ხშირად მშობლები საკუთარ შვილებს ეუბნებიან ისეთ ფრაზებს, რაც, ერთი შეხედვით, მათთვის უმნიშვნელოა, მაგრამ სერიოზულ წყენასა და აგრესიას იწვევს მოზარდებში. ეს 13 ფრაზა მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის განვითარებას ხელს უწყობს:
ეს რა ჩაგიცვამს?
ბავშვის არჩევანის გადამეტებული, მკაცრი კრიტიკა იწვევს აგრესიას და აფიქრებინებს მას, რომ მშობლებს მოდის არაფერი გაეგებათ ან მის გარეგნობასა და გემოვნებას აკნინებენ. გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები - ეს მხოლოდ გარკვეული ეტაპია მათ ცხოვრებაში, მაგრამ თუ კატეგორიულად არ მოგწონთ, იყავით პირდაპირები და ამავდროულად, მონახეთ კომპრომისები.
ისევ უაზრობას უყურებ/უსმენ!
რაღაცის მიმართ სიყვარული - ეს არ უნდა გამოხატავდეს მტრობას, არამედ შესაძლოა მოლაპარაკების მიზეზი გახდეს. მაგალითად, განსაზღვრეთ, რამდენ ხანს და რა დროსაა შესაძლებელი მუსიკის მოსმენა, ვიდეოების ყურება და ასე შემდეგ. არგუმენტირებულად აუხსენით შვილს საკუთარი პოზიცია და აჩვენეთ, რომ მისი ინტერესების მიმართ გულგრილი არ ხართ. უთხარით, რატომ არ მოგწონთ ან რატომ მიგაჩნიათ არასაინტერსოდ კონკრეტული მუსიკა თუ ფილმი.
ახლა ინტერნეტს რომ გაგითიშავ, მერე გაიგებ!
ბავშვის მიერ გაჯეტებისა თუ სხვა კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენება და ინფორმაციის მიღება, მშობლების პასუხისმგებლობაა. მაგრამ, თუ თქვენ წინასწარ არ გაქვთ განსაზღვრული გაჯეტების გამოყენების წესები, არ დაგითქვამთ დრო, მაშინ არც მოთხოვნა და აკრძალვა იქნება ეფექტური. ძალიან მკაფიო წესები უნდა არსებობდეს და ამაზე შეთანხმება უნდა შეძლოთ. მუქარით და მკაცრი აკრძალვით შესაძლოა სპირისპირო ეფექტი გამოიწვიოთ.
ვის სწერ გამუდმებით?
ამის ნაცვლად, დაფიქრდით იმაზე, თუ რა გაშფოთებთ რეალურად. გაკვეთილები აქვს სასწავლი და ამის ნაცვლად, მესიჯობს? არ იცით სოციალურ ქსელში მისი სამეგობრო წრე და ეს გაშფოთებთ? მაშინ განიხილეთ შიშები და შვილთან ერთად ისაუბრეთ. მაგალითად, შეგიძლიათ, უთხრათ: "ძალიან მადარდებს შენი უსაფრთხოება, როდესაც ინტერნეტით კომუნიკაცია გაქვს ადამიანთან, რომელსაც რეალურად არ იცნობ, ეს შესაძლოა საშიში იყოს. ამიტომაც, მოდი, განვიხილოთ უსაფრთხოების წესები."
სულ ნერვებს მიშლი!
ამ ფრაზით ბავშვს აჩვენებთ, რომ ტვირთად გაწევთ და თვითშეფასებას უქვეითებთ. ამავდროულად, ეუბნებით, რომ ვერ აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს. როდესაც ძალიან გაბრაზებული იქნებით, უმჯობესია, უთხრათ: "ახლა ძალიან ნაწყენი ვარ და არ მომწონს, რასაც აკეთებ. მომეცი ცოტა დრო, რომ დავმშიდდე და შემდეგ დავილაპარაკოთ."
შენგან ვერაფერ სარგებელს ვერ ვხედავ, არაფრით მეხმარები!
მსგავსი ფრზები მთლიანად ცვლის გარემოს, მაგრამ ბავშვი ვერ იგებს, კონკრეტულად რა პრეტენზია აქვს მის მიმართ მშობელს. ჯობს მსგავსი ფრაზებისგან თავი შეიკავოთ და დააკონკრეტოთ, რა არ მოგწონთ, რის გამოსწორებას უნდა შეეცადოს ბავშვი.

ხომ გითხარი!
წარუმატებლობის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეგახსენოთ შეცდომა და გითხრათ, ეს იმიტომ დაგემართათ, რომ რაღაც არ გაითვალისწინეთ. მაგრამ, მშობლების მხრიდან ნიშნის მოგებით კი არ უნდა იყოს ნათქვამი, არამედ, შეგიძლიათ, გამოცდილება გაუზიაროთ და მშვიდად დაელაპარაკოთ. მაგალითად, უთხარით: "ახლა შენ ზუსტად გეცოდინება, რა მოხდება, თუ ასე გააგრძელებ მოქცევას", ან კიდევ - "ახლა თავად მიხვდები, როგორ არ უნდა მოიქცე."
თუ არ ისწავლი - მენახირე გახდები!
მსგავსი ფრაზის თქმა გაუმართლებელია და საპასუხოდ შესაძლოა ან აგრესია მიიღოთ ან კიდევ ხელები ჩამოუშვას და ჩათვალოს, რომ მაინც არაფერი გამოუვა და ზედმეტი ძალისხმევა აღარაა საჭირო. ფსიქოლოგების დაკვირვებით, პოზიტიური მოლოდინები ხშირად მართლდება. მაგალითად, როცა ეტყვით: "თუ კარგად ისწავლი, შეგეძლება პრესტიჟულ სამსახურში იმუშაო", ფრაზა დაახლოებით იმ შინაარს გამოხატავს, რასაც პირველ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ეფექტური და სასიამოვნო მოსასმენია.
სისულელეა, ნუ ნერვიულობ მაგაზე!
მსგავსმა ფრაზამ შესაძლოა ბავშვს უთხრას, რომ მისი გრძნობები უმნიშვნელო, არასწორი და სასაცილოა ან კიდევ იფიქროს, რომ მშობლებს მისი დარდი სულ არ აინტერესებთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ პრობლემა უმნიშვნელოა, უმჯობესია, უთხრათ: "კარგად ვერ გავიგე, რა განერვიულებს და რატომ. ამიხსენი, თუ შეიძლება."
გოგო/ბიჭი ხომ არ ხარ!
ამ ფრაზით ბავშვს ეუბნებით, რომ თქვენს მოლოდინებს ვერ ამართლებს და უბიძგებთ, რომ ჩამოუყალიბდეს კომპლექსები და არასრულფასოვნების განცდა. თუ გსურთ, რომ თქვენმა ვაჟმა ან გოგონამ ის თვისებები გამოიმუშაოს, რომლებიც თქვენი აზრით, მამაკაცისთვის ან ქალისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მათ რეალური მაგალითი აჩვენეთ, მიუთითეთ კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება მიბაძოს.
ნახე, გიორგი რა ყოჩაღია, შენ კი...
ეს ფრაზა ბავშვებში წყენას იწვევს და აგრძნობინებს, რომ მშობლები მას არ იღებენ ისეთად, როგორიცაა. როგორც წესი, თავიანთ შვილებს იმიტომ ადარებენ სხვა, უფრო წარმატებულ ბავშვებს, რომ სირცხვილის განცდა გამოიწვიონ და ამით უბიძგონ, თავადაც გაყოჩაღდნენ. მაგრამ, ხშირად მსგავს ფრაზებს საპირისპირო ეფექტი აქვთ და ბავშვებს აგრესია უჩნდებათ. ამიტომაც, ჯობს, ასე უთხრათ:"ვთვლი, რომ მათემატიკაში უკეთესი შედეგის მიღწევა შეგიძლია, ამიტომ მინდა, რომ უფრო მეტად მოინდომო და შენი ნიშანიც გაიზარდოს."
იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი!
ვიდრე თქვენს შვილს რაიმეს აუკრძალავთ, განსაკუთრებით კი მოზარდს, ჯობს მყარი არგუმენტები და კონტრარგუმენტები მოიმარაგოთ. მზად უნდა იყოთ დიალოგისთვის. შეიძლება იჩხუბოთ, იკამათოთ, მაგრამ მაშინ, როცა თქვენს შვილს დაელაპარაკებით, შეინარჩუნებთ დიალოგს და ამავდროულად, ერთმანეთთან კონტაქტს.
რას მალავ?!
მოზარდობის პერიოდში "ჩაკეტილი კარი" - ბუნებრივი ეტაპია და ბავშვი განმარტოებისკენ ისწრაფვის. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი რაღაც საშიშს მალავს, მაშინ უმჯობესია, უთხრათ: "ყოველთვის შეგიძლია ჩემი და მამაშენის იმედი გქონდეს და თუ უსიამოვნება შეგემთხვევა, ერთად ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ის."
"თინეიჯერების მშობლებს ეშინიათ თავიანთი შვილების... მაგრამ ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის"- თამარ გაგოშიძე გარდატეხის ასაკში არსებულ სირთულეებზე
როცა მოზარდს კომპლექსები აქვს, არ მოსწონს თავისი გარეგნობა, საკუთარ თავში იკეტება... - თინეიჯერული პრობლემები და ფსიქოლოგის პასუხები