მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილები სარისკო და საშიშ გამოწვევებში, ე.წ. "ჩელენჯებში" იღებენ მონაწილეობას. სიმაღლიდან გადახტომა, საკუთარი თავის დაზიანება, სახლიდან გაქცევა... მოზარდებში მსგავსი იდეების გავრცელება ახალი არ არის, თუმცა თანამედროვე პირობებში განსაკუთრებით საშიში ხდება. ბავშვები ხშირად სხვებისთვის თავის მოწონების მიზნით იღებენ საშიშ ვიდეოებს და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. შედეგად კი აქვთ მოლოდინი, რომ ვიდეოებსა თუ ფოტოებზე მოწონებების რაოდენობაც გაიზრდება და გამომწერთა რიცხვიც.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა გააფრთხილონ ბავშვები თითოეული ინდივიდუალური გამოწვევის, ჩელენჯის საშიშროების შესახებ, უკვე ცხადია, რომ აუცილებელია ასწავლონ მათ კრიტიკული დამოკიდებულება ყველა ისეთი უცნაური ქცევის მიმართ, რომლებსაც ინტერნეტში ხშირად ხვდებიან.
ამიტომაც, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, შვილებს ესაუბრონ იმ ტრაგიკული შემთხვევების შესახებ, რაც შესაძლოა მსგავს ქცევებს მოჰყვეს.
საუბრის დროს ეცადეთ, ბავშვთან ერთად იმსჯელოთ, თუ როგორ მიუდგეს კრიტიკულად იმ მიზნებს, რომლებსაც კონკრეტული გამოწვევა სთავაზობს. მაგალითად, თუ გამოწვევა გულისხმობს შემთხვევით, უცნობ ადამიანებთან კონტაქტს და გარკვეული დავალებების შესრულებას, უნდა უთხრათ, რა შეიძლება გამოიწვიოს სრულიად უხო პირებთან კომუნიკაციამ.
ვინაიდან აქტივობის სახელწოდება თავის თავში გულისხმობს გამოწვევას, ეს ბუნებრივად უნდა იყოს სიგნალი ბავშვებისთვის, რომ თავი აარიდონ მსგავს რაღაცებს, რათა ზიანი არ მიაყენონ არც საკუთარ თავს და არც სხვა ადამიანებს.

ბავშვებს თანატოლების თვალში პოპულარობა და აღიარება სურთ და ეს შეიძლება იყოს ძლიერი მოტივატორი, გააკეთონ ის, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდნენ.
შეგიძლიათ, წინასწარ იფიქროთ ბავშვთან ერთად, რას უპასუხებს, თუ მასზე ვინმე ზეწოლას შეეცდება და შესთავაზებენ რაიმე ისეთის გაკეთებას, რაც ნამდვილად ძალიან ცუდი იდეაა. მაგალითად, "მეგობარო, მე ამას არ გავაკეთებ, ეს სისულელეა". შეუძლია უფრო მარტივად უპასუხოს: "არა, მადლობა, არ მაინტერესებს".
უნდა ესაუბროთ ხოლმე, რომ მთავარი მიზანი და პრიორიტეტი არ არის პოპულარობა ან იყოს ისეთი, როგორიც ყველაა. დაუსახეთ მკაფიო და ჯანსაღი მიზნები, ესაუბრეთ ხშირად პოპულარობის საფრთხეებზე და მინუსებზე, მასაში გათქვეფის მინუსებზე და ინდივიდუალურობის, დამოუკიდებლად აზროვნების პლუსებზე. ხშირად უამბეთ პოზიტიური მაგალითების შესახებ, თუ როგორ მიაღწიეს ადამიანებმა ნამდვილ წარმატებებს შრომით, სწავლით, ინდივიდუალიზმით, პროგრესული იდეებით.
კარგი იდეაა, თუ დაითანხმებთ თქვენს შვილს საიდუმლო კოდის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ გამოიყვანოთ მძიმე სიტუაციიდან.
მაგალითად, ის გიგზავნით რაიმე სიტყვას ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას - რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენ დაურეკავთ და ეტყვით, რომ სასწრაფოდ წამოვიდეს სახლში. ეს საშუალებას მისცემს ბავშვს, სწრაფად გამოვიდეს რთული სიტუაციიდან და არავის არაფერს აუხსნის.
აუცილებელია, მშობელს ღია და თბილი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან და ბავშვს მასთან ყოველთვის მიესვლებოდეს. არ ეშინოდეს მისთვის ამბების გაზიარების და როცა საფრთხეს იგრძნობს, პირველ რიგში ამის მშობელთან გაზიარების სურვილი ჰქონდეს. იცოდეს, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და ყველა სიტუაციაში, მარტო თუ ვერა, მშობელთან ერთად აუცილებლად იპოვის გამოსავალს.
სკოლაში კი პედაგოგებმა უნდა იკისრონ ეს როლი - იყვნენ გახსნილები ბავშვებთან, საგნების გარდა ესაუბრონ თანამედროვე გამოწვევებზე, საფრთხეებზე და წაახალისეთ ბავშვები, რომ გაუზიარონ ინფორმაცია ერთმანეთს, მეგობრებს საფრთხეების შესახებ. თუ მშობელი არ ჰყავს გვერდით ან არ აქვს მასთან მეგობრული ურთიერთობა, ბავშვს უნდა შეეძლოს, სკოლაში საყვარელ პედაგოგს ან თანაკლასელს მაინც გაუზიაროს შიშები და დახმარება ითხოვოს.
"10-11 წლის გოგონები საკუთარ სექსუალობაზე საუბრობენ და საოცარ ვიდეოებს დებენ" - რა ხდება "ქართულ ტიკ-ტოკზე" და უნდა გააკონტროლოს თუ არა მშობელმა ბავშვის სოციალური ქსელები