"გეწოდოს იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი წიგნიერების მიმართულებით, ეს ჩემთვის, პირველ რიგში არის უდიდესი პასუხისმგებლობა! პასუხისმგებლობა ჩემი თავის, ჩემი პროფესიის წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ჩემი შრომა დააფასეს და გადაწყვიტეს, რომ ეს წოდება მოენიჭებინათ. ვისარგებლებ შემთხვევით და უღრმესი სამადლობელი მინდა ვუთხრა USAID საბაზისო განათლების პროგრამის მესვეურებს, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ორგანიზებისთვის, უღრმესი მადლობა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს მხარდაჭერისათვის, აღიარებისათვის, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის, მადლობა ჟიურის წევრებს, რომლებმაც დააფასეს ჩვენი შრომა, მადლობა ჩემ პატარებს, მათ გარეშე ხომ წარმატებას ვერ მივაღწევდი. მართლაც საოცარი შეგრძნებაა... და უდიდესი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც მუდამ გახსენებს თავს და გავალდებულებს, რომ უფრო მეტი გააკეთო, უფრო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი გახადო სწავლა-სწავლების პროცესი, გაუზიარო საკუთარი გამოცდილება კოლეგებს და მათგანაც ისწავლო ბევრი რამ, მუდმივად იზრუნო პროფესიულ განვითარებაზე და არასოდეს შეწყვიტო სწავლა!“ - გვითხრა ინტერვიუს დაწყების წინ ნანა ბურძენიძემ, ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა. ამბობს, რომ USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებელთა აღიარების რეგიონულ კონკურსში მონაწილეობა მისთვის საინტერესო გამოწვევა და საუკეთესო გამოცდილება იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებელთა აღიარების კონკურსი 2021 წელს პირველად გაიმართა. მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი საქართველოს სამ რეგიონში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო აღმოეჩინა და წაეხალისებინა მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ დამწყები მასწავლებლები და, ამავდროულად, გაეზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის კუთხით. მასწავლებელთა კონკურსმა გამოავლინა საქართველოს თითოეული რეგიონის და, ასევე, თბილისის სკოლების დაწყებითი (I-VI) კლასების მშობლიური ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის გამორჩეულ მასწავლებლები სხვადასხვა კატეგორიაში.
შექმნილი ვითარება არა სასწავლო პროცესის ჩასაკლავად, არამედ, პირიქით, ახალი იდეების, ახალი რესურსებისა თუ აქტივობების შესაქმნელად გამოვიყენეთ, ჩვენი ნაფიქრი თუ პრაქტიკულად განხორციელებული სასწავლო მეთოდები თუ სტრატეგიები კრიზისული ვითარების დასაძლევი გამოცდილების ნაწილად ვაქციეთ და ყველა გზა გამოვნახეთ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალმხრივი აქტივობებითა და რესურსებით დატვირთული გაგვეხადა!!
ყველაზე მეტად კი პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლები ნერვიულობდნენ - როგორ შეძლებენ ჩვენი შვილები სწავლას ონლაინ, მიხვდებიან კი, რომ უკვე მოსწავლეები არიან? ან კი არის ეს შესაძლებელი? მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია!!! შესაძლებელია მაშინ, როცა გიყვარს შენი საქმე, გიყვარს ბავშვი და გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, მოსწავლეების, მშობლებისა და შენი პროფესიის წინაშე.
დიახ, ასეა! მთავარი სიყვარულია - ბავშვის სიყვარული, რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს! ბევრ ღამე თეთრად გავათენე, ინოვაციური მიდგომებითა თუ ჩემი შემოქმედებითი უნარების გამოყენებით ბევრი საინტერესო რესურსი შევქმენი... ჩემი დაუოკებელი მიზანი იყო, რომ ყველა გაკვეთილი სახალისო, შემეცნებითი, მრავლისმომცემი და თუნდაც ზღაპრული გამხდარიყო ჩემი პატარებისათვის. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ანბანელა!!!
ვინ არის ანბანელა? ანბანელა ანბანეთის სამეფოს მწიგნობართუხუცესია, რომელმაც გაიგო, რომ ნანა მასწავლებელს არაჩვეულებრივი მოსწავლეები ჰყავდა. თავად, პანდემიის გამო ,,ჩამოსვლა ვერ მოახერხა“, მაგრამ მესიჯებს ,,გვიგზავნიდა“, რომელსაც პრეზენტაციებად ვაქცევდი და პატარებს ამ ფორმით ვაწვდიდი მის დავალებებს. მისი გამოჩენით ჩვენი ონლაინგაკვეთილები უფრო ზღაპრული და ფერადი გახდა. ანბანელა ანბანეთიდან ძალიან საინტერესო კომპლექსურ დავალებებს გვთავაზობდა. ის მოსწავლე კი, რომელიც დავალებას შეასრულებდა და წარადგენდა, ანბანეთის სამეფოს სრულუფლებიანი პრინცი და პრინცესა ხდებოდა. რომ იცოდეთ როგორ შეუყვარდათ ჩემ პატარებს ანბანელა და როგორი მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს. სწორედ ანბანელამ ასწავლა მათ კითხვისა და წერის სტრატეგიები, ანბანელა სთავაზობდა ბევრ საინტერესო და სახალისო აქტივობას. მისი წყალობით ჩვენი გაკვეთილები ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო გახდა!
წელს ისევ პირველკლასელები მყავს...ჯერ ისინი ანბანელას არ იცნობენ. მაგრამ ანბანის შემობრძანებისთვის სტუმრად სწორედ ანბანელა გვეყოლება! ჩვენთან, სკოლაში მოდის და ჩემ ახალ პირველკლასელებს გაიცნობს! რომ წარმოვიდგენ პატარების გაოცებულ თვალებს, მეც საოცარი განცდა მეუფლება. ანბანელა ჩემ, უკვე მეორეკლასელ პატარებსაც გაიცნობს პირადად, ვისთან ერთადაც ,,დაიბადა“ იგი, როგორც პერსონაჟი!!!
მაგრამ ერთი რამ კი უდაოა, ყველა მასწავლებელმა გაკვეთილი ღიმილით უნდა დაიწყოს, გულწრფელი, სიყვარულით სავსე ღიმილით, რომელიც სიტყვებზე მეტად მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველია და რომელსაც პატარები განსაკუთრებულად გრძნობენ!!!
და მთავარი მიზეზი! დაწყებითებში არაჩვეულებრივი მასწავლებელი მასწავლიდა - ჩემი მარინა მასწავლებელი. იმდენად მომწონდა ,,მარინა მასწავლებლობა“, რომ მთელი ცხოვრება გამყვა... პროფესიაც მისი სიყვარულით ავირჩიე და დღეს მეც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ! მადლობა მარინა მასწავლებელს ამისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში. აქ ჩემი ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე! მსახიობი ვარ, აბა რა!!! ჩემ პატარებთან ერთად ვმღერი, ვცეკვავ, სასკოლო ღონისძიებებზე ყოველთვის მაქვს ჩემი პატარა როლი - ხან მეზღაპრე ვარ, ხან რომელიმე პერსონაჟი. კლასში თოჯინების თეატრიც გვაქვს. მე და ჩემი პატარები ერთად ვქმნით თოჯინებს და ვაცოცხლებთ პერსონაჟებს! მოკლედ, მასწავლებელი-მსახიობი ვარ!!! ეს მეც ბედნიერებას მანიჭებს და ჩემ პატარებსაც. ჩვენ სასკოლო ცხოვრებას კი ფერადს და ზღაპრულს ქმნის, ამიტომ არც სწავლა გვეზარება და ასე, თამაშ-თამაშით ვეუფლებით ცოდნას.
დიახ, სკოლისა და მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მხოლოდ საგნის სწავლება კი არ არის, არამედ მომავალი თაობის პიროვნებად ფორმირება, აღზრდა, მათში სწორი ღირებულებების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარება და რაც მთავარია! მათ უნდა ვასწავლოთ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი! სიკეთე უნდა ვასწავლოთ, ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ სიკეთე გადამდებია... სიყვარული უნდა ვასწავლოთ, ღვთისა და ადამიანების სიყვარული. სამშობლოს სიყვარული უნდა ვასწავლოთ.
დღეს ჩვენს განათლების სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს-ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის რეფორმა. რეფორმის მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება და სასკოლო კულტურის განვითარება. ბედნიერი ვარ, რომ ამ რეფორმის განხორციელებაში ჩემი პატარა წვლილი შემაქვს, როგორც დაწყებითის მეთოდისტს. დანერგვის პროცესში სასკოლო საზოგადოების დასახმარებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაიწყო მუშაობა ახალი ტიპის რესურსზე. აღნიშნული რესურსი გულისხმობს ვიდეოგზამკვლევების მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე. ამ ეტაპზე ვმუშაობ პირველი კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოზე დაფუძნებულ ვიდეოგზამკვლევებზე. ვფიქრობ, ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებლები შეძლებენ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვას.
სულ ახლახან შევქმენი ფეისბუქ-ჯგუფი ,,დაწყებითი კლასის მასწავლებლის მეგზური“. ჯგუფის მიზანია, მასწავლებლებმა ერთმანეთს შევუწყოთ ხელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მიმდინარე გამოწვევების დაძლევაში. ვიმსჯელოთ პროფესიული ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და გადავამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები, ერთმანეთს შევთავაზოთ საჭირო რესურსები თუ იდეები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ ჯგუფმა მიზანს მიაღწიოს, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ.
- რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს? - როდესაც დამწყებ პედაგოგებზე ვფიქრობ, პირველ რიგში ჩემი შვილი, მარიკა დამიდგება თვალწინ. მან ჩემი პროფესია აირჩია, ისიც დაწყებითი კლასის მასწავლებელია, დამწყები მასწავლებელი. ყველა ის ახალგაზრდა, რომლებმაც პროფესიად მასწავლებლობა აირჩიეს, ჩვენგან განსაკუთრებულ სამადლობელს, პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებენ!
მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება, ჩემს შვილს და ყველა დამწყებ მასწავლებელს, ჩემი მოკრძალებული რჩევები მივცე... უამრავი რჩევა მაქვს, მაგრამ აქ რამდენიმეს გავაჟღერებ:
პირველ რიგში, უზომოდ გიყვარდეთ ბავშვები! თუ ეს სიყვარული გაქვთ, შეუძლებელს შეძლებთ. თქვენც იმ ნათელი ფერებით შეხედე სამყაროს, როგორადაც ისინი ხედავენ და ამ ფერებს კიდევ უფრო ნათელი, ახალი ფერები შემატეთ. იყავით მაგალითი მოსწავლეებისთვის - სიკეთის, სიყვარულის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის მაგალითი. პატივი ეცით მათ სურვილებს, ინტერესებს, დამოკიდებულებებს. საკლასო ოთახში მუდამ ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეთ, ნუ დათრგუნავთ მათ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“. მათი თანატოლი უნდა გახდეთ, მათი გულის მესაიდუმლე და მეგობარი. დაეხმარეთ მათ, გახდნენ ნამდვილი ადამიანები! თავად მიეცით ზნეობის, მეგობრობის, სიყვარულის, პატივისცემის, სამართლიანობის ღირსეული მაგალითი, რადგან ბავშვები ჩვენს ქმედებებს იმეორებენ და არა დარიგებას! მუდამ გახსოვდეთ დიმიტრი უზნაძის რჩევა: ,,თუ აღმზრდელი არ აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი, ამით ის ქმნის უფსკრულს აღსაზრდელისა და აღმზრდელის მისწრაფებებს შორის“. არასოდეს გაარჩიოთ მოსწავლეები ერთმანეთისგან! ხშირად გაუღიმეთ, გულწრფელი, ნაღდი, ნათელი ღიმილით! განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შეცდომას დაუშვებენ. ასწავლეთ, რომ შეცდომის დაშვება არც სირცხვილია და არც ტრაგედია, პირიქით, შეცდომებზე უფრო კარგად ვსწავლობთ! უპასუხოდ არ დატოვოთ არცერთი კითხვა. გჯეროდეთ თქვენი მოსწავლეების! გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ სწორად დაგეგმილი აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს. ამიტომ ყოველთვის დაგეგმეთ მოსწავლეთა ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და უნარებზე ორიენტირებული აქტივობები. იყავით ღია თანამშრომლობისთვის. თუ დახმარება დაგჭირდათ, მიმართეთ კოლეგებს. სთხოვეთ მათ, გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება, თქვენ კი საკუთარი იდეები და გეგმები გააცანით. დაესწარით კოლეგების გაკვეთილებს, ჩაინიშნეთ თქვენთვის საინტერესო აქტივობები. მათაც სთხოვეთ, შეგიფასონ გაკვეთილი. მიიღეთ და საჭიროებისამებრ გაითვალისწინეთ მათი რჩევები. იყავით კომუნიკაბელური და აზრის გამოთქმის არ მოგერიდოთ. იყავით ყოველთვის მოწესრიგებული! არასოდეს შეწყვიტოთ თვითგანვითარება! მუდამ მზად იყავით ახალი გამოწვევებისათვის. გიყვარდეთ თქვენი პროფესია, სულით ხორცამდე! მასწავლებლობა ხომ ყველაფერია!!!