ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში.
ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“.
„ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა? ცერა თითით მიგვანიშნა, კარგად ვარო. საუბარი უჭირდა, ვერც კი დაგველაპარაკა,“- ჰყვებიან ბიჭები.
ცივ, პატარა ქოხში ახლა მხოლოდ გარდაცვლილი მშობლების ფოტოები ხვდებათ. მარტოდ დარჩენილი ბავშვები დროებით დედის ძმამ შეიფარა.
ახლა სოფელ ახალშენში, „ოცნების ქალაქიდან“ საკმაოდ შორს ცხოვრობენ. ამიტომ სკოლაში მისასვლელად ერთი კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით, შემდეგ კი ავტობუსით მგზავრობენ. დედის გარდაცვალების გამო ბავშვებს სოციალური შემწეობაც შეუჩერდათ. ასეთია კანონი, როცა ოჯახში რაიმე ცვლილებაა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას აჩერებს. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა მიზერული სახელმწიფო დახმარება – 100 ლარი ისევ მიიღონ.
„100 ლარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, არაფერში გყოფნის, მაგრამ რას ვიზამთ. საკვები სასადილოდან მოგვაქვს, ბიძაც გვეხმარება. როცა დედა ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, უმამობას არასდროს გვაგრძნობინებდა. გვიჭირდა, მაგრამ ყოველთვის მოჰქონდა რაღაც ჩვენთვის,“ – ამბობს კახა.
როცა ბავშვებს სოციალური სასადილოს საკვები არ მოსწონდათ, დედა ცდილობდა სუნელებით შეეზავებინა. „თითქმის თავიდან ამზადებდა ყველაფერს,“ – გვეუბნება ანრი.
ანრისა და კახას თქმით, დედას ძალიან უნდოდა მათ კარგი განათლება მიეღოთ. „როცა დისტანციურად ვსწავლობდით, ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ არ გაგვეცდინა გაკვეთილები. საავადმყოფოდანაც კი ამას გვთხოვდა,“ – ამბობენ ბავშვები.
კახა გვეუბნება, რომ ადრე უფრო კარგად სწავლობდა, ახლა კი მათემატიკასა და ქართულში დახმარება სჭირდება. „ჩამოვრჩი ინგლისურშიც, მაგრამ ვიმუშავებ, ორმაგად ვიმუშავებ და დავაგროვებ ფულს, რომ მოვემზადო. ვფიქრობ, დავძლევ ჩამორჩენას,“ – გვეუბნება ის.
„კახას კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა უნდა, ამიტომ აპირებდა კომპიუტერის ყიდვას, თუმცა ფული არ გვეყო,“ – გვეუბნება კახას 11 წლის ძმა, ანრი.
„ფულს ვაგროვებდი, დედაც მეუბნებოდა, დაგიმატებო, მაგრამ მაინც ვერ ვიყიდე, ძვირია,“ – გვეუბნება კახა. დედის გარდაცვალებამდე ბიძასთან ერთად მუშაობდა, ტვირთს ვეზიდებოდითო. ფიქრობს, რომ მუშაობა მომავალშიც მოუწევს, სწავლის ფული რომ შეაგროვოს. „დედის ოცნება იყო, რომ გვესწავლა, ამიტომ მინდა ჩავაბარო,“ – ამბობს ისევ კახა. ახლა ის მეათე კლასშია და ფიქრობს, რომ ეროვნულ გამოცდებამდე როგორმე მოასწროს მომზადება. განაგრძეთ კითხვა