რა შეიძლება იყოს ორი ან მეტი შვილის აღზრდისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა - მათი შედარება? იარლიყების მიწებება? რა თქმა უნდა, ესეც ცუდია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ თითოეულ მათგანს ყველაფერს თანაბრად ვაძლევთ და მშობლები თუ ასე არ იქცევიან, თავს დამნაშავედ გრძნობენ.
არის ასეთი ილუზია, რომ თუ თქვენ მათ თანაბრად დაუთმობთ დროს, ყურადღებას, სიყვარულს, სათამაშოებს, ტკბილეულს, მიანიჭებთ ერთნაირ უფლებებს და ა.შ., ბავშვები თქვენთან კამათსა და ჩხუბს შეწყვეტენ, თუმცა ათასობით ოჯახის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ გამათანაბრებელ ქცევას აზრი არ აქვს და ბავშვები მაინც აგრძელებენ ჩხუბს. რა თქმა უნდა, თუ მივლინებიდან, სხვა ქვეყნიდან ბრუნდებით და მხოლოდ ერთი ბავშვისთვის ჩამოგაქვთ საჩუქარი, დანარჩენებს კი მხიარულად მიესალმებით, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება. მაგრამ, რაც უფრო ხშირად შეძლებთ მსგავსი ამბისგან თავის დაღწევას, მით უკეთესი.
მაშინ, თუ თანაბრად არა, როგორ შეგვიძლია გავუნაწილოთ ბავშვებს დრო, ყურადღება, მატერიალური საკითხები? ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:
მიეცით მათ ყველაფერი, საჭიროების მიხედვით
მაგალითად, თუ მივლინებიდან ბრუნდებით, შეგიძლიათ უფრო დიდი სათამაშო ჩამოუტანოთ თქვენს ქალიშვილს, ხოლო პატარა მანქანა ვაჟს, მაგრამ სწორედ იმ კოლექციიდან, რომელსაც აგროვებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიეცით თანაბარი შესაძლებლობები იმის მიხედვით, რაც მოსწონთ და აინტერესებთ და არა მაინცდამაინც ზუსტად ერთნაირი ზომისა და ფორმის სათამაშოებით. ან კიდევ საკვების შემთხვევა განვიხილოთ, მაგალითად ყველას ერთნაირი რაოდენობის მარწყვი არ უდევს თეფშზე. ამ დროს ერთი ტირილს იწყებს და ამბობს "მას უფრო მეტი აქვს", ასეთ დროს არ დათვალოთ კონკრეტული პროდუქტი, უბრალოდ ჰკითხეთ თქვენს შვილს, რა ანერვიულებს: "კიდევ გინდა მარწყვი?", "არ გყოფნის, რაც გაქვს?" მსგავსი ფრაზებით ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ საკუთარ საჭიროებებზე და არა და-ძმასთან შეჯიბრზე. თუმცა, თუ შეზღუდული რაოდენობის პროდუქტია და ყველას ერთნაირად სურს, ასეთ დროს ჯობს, თანაბარი რაოდენობით გაუნაწილოთ.
გაუნაწილეთ ყველაფერი მხოლოდ სიტუაციის მიხედვით
გავრცელებული ტრადიციაა დაბადების დღის საჩუქრების მიცემა არა მხოლოდ თავად იუბილარისთვის, არამედ სხვა ბავშვებისთვისაც ისე, რომ მათ არ ეწყინოთ. თუმცა, ფსიქოლოგების აზრით, ეს ტრადიცია არ არის სასარგებლო და მათი თქმით, მას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებულია. ძალიან კარგია, თუ ყველა იღებს იმას, რაც ნამდვილად უნდა და როცა ყველაზე მეტად სჭირდება.
მიეცით შესაძლებლობები ასაკის მიხედვით
"რატომ შეიძლება ეს მისთვის და ჩემთვის არა? ის თუ მიდის მარტო, მე რატომ არ მიშვებთ? მას თუ აძლევთ ფულს, მე რატომ არ მაძლევთ?" - როცა ბავშვი მსგავს ფრაზებს ამბობს, უნდა აუხსნათ, რომ პირობითად, მისი ძმა ათი წლისაა, თავად კი სამის. უნდა უთხრათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს უფრო მეტი უფლება და ამავდროულად, პასუხისმგებლობაც აქვთ.
"ცალკე აღსანიშნავია მშობლის დროისა და ყურადღების განაწილება, რისთვისაც ბავშვები ხშირად ებრძვიან ერთმანეთს. თუმცა, ყველა ოჯახში, სადაც ერთზე მეტი შვილია, უნდა იყოს ინდივიდუალური დრო. თუ ერთს უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ მოუსმინოთ, რაღაცაში დაეხმაროთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი საათი გაქვთ თანაბრად გამოყოფილი თითოეულისათვის, უარი არ უნდა უთხრათ დახმარებაზე", - ამბობენ სპეციალისტები.
დაგეგმეთ მათი საყვარელი აქტივობები, მაგალითად, წაიყვანეთ პარკში, გაასეირნეთ და აგრძნობინეთ, რომ მზად ხართ, იმ ეტაპზე მხოლოდ მას მოუსმინოთ და მასთან თამაშში ჩაერთოთ. იგივე გააკეთეთ სხვა შვილთანაც, გარკვეული პერიოდულობით. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ არ გაქვთ ამდენი დრო, მაგრამ ბავშვები იმსახურებენ, 15 წუთი მაინც დავუთმოთ მათ ბედნიერებასა და სიხარულს.
როცა ბავშვები ჩხუბობენ - როგორ უნდა მოიქცეს მშობელი
სწორი ფრაზები, როცა შვილები ჩხუბობენ