თამაში ბავშვისთვის სამყაროს აღქმის ერთ-ერთი გზაა და ამ ფორმით ის ახალ საგნებსა თუ სიტუაციებს აღმოაჩენს. თამაშის მეშვეობით, შესაძლოა, გაიგოთ, რა აწუხებს ბავშვს და რისი მოგვარება სურს. პირად გამოცდილებასაც უზიარებს სათამაშოებს ისე, რომ შესაძლოა, თავადაც არ იცოდეს ამის შესახებ. ეს გამოცდილება ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ კი უარყოფითია. მაშ, რატომ უჩნდება ბავშვს სათამაშოების ცემისა და დასჯის სურვილი და რის თქმას ცდილოს ამით?
თუ ბავშვი სათამაშოებიდან ცუდ გმირებს ქმნის და სჯის, სულაც არ არის აუცილებელი, ამის უკან რაიმე საშიში იმალებოდეს. როდესაც თამაშში არის უარყოფითი და დადებითი პერსონაჟები, მაშინ ეს ნორმალურია.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ თამაშის საშუალებით ბავშვი ნაცნობ სცენარს გადმოსცემს. შესაძლოა, უბრალოდ ფანტაზიორობს, საფუძვლად აქცევს მულტფილმებში ან ტელევიზორში ნანახ სიტუაციებს, ან ცდილობს, გაიმეოროს კონკრეტული სიტუაცია, რომლის წინაშეც თავად დგას. თამაშის მეშვეობით ბავშვები ხშირად ცდილობენ გაიგონ, რა არის კარგი და რა ცუდი, ასახონ საზოგადოებაში მიღებული ნორმები.
თამაშებში თვითგამოხატვის ორი ვარიანტი არსებობს:
- ბავშვი უბრალოდ გადმოსცემს იმ სცენარს, მონაკვეთებს, რომლებიც ირგვლივ დაინახა;
- ბავშვი თამაშობს ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომელიც მას რეალურად შეემთხვა.
რა პრობლემები შეიძლება აისახოს თამაშის კონკრეტულ მომენტში?
როცა ბავშვი სცემს და სჯის სათამაშოებს, ამ შემთხვევაში, ის, დიდი ალბათობით, ვიღაცის ქცევის მოდელს იმეორებს. ხშირად კი ესენი მშობლები არიან, რომლებიც თავიანთ შვილებს სჯიან. ამ შემთხვევაში, უნდა დაათვალიეროთ, როგორ ასახავს თამაშში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, დაინახოთ თქვენი ქცევის ნიმუში და გადახედოთ მას.
თამაშებში ასახული ქცევა ყოველთვის არ ახასიათებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, თუ ის სისტემატურად იმეორებს რაიმე სახის ნეგატიურ ამბავს, მაშინ უფროსებმა ამაზე აუცილებლად უნდა გაამახვილონ ყურადღება. შესაძლოა, პრობლემები აქვს თანატოლებთან, ან საბავშვო ბაღის მასწავლებელთან.
უნდა გესმოდეთ, რომ თამაშში ქცევა თავისთავად რაიმე სახის პრობლემის სიგნალი არ არის და მხოლოდ ამ კუთხით არ უნდა შეხედოთ. თუმცა, თუ უფროსი ამჩნევს, რომ შეშფოთების მიზეზი აქვს, ბავშვი ასაკისთვის შეუფერებელ ქცევას მიმართავს, ძალადობს, ამ შემთხვევაში ყურადღების გამახვილება ღირს.
როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ბავშვის უცნაურ ქცევაზე?
მშობლებმა არ უნდა გააკრიტიკონ ბავშვის თამაში და არ მოსთხოვონ მას შეწყვეტა. უმჯობესია, დაკვირვება სცადოთ, რათა გაიგოთ, რატომ აირჩია ბავშვმა ეს კონკრეტული სცენარი. მნიშვნელოვანია, არ ჩაერიოთ თამაშში და არ გამოასწოროთ ქცევა, არამედ უბრალოდ დააკვირდეთ და ისაუბროთ.
თუ უცნაური ქცევა არსაიდან მოვიდა, მაგრამ გსურთ, გაიგოთ რატომ ფიქრობს ბავშვი თამაშისას ამაზე, აიღეთ რომელიმე სათამაშო და შეეცადეთ ითამაშოთ შვილთან ერთად. ნება მიეცით თქვენს გმირს დაუსვას კითხვები თამაშის სხვა მონაწილეებს, დაუკავშირდეს მათ. ჰკითხეთ, რატომ აკეთებს ამას ესა თუ ის პერსონაჟი, რას გრძნობს და ა.შ. შესაძლოა, თქვენს გმირთან ურთიერთობისას ბავშვი გაიხსნას და შეძლოთ იმის გაგება, თუ რა აწუხებს.
ასევე, დაფიქრდით, რამდენად ხშირად გამოხატავთ ოჯახში უარყოფით ემოციებს. თუ თქვენს შვილს უკრძალავთ ბრაზისა და იმედგაცრუების გამოხატვას, მაშინ ის ამას თამაშში გადაიტანს. ამიტომ, მიეცით საშუალება, გამოავლინოს ნებისმიერი ემოცია, თუნდაც უარყოფითი.
როცა ბავშვს ბევრი სათამაშო აქვს, მაგრამ ვეღარ ერთობა - რაშია გამოსავალი და რატომ არის მავნე ზედმეტად ბევრი სათამაშო