დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება, როდის უნდა გაიპარსოს მოზარდმა წვერი, როგორი უნდა იყოს მოვლის პროცედურა, რომ გაღიზიანება თავიდან ავირიდოთ და რომელ საშუალებებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ასევე იწვევს თუ არა ამავე ასაკში წვერის გაპარსვა აკნეს:
- გაპარსვამ შესაძლებელია პროვოცირება მოახდინოს აკნეს გამწვავების. შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს აკნე და გაპარსვით გამწვავდეს. ასევე, გაპარსვის დროს შესაძლოა თმის ფოლიკულის ანთება განვითარდეს, რაც სხვა დიაგნოზია. წვერის გაპარსვას, ასევე ეპილაციას აკნეს გამოწვევა არა, მაგრამ გამწვავება შეუძლია.
- ზოგადად, მოზარდობის ასაკში წვერის გაპარსვასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ ურჩიოთ ბიჭებს, რა ტიპის ხელსაწყო უნდა გამოიყენონ, როგორი წყლით უნდა დაიბანონ და რომელი საშუალების გამოყენება სჯობს?
- გაპარსვამდე კანი თბილი წყლით უნდა დაიბანონ. ხოლო, გაპარსვის შემდეგ პირიქით, ცივით უნდა ჩამოიბანონ. არსებობს სხვადასხვადონიანი საპარსი. არ არის რეკომენდებული რამდენიმედონიანი საპარსის გამოყენება. ასევე, რეკომენდებულია, გამოიყენონ ე.წ. ერთჯერადი გამოყენები საპარსი, რომელსაც შეიძლება მაქსიმუმ 5-ჯერ მიმართონ. ამის შემდეგ უმჯობესია, რომ შეიცვალოს. როდესაც მრავალჯერადი გამოყენების საპარსს იყენებენ, რომელსაც 20-30-ჯერ მიმართავენ, ეს უკვე პრობლემას ქმნის, ჯობს, ერთჯერადი გამოყენების შეიძინოთ. წვერის გაპარსვა თმის ზრდის მიმართულებით უნდა მოხდეს და არა პირიქით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაპარსად უმჯობესია თუ გამოიყენებენ ქაფს ან გელს, ხოლო გაპარსვის შემდგომ ე.წ. After Shave-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული. უნდა გამოვიყენოთ ჩვეულებრივი, დამატენიანებელი საშუალება, რომელსაც კანის ტიპის მიხედვით ავარჩევთ.
- ბიჭებში წვერის გაპარსვა რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული?
- რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია. ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. თუ მშობელი აფიქსირებს, რომ ბავშვს თმის არსებობის გამო რცხვენია და თავს ცუდად გრძნობს, აუცილებელია, რომ მოვაშოროთ. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი 10 წლის იქნება, თუ 13-ის. ზოგადად, მომწიფების ასაკი გაახალგაზრდავდა და ბევრი წლის წინ თუ დაახლოებით, 13 წელი ითვლებოდა, ახლა 11 წლამდეა ჩამოსული.