4 აპრილს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მთავრდება. ეს პროცესი აბიტურიენტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ირჩევენ იმ უნივერსიტეტებსა და პროგრამებს, სადაც სწავლის გაგრძელება სურთ. ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი ხდება სტუდენტი, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რეგისტრაციისა თუ პროგრამების არჩევისას უშვებენ მნიშვნელოვან შეცდომებს, რის გამოც ვერ ხვდებიან სასურველ უნივერსიტეტში ან საერთოდ ვერ ახერხებენ ჩარიცხვას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი
მაია გაბუნია გვიყვება, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები რეგისტრაციისას და რა მთავარი რჩევები უნდა გაითვალისწინონ ამ დროს:
- რეგისტრაციისას ზოგჯერ აბიტურიენტები არ აქცევენ ყურადღებას, გაზრდილია თუ არა კონკრეტულ პროგრამაზე საგანთა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აკრედიტებულია თუ არა პროგრამა, რამდენია სწავლის საფასურის ოდენობა, რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლება და სხვა. ასევე, თუ აბიტურიენტი აბარებს სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო მიმართულებაზე და სწავლის გაგრძელებას განიხილავს სხვა პროგრამებზეც, უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციისას მხოლოდ ორი საგნისა და შემოქმედებითი ტურის არჩევის შემთხვევაში, ის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის არჩევას ვერ შეძლებს. აუცილებელია მესამე საგნის ჩაბარებაც.
- რამდენად ხშირად ეშლებათ კონკრეტული პროგრამის კოდი, რის გამოც აბიტურიენტები მათთვის არასასურველ ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტში ხვდებიან?
- ამ ტიპის შეცდომებმა იკლო, თუმცა აბიტურიენტებმა იციან, რომ ერთი წლის შემდეგ მობილობით შეუძლიათ გადასვლა სასურველ პროგრამაზე და შესაბამისად, ეს შეცდომა ნაკლებად პრობლემურია.
- რომელ პროგრამებსა და ფაკულტეტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა დღეის მდგომარეობით უნივერსიტეტებში?
- ყოველ წელს ძალიან პოპულარულია ბიზნესადმინისტრირება, სამართალმცოდნეობა, ჯანდაცვის მიმართულებები, ფსიქოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.
- რა არის ის მთავარი რჩევები, რომლებიც აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ?
- აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, პრიორიტეტულ ჩამონათვალში, პირველ რიგში, ჩაწერონ მათთვის სასურველი პროგრამები და გაითვალისწინონ, რომ რაოდენობაში არ არიან შეზღუდული. ყველა ცვლილების შეტანის შემდეგ გამოიყენონ შენახვის ღილაკი. მიაქციონ ყურადღება, რა წერია იმ პროგრამის გასწვრივ, რომელზეც სურთ სწავლის გაგრძელება, რომელია ამ პროგრამისათვის პრიორიტეტული საგნები, გაზრდილია თუ არა რომელიმე საგნისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აკრედიტაციის ვადები, რადგან თუ ჩარიცხვის მომენტში პროგრამა არ იქნა აკრედიტებული - გრანტი არ გაიცემა. ასევე, ხომ არ აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დამატებით სპეციალური მოთხოვნები და სხვ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ის შეკითხვები და პასუხები, რაც ყველაზე ხშირად აინტერესებთ ხოლმე აბიტურიენტებს. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
- მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.
- მას შემდეგ, რაც შედეგებს გავიგებთ, პროგრამების მხოლოდ დამატება შეგვიძლია თუ წაშლაც?
- რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ, დაამატოთ ან გადაანაცვლოთ საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს შედეგების გაგების შემდეგაც ექნებათ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.
- სად უნდა მოიძიოს აბიტურიენტმა, რომელი პროგრამა რა საგანს ითხოვს და გაზრდილია თუ არა ზღვარი რომელიმე მათგანზე?
- ეს ინფორმაცია მითითებულია "ცნობარში აბიტურიენტებისათვის". ცნობარში მოცემულია ცხრილები, რომლებშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სწავლის საფასური. მსურველებს შეუძლიათ იხილონ ასევე ინფორმაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.
- ოქროს მედლის გამო რაიმე პრივილეგიით თუ სარგებლობს აბიტურიენტი?
- ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში განიხილება. ჩარიცხვის შემდეგ კი შეგიძლიათ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოთ, რადგან ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს აქვს სტიპენდია გამოყოფილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი პირებისათვის.
- თუ აბიტურიენტი 4 აპრილის ჩათვლით ვერ მოასწრებს რეგისტრაციის გავლას, ექნება შანსი, რომ გამონაკლისის სახით ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დარეგისტრირდეს? თუ არა, მაშინ რას გულისხმობს სამეტაპიანი რეგისტრაცია?
- ეს გამორიცხულია. ბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი სამ ეტაპად ტარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ძირითად ეტაპზე (4 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (14 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება
- რა სიახლეები შეეხო 2022 წლის გამოცდებს და რატომ?
- 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ არა მხოლოდ მათემატიკა ან/და ისტორია, არამედ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ეს სიახლე აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის.
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის თაობაზე
სრულად იხილეთ ბმულზე. ასევე, 2022 წლის გამოცდებთან და კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებით რჩევებს
გაეცანით ბმულზე. შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
თამარ იაკობაშვილი