ადამიანებს ამ თემაზე საუბარი ხშირად არ შეუძლიათ. ზოგს ეშინია საზოგადოების დამოკიდებულების, ზოგს რცხვენია, ზოგისთვის კი განსაკუთრებით მტკივნეულია გახსენება. ცნობილი ქალები საკუთარ ისტორიას გულწრფელად ყვებიან და სხვებს გამოცდილებას უზიარებენ.
2017 წელს ტეს ჰოლიდეიმ დაწერა წიგნი საკუთარი წარმატების რთულ გზასა და გამოწვევებზე. 350 გვერდში, plus-size მოდელმა გაამხილა, თუ როგორ აკრიტიკებდნენ ჭარბი წონის გამო. ცალკე თავი დაეთმო იმას, თუ როგორ გახდა გოგონა გაუპატიურების მსხვერპლი. ტესი იმ დროს მხოლოდ 20 წლის იყო და ერთი წლის შვილს, რეინს ზრდიდა. ერთხელ გადაწყვიტა, ბავშვი ბებიასთან დაეტოვებინა, თავად კი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავიდა.
ტესი არასოდეს გრძნობდა მამაკაცების ყურადღების ნაკლებობას. იმ საღამოსაც მასთან ორი ახალგაზრდა ბიჭი მივიდა. სასიამოვნო საუბარი, მსუბუქი ფლირტი, უამრავი კოქტეილი... გოგონამ ვერც კი შეამჩნია, როგორ აღმოჩნდა საძინებელში ახალი ნაცნობების გარემოცვაში.
რაც ამ ფაქტს შემდეგ მოჰყვა, ტეს ჰოლიდეი დიდხანს ცდილობდა დაევიწყებინა და სამუდამოდ წაეშალა საკუთარი ცხოვრებიდან. გარდა ამისა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იღებდა ჰონორეის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომლითაც ერთ-ერთმა მოძალადემ დააინფიცირა.
"გაუპატიურება ჩემი ყველაზე ბინძური საიდუმლო იყო, რომელსაც ჩემთვის ვინახავდი, ვიდრე არ მივხვდი, რომ ამის გამო არ უნდა შემრცხვენოდა." - ამბობს ტესი.
19 წელი ოცნების, ახალი გეგმების დასახვისა და ახალგაზრდობით ტკბობის დროა. თუმცა, სწორედ ამ ასაკში გახდა დამწყები მომღერალი ლედი გაგა ძალადობის მსხვერპლი.
მომღერალმა მომხდარის დეტალები არ გაახმაურა, მოლოდ აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა და თავს, როგორც ბევრი მსხვერპლი, მომხდარში დამნაშავედ თვლიდა. "ვლანძღავდი ჩემს თავს და ვფიქრობდი, რომ თავად მოვახერხე ძალადობის პროვოცირება ჩემი გარეგნობითა თუ ქცევით", - თქვა ლედი გაგამ რადიოწამყვან ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუს დროს.
მომღერალმა აღიარა, რომ გაუპატიურების შემდეგ წლების განმავლობაში ვერ მოვიდა გონს და ვერ გააცნობიერა, თუ რა გაუკეთა მას ამ მამაკაცმა (იყო ჭორები, რომ ის ცნობილი პროდიუსერი იყო). შედეგად ლედი გაგა ყველაფერს მალავდა და დარდისა თუ სტრესის დაძლევას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან მომღერალი მისმა მეგობარმა, ცნობილმა მუსიკოსმა ტონი ბენეტმა გადაარჩინა, რომელთანაც ლედი გაგამ ჯაზ-ალბომი ჩაწერა.
პამელა ანდერსონის ბავშვობასა და ახალგაზრდობას არ შეიძლება მარტივი და უდარდელი ეწოდოს. მამამისი ბევრს სვამდა, დედა კი მიმტანად მუშაობდა ორ სამსახურში, რათა ოჯახზე ეზრუნა. შედეგად, ბავშვებს დიდ ყურადღებას ვეღარ უთმობდა. არც იცოდა, რა ხდებოდა საკუთარი ქალიშვილის ცხოვრებაში. როცა პამელა 6 წლის იყო, ბიძამ იძალადა, ხოლო 12 წლის ასაკში უფროსი ძმის მეგობარმა გააუპატიურა.
სამი წლის შემდეგ, 15 წლის ასაკში, პამელა ანდერსონი მისი მეგობრის მიერ ორგანიზებული ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. "მან გადაწყვიტა, რომ ეს სასაცილო იქნებოდა", - განმარტა მსახიობმა, რომელსაც ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ სურდა - თვითმკვლელობა. საბედნიეროდ, მომავალმა ვარსკვლავმა იპოვა ძალა და ყველა პრობლემას გაუმკლავდა.
სამწუხაროდ, ძალადობა წყვილებშიც ხშირია. მამაკაცები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად მოექცნენ, მეუღლეებს, პარტნიორებს და ქალებს ზოგჯერ წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შესწევთ. ზოგჯერ ეშინიათ, ზოგჯერ უყვართ და ამიტომაც, საპასუხოდ არაფერს აკეთებენ. მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა დიდხანს გაუძლო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოფილი პარტნიორის მხრიდან და ერთ დღესაც მიხვდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. მსახიობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან რთულია ასეთ ტრავმასთან გამკლავება. ვუდის თქმით, მისი თვითშეფასება განადგურდა და მრავალი წლის განმავლობაში პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა, ორჯერ სცადა თვითმკვლელობაც კი, რის შემდეგაც, იძულებული გახდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წასულიყო.
მადონა ახლა ძალიან ძლიერია, თუმცა კარიერის დასაწყისში, როდესაც ახალგაზრდა მომღერალი ნიუ-იორკში ჩავიდა, ცხოვრების ყველა ბნელ მხარეს შეეჯახა და ცუდი გამოცდილება მიიღო.
"ფული მჭირდებოდა, რომ ტელეფონიდან დამერეკა. იმ კაცმა შემომთავაზა, მისი სახლიდან დამერეკა. ძალიან მეგობრული იყო და თქვა, რომ გზის გადაღმა ცხოვრობდა," - იხსენებს მომღერალი ფაქტს შემთხვევიდან 38 წლის შემდეგ. როგორც კი მადონა სადარბაზოში შევიდა, უცნობის კეთილგანწყობა გაქრა, გააუპატიურა და დანით დაემუქრა.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა ამის შესახებ პოლიციას, მომღერალმა თქვა, რომ ეს ძალიან დამამცირებელი იქნებოდა და შერცხვა.
"რა აზრი აქვს ამას? ძალადობა უკვე ჩადენილია და იმის აღიარება, რომ გაგაუპატიურეს, უბრალოდ არ ღირს", - თქვა მადონამ წლების შემდეგ.
2017 წელს, თავის პირველ და ერთადერთ გულწრფელ ინტერვიუში ჟურნალ Rolling Stones-თან, პერის ჯეკსონმა აღიარა, რომ 14 წლის ასაკში უცხო მამაკაცმა გააუპატიურა.
"ეს ძალიან რთული გამოცდა იყო ჩემთვის. არავისთვის მითქვამს ამის შესახებ და ახლაც არ ვარ მზად დეტალურად მოვყვე," - თქვა გოგონამ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ნათესავი და ახლობლი ჰყავს, პერისს მარტოს მოუწია გამკლავებოდა შიშებს, რომლებიც უცნობმა მამაკაცმა ჩაუნერგა. სტრესთან გამკლავებას კი ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით ცდილობდა, რის შემდეგაც იძულებით მკურნალობაში ჩართეს და ფსიქოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
2018 წელს უმა თურმანმა, სხვა ვარსკვლავების კვალდაკვალ, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში ორჯერ დაადანაშაულა. მაგრამ, მსახიობის განცხადებები ამით არ დასრულებულა.
როგორც ვარსკვლავი იხსენებს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში გაიცნო მსახიობი, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო. მამაკაცმა, რომლის სახელიც პრესამ ვერ გაარკვია, ახალგაზრდა ქალი თავის სახლში მიიწვია დასალევად და საუბრის გასაგრძელებლად. უმა დათანხმდა, თუმცა საუბრის ნაცვლად, ახალგაცნობილმა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა.
"ვტიროდი, ვაპროტესტებდი და მთელი ძალით წინააღმდეგობას ვუწევდი", - განაცხადა მსახიობმა, - "მაგრამ, მან თქვა, რომ გასაქცევი არსად მქონდა - კარი დაკეტილი იყო." ამის შემდეგ მოძალადემ გოგონას კარი გაუღო და სახლიდან გაუშვა.
ქარიზმა კარპენტერი 21 წლის ასაკში სერიული მანიაკის მსხვერპლი გახდა. 1991 წელს ის და მისი მეგობრები სან დიეგოს ერთ-ერთ სანაპიროზე ისვენებდნენ. გოგონებმა ღამით ბანაობა გადაწყვიტეს, რა დროსაც მათ მანიაკი დაესხა თავს, გააუპატიურა და ერთ-ერთი კინაღამ მოკლა. გაქცევა მხოლოდ სასწაულით მოახერხეს.
"ამის შემდეგ თავს იმდენად ცუდად და განადგურებულად ვგრძნობდი, დიდი ხნის განმავლობაში ვმკურნალობდი ფსიქიატრთან", - გულწრფელად თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მან ფაქტის შესახებ მხოლოდ 23 წლის შემდეგ შეძლო საუბარი.
"მე დეპარდიეს მსხვერპლი ვარ..." - 25 წლის მსახიობმა ჟერარ დეპარდიე გაუპატიურებაში ამხილა