3 წლის წინ ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის და, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი
სალომე ბარკერი სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით მიღებულ ახალ წესებს ეხმაურება და წერს, რომ სოფის საქმე სასამართლოში ჯერად არ დასრულებულა.
"2019 წლის 26 მაისს სკოლის ექსკურსიაზე წასული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი მეორე დღეს სახლში მკვდარი ჩამოვასვენეთ. სოფი ნინოსხევის ჩანჩქერში თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად ბანაობისას დინებამ წაიღო და წყალში დაიხრჩო.
საქმეზე გამოძიება მეორე დღეს, 2019 წლის 27 მაისს დაიწყო 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), რამდენიმეთვიანი ტანჯვის მერე მაღირსეს დაზარალებულის სტატუსი, ერთი წლის შემდეგ კი, (ფეისბუქზე ოცჯერ დაწერილი “პროკურატურა, ჰა რას შვრებით, ხო არ დაგავიწყდით” პოსტის მერე) 2020 წლის პირველ ივლისს საქმე გადაკვალიფიცირდა და სოფის ორ მასწავლებელს ბრალი წარედგინა 220-ე, გულგრილობის მუხლით, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ტომნახევრიანი საქმე გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა განსახილველად.
ორი წლის განმავლობაში სულ ჩატარდა ათამდე პროცესი და გამოიკითხა ათამდე მოწმე. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით გამოკითხულები არიან მხოლოდ სკოლის მოსწავლეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები. გამოსაკითხია ადგილზე შემთხვევის ადგილას მყოფი და ფაქტის შემსწრე ოთხი მოწმე, რომელიც არ წარმოადგენს არც სკოლას და არც დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართა 2021 წლის ივლისში! ამის შემდეგ სასამართლო პროცესი აღარ გამართულა და სხვადასხვა მიზეზებით (პანდემია, შვებულება, არჩევნები..) გადადებულია გაურკვეველი დროით.
ახლა 2022 წლის მაისია, სოფის სიკვდილიდან სამი წელი გავიდა. და უკვე 9 თვეა სასამართლო აღარ მიმდინარეობს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს განრიგში თვის ბოლომდე ჩანიშნული საქმეების სიაში სოფის საქმე არ იძებნება.
შესაბამისად, ხვალ, 6 მაისს ვაპირებდი გურჯაანის სასამართლოს წინ ჩასვლას სამი ბანერით - რას ელოდებით ამდენ ხანს? (რეფერენსი: 3 Billboards Outside Ebbing, Missouri) და ამ პოსტის გამოქვეყნებასაც ხვალ ვაპირებდი, ბანერების ფოტოთი.
თუმცა, მოულოდნელად და სასწაულებრივად (ჰაჰ) დღეს შეგვატყობინეს, რომ მაისში ერთბაშად 3 (სამი) პროცესი ჩაინიშნა ყოველ ორშაბათს.
ალბათ უბრალოდ დამთხვევაა, აბა რა.#ძაანსაყვარელისაქართველო
პ.ს. ასევე დღევანდელი ექსკურსიის რადიუსის ამკრძალავი კანონი რა თქმა უნდა კომიკური მგონია, თუმცა მდინარეებსა და სხვა "საშიშ" ტერიტორიებზე ბავშვების ტანტალიც იკრძალება ამ ახალი კანონით და მივესალმები, რამდენადაც შესაძლებელია.
მაინცდამაინც კანონში თუ არ ჩაგიწერეს ისე ვერ ხვდებით ვითომ მაგდენს, რომ ექსკურსია საქეიფო და გასალეში ადგილი არ არის?? რომ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია? მაგრამ იქნებ ვერც ხვდებით. Who knows. სოფის სკოლა რომ პასუხისმგებლობას ამის მიუხედავად ვერ აირიდებთ, მაგასაც შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ყოველი შემთხვევისთვის" - წერს ბარკერი.
"რასაც ვაკეთებ, ყველაფერს სოფის სახელზე ვაკეთებ... ვცდილობ არ გავჩერდე, რომ ცუდი ფიქრებისკენ არ წავიდე..." - შვილის გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი ნუგეში
"ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს... როგორ არ გეშინიათ ან გრცხვენიათ, არ ვიცი" - სალომე ბარკერი 16 წლის დის გარდაცვალების საქმეზე წერს