014 წლის ზაფხულში ისლამისტებმა მისი სოფელი აიღეს. მურადმა, ნათესავებთან ერთად, ვერ მოასწრო გაქცევა და ოკუპირებულ სოფელში ჩარჩა.
ტერორისტებმა სოფლის მცხოვრებნი ურთულესი არჩევანის წინაშე დააყენეს: იეზიდიზმზე ეთქვათ უარი და ისლამი მიეღოთ, ან მომკვდარიყვნენ.
15 აგვისტოს დილით კოჩოს ყველა მცხოვრები, დაახლოებით 2 ათასი ადამიანი, ადგილობრივი სკოლის შენობაში შეყარეს, წაართვეს სამკაულები, გაჯეტები, ფული და სხვა ფასეულობები. მამაკაცები დაწესებულების პირველ სართულზე დატოვეს, ქალები მეორეზე აიყვანეს.
„დღემდე მახსოვს ყველაფერი წვრილმანებამდე. იქ თითქმის ყველა ჩემი ახლობელი ადამიანი იყო. დამრჩა მეხსიერებაში სურათი, როგორ მოიხსნა ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ დედაჩვენის ბეჭედი და ჩემს დას მისცა, რომ შეენახა. თუმცა ბეჭედი მაშინვე წაგვართვეს“, - ჰყვებოდა მოგვიანებით მურადი გაზეთ The Guardian-თან.
სოფლის არც ერთმა მცხოვრებმა, სიკვდილის შიშითაც კი, არ თქვა უარი რწმენაზე, მაშინ ტერორისტებმა ასობით იეზიდი მამაკაცი ავტომანქანებში ჩასხეს და სკოლისგან მოშორებით დახვრიტეს. ქალები ფანჯრებიდან უყურებდნენ, როგორ ხოცავდნენ მათ მამებს, ქმრებს, შვილებსა და ძმებს. დაღუპულთა შორის იყო ნადიას 6 ღვიძლი ძმა და ხუთი ბიძაშვილი. ყველანი საერთო სამარხში დაასაფლავეს.
„ერთ-ერთ ტერორისტს შევაფურთხე... რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზდა, მაგრამ მე არ მეშინოდა, უკვე არაფერი მქონდა დასაკარგი. მათ ჩვენ ოჯახები დაგვინგრიეს, სახლები დაგვატოვებინეს. ბევრ ქალს ერჩივნა მომკვდარიყო მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა“, - ყვებოდა ნადია.
ქალები მეზობელ სოფელში წაიყვანეს და იქაც სკოლის შენობაში შეიყვანეს. მათ სახეებზე აკვირდებოდნენ და კატეგორიებად ჰყოფდნენ: ახალგაზრდები, გათხოვილები, ხანდაზმულები და ბავშვები.
კოჩოს ხანდაზმულ მცხოვრებლებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ - ისინი ხარჭებად არ გამოდგებოდნენ, ამიტომ წაიყვანეს და დახვრიტეს. ამავე კატეგორიაში აღმოჩნდა ნადიას დედა. უკანასკნელი, რაც გოგონამ დედისგან გაიგო, რომელმაც გააჩინა და აღზარდა, იყო სიტყვები: „ისინი მომკლავენ“.
ახალგაზრდა და მომხიბვლელი გოგონები, 9-დან 25 წლამდე, რომელთა შორის ნადიაც მოხვდა, ავტობუსებში ჩასვეს და ისლამისტების მიერ ოკუპირებულ მოსულში გადაიყვანეს. გზაში მათ აუხსნეს, თუ რატომ მიჰყავდათ სხვა ქალაქში: „გვითხრეს, რომ სექს-მონები გავხდებოდით. არადა, ჩვენთვის, იეზიდებისთვის, ღირსება ყველაზე მთავარია“.
მოსულში გოგონები ისევ დაყვეს - დიდი ნაწილი სირიაში გაგზავნეს, დარჩენილი 63 გოგონა კი ერაყში დატოვეს. მათ შორის - ნადიაც. სამი დღე გაატარეს ტერორისტების მთავარ შტაბში, ბნელ ოთახში, რომლის ფანჯრებზეც შავი ფარდები იყო ჩამოფარებული.
ბევრი გოგონა ვერ უძლებდა ზეწოლას და თავს იკლავდა. ნადიას თვითმკვლელობაზე არ უფიქრია, ეგონა, რომ მას ისედაც მოკლავდნენ, როგორც მისი დედა და ძმები მოკლეს.
18 აგვისტოს საღამოს ტერორისტებმა იეზიდი გოგონები ერთმანეთში გაინაწილეს. გოგონები ცდილობდნენ, არამიმზიდველები ყოფილიყვნენ, თმებს იწეწავდნენ, სახეს იკაწრავდნენ და იჭუჭყიანებდნენ, მაგრამ არაფერი შველოდათ.
გოგონებს ფოტოებს უღებდნენ და მეტი კომფორტისთვის, ნომრებს ანიჭებდნენ, რომ მერე ერთმანეთში თავისუფლად გაეცვალათ, გაექირავებინათ ან გაეყიდათ.
"ოთახში შემოვიდა უშველებელი ადამიანი, კარადასავით, თითქოს ხუთი ადამიანი იყო ერთად. ჩემკენ წამოვიდა. შიშისგან ყვირილი დავიწყე. წინ დამიდგა: „ადექი“. ადგილიდან არ ვიძროდი, ფეხი დამარტყა: „შენ, ადექი!“ მე ვუპასუხე: „არ ავდგები, სხვას გავყვები, მეშინია შენი“. კიდევ ერთი მებრძოლი მოვიდა და ამიხსნა: „იმას უნდა წაყვემ ვინც აგირჩევს, მოგიახლოვდებიან, ადგებით და წაყვებით, ეს ბრძანებაა!".
გოგონას ისე შეეშინდა, სულ სხვა კაცისკენ გაიქცა და სთხოვა, მას წაეყვანა. მაშინ ვერც ხვდებოდა, რომ უსასტიკესი ადამიანის მონობაში ხვდებოდა - მოსულელი საველე მეთაურის ჰაჯი სალმანის. მან ნადია სახლში წაიყვანა, სადაც მომავალი კვირების გატარება მოუწევდა. მოგვიანებით ნადიამ შეიტყო, რომ კაცს ცოლი და ქალიშვილი ჰყავდა, თუმცა ისინი არასოდეს დაუნახავს.
კაცი აიძულებდა გოგონას, ისლამი მიეღო და გოგონა ბოლოს მზადაც კი იყო, შეესრულებინა ეს ბრძანება, ოღონდ თავი დაენებებინათ. თუმცა ტერორისტს ეს ვარიანტი არ აწყობდა. „მან გამაუპატიურა. მანამდე ქალწული ვიყავი. დერეფანში, სადაც გადიოდა ეს ოთახი, მისი მცველები იყვნენ, ასევე მძღოლი და სხვა მეომრები. მთელი ხმით ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, მაგრამ არავინ დამეხმარა, მათთვის სულერთი იყო“, - იხსენებს ნადია.
მოგვიანებით აღიარა, რომ მას ყოველდღე ცემდნენ და აუპატიურებდნენ.
ავტობიოგრაფიულ წიგნში „უკანასკნელი გოგონა. ჩემი ტყვეობისა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჩემი ბრძოლის ამბავი“, ნადია წერდა: „არასდროს იცი, ვინ გააღებს მეორე დღეს კარს, რომ ახლა იმან გაგაუპატიუროს. მხოლოდ ერთი იცი: ეს აუცილებლად მოხდება და შეიძლება, კიდევ უარესი იყოს, ვიდრე მანამდე".
სალმანმა გააფრთხილა ნადია, რომ თუ გაქცევას შეეცდებოდა, ძალიან დიდი უსიამოვნებები ექნებოდა. გოგონამ მაინც დაგეგმა გაქცევა და მოახერხებდა კიდეც, რომ შემთხვევით მცველს არ შეენიშნა. როცა ამის შესახებ შეიტყო, სალმანმა სასტიკად სცემა, მერე კი აიძულა, გაშიშვლებულიყო. ამჯერად თავად არ მიკარებია, თავისი ექვსი მცველი შემოიყვანა. გოგონამ მაშინვე გონება დაკარგა, ამიტომ იმ ღამიდან მეტი აღარაფერი ახსოვს.
შემდეგ მებრძოლმა ნადია სხვა ტყვეში გაცვალა, მერეც არაერთხელ გაცვალეს და გაყიდეს, გააქირავეს. 2014 წლის ნოემბრამდე გოგონამ ამ საშინელ ტყვეობაში და შეურაცხყოფაში გაატარა.
მორიგი "პატრონი" კვლავ გეგმავდა ნადიას გატიდვას და გაემგზავრა მისთვის ლამაზი ტანსაცმლის საყიდლად. სწორედ ამ მომენტში გადაწყვიტა გოგონამ კვლავ გაქცევა. ამჯერად გაუმართლა. სრულიად უცხო სახლს მიადგა დასახმარებლად. გაუმართლა, რომ იქაც ისლამისტები არ დახვდნენ და უცნობმა ოჯახმა დახმარების ხელი გაუწოდა. ის ღამე იქ გაათენა, მეორე დღეს კი ერთადერთ გადარჩენილ ძმას დაურეკა, რომელიც ქურთისტანში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა. ძმამ ფული გაუგზავნა ოჯახს, რომელმაც შეიფარა ნადია და სწორედ მათ გააპარეს სოფლიდან - კაცმა გოგონა ფარანჯით შემოსა და თავის ცოლად გაასაღა. გოგონას უკვე ეძებდნენ და მისი ფოტოებიც ყველგან იყო გამოფენილი. სახლის მეპატრონემ მას ცოლის პასპორტი მისცა და საზღვარზე გოგონა მშვიდად გადავიდა. ლტოლვილთა ბანაკში ძმას შეხვდა და მერე უკვე ჟურნალისტებს უამბო თავისი ამბავი.
მოგვიანებით ნადია გერმანიაში გაგზავნეს და შტუტგარტში დასახლდა. „ყველა ჩემი ახლობელი ბანაკებში დარჩა. ისინი დავტოვე. მაგრამ ეს მაინც უკეთესია, ვიდრე სიღატაკეში ცხოვრება და შეურაცხყოფის ატანა", - ამბობს ნადია.
გათავისუფლების შემდეგ ის უფლებადამცველი გახდა. ცნობილ ადვოკატთან, ჯორჯ კლუნის მეუღლე ამალ კლუნისთან თანამშრომლობს და როგორც ზემოთ ითქვა, ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა.
„ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ამბავს ვყვები, ხელახლა განვიცდი. მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი ამბავი, რომელიც გულწრფელად მოვყევი, საუკეთესო იარაღია ტერორიზმის წინააღმდეგ. მე მაქვს ეს იარაღი და ვგეგმავ მის გამოყენებას, სანამ ამ ტერორისტებს არ გაასამართლებენ", - წერს ნადია თავის წიგნში.