5 წლის ნიკოლოზ-დათუნა ვარდოსანიძის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით. ბიჭუნას საკმაოდ მძიმე დიაგნოზი ჰქონდა. თუმცა საბედნიეროდ, სწორმა მკურნალობამ, მშობლების შემართებამ და საზოგადოების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო და მან სიმსივნე დაამარცხა. გვიამბობს ნიკოლოზის დედა მაკა ვარდოსანიძე:
- მე ვარ მაკა ვარდოსანიძე, ხუთი წლის ნიკოლოზ-დათუნა ვარდოსანიძის დედა. 2020 წლის სექტემბერში ჩემი შვილი მუცლის ღრუს მწვავე ტკივილით გადავიყვანეთ კლინიკაში, სადაც დაუდგინდა ნეფრობლასტომა - ანომალური, ნალისებური თირკმლის ავთვისებიანი გიგანტური ზომის სიმსივნე, სიდიდით 90 მმ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს იყო უზარმაზარი ტკივილი... სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდით უდიდესი პრობლემის წინაშე, ასე მეგონა, ეს იყო სამყაროს დასასრული... არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო მკურნალობა ან რა პროცედურების გავლა გვიწევდა. მამშვიდებდა ის, რომ ბავშვი იყო ძალიან აქტიური და ენერგიული, მაგრამ მანადგურებდა გაფიქრება, რომ მუცელში ჰქონდა გიგანტური ზომის სიმსივნე!
ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლაში გამომყვა, მხარს მიჭერდა, მაძლიერებდა და ჩემს შვილს დედობას უწევდა კლინიკაში, იყო დედაჩემი, ნიკოლოზის ბებო...
ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანმა, რომელიც სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი ჯანდაცვის სამინისტროში - ბუკა ხარაზიშვილმა, გაიგო და გულთან მიიტანა ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ, მოგვცა მიმართულება, რომ სასწრაფოდ მკურნალობა დაგვეწყო ჯერ იაშვილის კლინიკაში, შემდეგ, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლიდა და ეს ოპერაცია ვერ გაკეთდებოდა ჩვენს ქვეყანაში, გავემგზავრებოდით საზღვარგარეთ.
მართლაც, იაშვილში მიგვიღო ქალბატონმა ნინო ტოტოღაშვილმა, გაუკეთდა უამრავი ანალიზი, კვლევები, დავიწყეთ ქიმიოთერაპიები, რომ სიმსივნის ზომა დაპატარავებულიყო. იაშვილის ექიმები (ნინო ტოტოღაშვილი,ლევან ხარაშვილი, ზაზა ჭანტურაია, თამარ ათანესოვი) ძალებს არ იშურებდნენ, რომ ნიკოლოზი გამოეჯანმრთელებინათ. ფაქტობრივად იაშვილის კლინიკაში დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება...
გამოვიარეთ ურთულესი გზა, მადლობა ჩემს ქვეყანას და დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ კლინიკიდან გადაგზავნილ საბუთებს არ აყოვნებდნენ და ქიმიოთერაპიას მალევე მიფინასებდნენ, ექვსი თვის შემდეგ გავაკეთეთ მუცლის ღრუს ექოსკოპია ქალბატონ მაკა ქუთათელაძესთან. სიმსივნის ზომა მართლაც იყო შემცირებული, დაპატარავებული იყო 30 მმ-მდე. ქალბატონმა ნინო ტოტოღაშვილმა მკურნალობა დაგვიწყო სწორი მიმართულებით, მკურნალობის შემდეგ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა რთული რეკონსტრუქციული ოპერაცია, ნარჩენი სიმსივნური მასის რეზექციით.
მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მედპერსონალის მიერ და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს ოპერაცია ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა საქართველოში და სასწრაფოდ საჭიროებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, კერძოდ ფრაიბურგის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკაში. ოპერაციის და მკურნალობის ხარჯები შეადგენდა 25,000 ევროს.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ თანხის შეგროვებაშიც დამეხმარა ბუკა ხარაზიშვილი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა, ჩემი შვილი რაც შეიძლება მალე გადაგვეყვანა გერმანიაში, მკურნალობის თანხის შეგროვებაში დამეხმარა ჯანდაცვის სამინისტრო, ფონდი სოლიდარობა, ანიტას ფონდი, დიმიტრი ცინცაძის ფონდი, ფონდი ერთსულოვნება, ასევე უამრავი კეთილი ადამიანის მიერ შეგროვებული და გადმორიცხული თანხა, დიდ მადლობას ვუხდი ასევე ჩვენს ადგილობრივ გამგეობას (კახეთში), რომელიც ბილეთების შეძენაში დამეხმარა... 11 მარტს გავემგზავრეთ გერმანიაში, გავიარეთ ურთულესი გზა, მოგვათავსეს კლინიკაში... კლინიკას ჰყავდა ძალიან გულისხმიერი და მზრუნველი მედპერსონალი, ჩაუტარეს გამოკვლევები და შვიდსაათიანი ოპერაცია. მადლობა უფალს, ყველაფერი წარმატებით ჩატარდა. 12-14 დღის შემდეგ ჩამოვედით თბილისში, გავაგრძელეთ ქიმიოთერაპიის კურსი - რვა თვე, რაც აუცილებელი იყო.
მკურნალობის შემდეგ ჩავუტარეთ გამოკვლევები, მუცლის, თირკმლის და ფილტვის რადოლოგიური კვლევა, არც ერთი მეტასტაზი არ ვლინდება, ფაქტიურად ჩემმა შვილმა დაამარცხა უმძიმესი დიაგნოზი...
მინდა ყველა მშობელს მოვუწოდო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გწამდეთ და გჯეროდეთ, რომ გამარჯვება ჩვენია, უიმედოდ დარჩენილი დედა დღეს ფეხზე დავდექი და შვილი თავიდან დამებადა.
უდიდესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ ბრძოლაში არ მიმატოვა და გვერდში დამიდგა ფინანსურად და მორალურად!
უფალი შეეწიოს და დაეხმაროს ყველა პატარას!