საახალწლოდ თბილისის მერია უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სასურსათო კალათებს დაურიგებს. როგორც რაიონის გამგეობებში გვითხრეს, ეს პროგრამა ყოველწლიურად, საახალწლოდ და სააღდგომოდ მოქმედებს.
სხვადასხვა რაიონში განსხვავებული რაოდენობის კალათი გაიცემა. მაგალითად, დიდუბის რაიონის გამგეობაში გვითხრეს, უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და უსინათლოთა კავშირის წევრებისთვის 2500 სასაჩუქრე კალათია გათვალისწინებული, სამგორის რაიონის გამგეობაში კი 6200. საბურთალოში სულ 1430 სასურსათო კალათა დარიგდება. აქედან 1355 უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის, 15 ვეტერანებისთვის, 60 კი უსინათლოთათვისაა განკუთვნილი. გლდანის რაიონში კი საერთო ჯამში 5500 კალათი.
აღსანიშნავია, რომ 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა, 2 და 3 ადამიანზე - 2, ხოლო იმ ოჯახებისთვის, სადაც 4 და 5 წევრია, 3 სასაჩუქრე კალათი.
როგორც თბილისის მერიაში გვითხრეს, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ სარგებლობენ უფასო სასადილოებით და სურთ, საახალწლოდ მერიისგან მიიღონ სასაჩუქრე კალათი, ინდივიდუალურად, განცხადებით უნდა მიმართონ მერიას.
თამარ იაკობაშვილი