30 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:
"30 აპრილამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 24-29 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ტემპერატურა დღისით 27-29 გრადუსი ფარგლებშია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
მისივე განმარტებით, მაისის თვეში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი:
"თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალია. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ცალკეულ დღეებში შეიძლება 32 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ, ხოლო კოლხეთის დაბლობზე - 34 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ქართლის ვაკესა და კახეთში ცალკეულ დღეებში შეიძლება 33 გრადუსამდე მოიმატოს. რაც შეეხება ნალექებს, დასავლეთ საქართველოში მაისის თვეში ნალექები კლიმატურ ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში მეტი, ზოგან კი კლიმატურ ნორმასთან ახლოს." - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ. თამარ იაკობაშვილი