ცნობილი ფრანგი მსახიობი და მოდელი, 38 წლის გასპარ ულიელი 19 იანვარს გარდაიცვალა. ის მეუღლესა და შვილთან ერთად ლა-როზიერის სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. გასპარი თხილამურებით სრიალებდა, როდესაც სხვა მოთხილამურეს დაეჯახა და ძლიერი ტრავმები მიიღო. მართალია, სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს კლინიკაში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ორი უშედეგო ოპერაციის შემდეგ ის გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.
გასპარი საფრანგეთის ამომავალ ვარსკვლავებს შორის მოიხსენიებოდა. "სეზარის" ორგზის მფლობელს ბევრი იცნობდა ივ სენ ლორანის როლით გახმაურებულ ფილმში და კიდევ ბევრი სხვა ნამუშევრით. გარდა ამისა, გასპარი წარმატებული მოდელი იყო და "შანელის" მოდის სახლის სახეც წლების განმავლობაში.
მის სახეს განსაკუთრებულ ეშხს სძენდა იარა ლოყაზე, რომელიც არც ისე კარგი მოგონება გახლდათ მისი ცხოვრებიდან. 6 წლისას დობერმანი დაესხა თავს და ლოყაზე იარა მას შემდეგ აქვს.
გასპარი წლების განმავლობაში ხვდებოდა მონაკოს პრინცესა შარლოტა კაზირაგის, ასევე მსახიობ სესილ კასელს. 2013 წლიდან კი ფრანგ მოდელ და მომღერალ გაელ პიეტრისთან იყო და მასთანვე ეყოლა 2016 წელს ვაჟი.