რა არის ბედნიერება და ბედი და როგორ ჰქმნის თითოეული ადამიანი მას თავად - სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი
შალვა ამონაშვილი "ამონაშვილის აკადემიის" გვერდზე გამართულ ლაივ-ჩართვაში და საინტერესო რჩევებს გვიზიარებს:
- ხშირად მიკითხავს მშობლებისთვის, რას ისურვებდნენ თავიანთი შვილებისთვის. ბევრი მიპასუხებს ხოლმე, რომ ბედნიერებას. ალბათ, თქვენც ასე იტყოდით. მაგრამ, როცა ვეკითხები, რა არის ბედი და ბედნიერება, იქ უკვე ჩავიჭრებით ხოლმე... მართლაც, რა არის ბედი და ბედნიერება? გვინდა ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ, ესე იგი, რა უნდა ჰქონდეთ მათ, რომ ბედნიერებად ჩავთვალოთ? ბევრი ქონება უნდა ჰქონდეთ? ყველაფრით უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ, არაფერი აწუხებდეთ, დარდი არაფრის ჰქონდეთ? თუ ბედნიერებას მუდმივ ბრძოლას, ძიებას, პოვნას, წინსვლას დავარქმევთ? თუ ბედნიერებას დავარქმევთ იმას, რომ ყველაფერი გვაქვს და აღარაფერი გვინდა, ეს გაჩერებული ცხოვრებაა. შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში ცუდი აზრები, ახალი საქმეები წამოვიწყოთ, ან კიდევ თათქარიძის არ იყოს, წამოვწვეთ და ჭერზე ბუზების თვლა დავიწყოთ. ჩავთვალოთ "კაცია-ადამიანის?!" გმირი ბედნიერ კაცად? თუ მას ვკითხავდით, ბედნიერია თუ არა, იტყოდა, რომ კი, დარეჯანი მყავს, თავადი ვარ, მინდა ბოზბაშს შევჭამ, ან ჩიხირთმასო და სხვა ამგვარი. მაშასადამე, ბედი და ბედნიერება გასარკვევი ცნებებია.
ხანდახან გვგონია, რომ ბედი გამოწერილი გვაქვს. ბედი არ გვწერებიაო, ვიტყვით ხოლმე, ან კიდევ პირიქით. ბედი მხოლოდ კარგ მოვლენასთანაა დაკავშირებული. თუ ბედი გვეწვია, მაშასადამე რაღაც კარგი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. რაღაც მოვიგეთ, წინ წავიწიეთ, რაღაცას დავეუფლეთ, ავითვისეთ, თანაც ეს ისე მოხდა, რომ იოლად გამოგვივიდა. თითქოს კარს მოგვადგა, ჩვენ ცოტას შევეშველეთ, რამაც ჩვენი ცხოვრება წინ წასწია. ბედი ჩვენ ასეთი რამ გვგონია. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასე არ არის.
რასაკვირველია, მომავალში თითოეულ ჩვენგანს ბედი უწერია, მაგრამ ეს იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ ჩვენი წიგნი აიღო და ჩაგვიწერა, რა უნდა დაგვემართოს. ასე არ არის. ფაქტობრივად, მომავალ გვერდებზე მწერლები თავად ჩვენ ვართ. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ბედში გავერკვეთ, წინასწარ ერთი კანონი კარგად უნდა გავიცნობიეროთ. ეს მიზეზ-შედეგობრიობის კანონია, რომელიც მსოფლიო, კოსმოსური წესია და მას ვერსად წავუვალთ. თითოეული ჩვენი ქცევა მომავალი შედეგების მიზეზია. მაშასადამე, არსებობს მიზეზი, რომელსაც უთუოდ მოჰყვება შედეგი. არ არსებობს მიზეზი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება. რაც უფრო დიდია მიზეზი, შედეგიც მეტია და პირიქით. გვინდა, რომ მომავლის წიგნში კარგი ბედი ჩაიწეროს? თუ კარგი ცხოვრება გვინდა, ხომ უნდა ვისწავლოთ, ხომ უნდა გავიგოთ ცხოვრების კანონები, ურთიერთობა დავამყაროთ ადამიანებთან, ხომ უნდა გვქონდეს ამაღლებული გემოვნება და კულტურა, რაღაც სულიერებას ხომ უნდა ვეზიაროთ - თუ ეს მიზეზები შევაგროვეთ, რა თქმა უნდა, სად გაიქცევა ის სიკეთე, რაც კარს მოგვადგება?! ამ კარს მომდგარ სიკეთეს კი ბედსა და ბედნიერებას დავარქმევთ.
ამიტომაც, მოგმართავთ კითხვით, გიფიქრიათ მიზეზებზე თქვენს ცხოვრებაში? ხანდახან შვილს ვეტყვით ხოლმე, "არ შეიძლება ასე გააკეთო!" რატომ? - იმიტომ, რომ მას რაღაც მოჰყვება. მაშ, მიზეზ-შედეგობრივი კანონი ვიცით. ბავშვს რაღაცას ვუშლით იმიტომ, რომ ვიცით, თუ ის იმას გააკეთებს, ისეთი შედეგი მოჰყვება, რაც არ გვინდა, რომ მოხდეს. ეს კანონი ვიცით, მაგრამ მას შეგნებულად არ ვუდგებით. შემთხვევით ვქმნით მიზეზებს და არა ჩვენი გულის სიბრძნით. თუ გულის სიბრძნით შევქმნით მიზეზებს, მაშინ, რასაკვირველია, ჩვენი ბედიც სხვანაირად შედგება. ახლა კი თქვენ, ჩემო ძვირფასებო, მოიფიქრეთ, რა გინდათ, რომ თქვენს ბედს დაუწეროთ, რა ბედს გინდათ, რომ ეწიოთ, რა გინდათ, რომ მომავალში გქონდეთ?