"მე ერთი უნიათო, "ბრძოლისუუნარო", ქალი ვარ, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. როცა რამეს მაბრალებენ, ისე დავმუნჯდები ხოლმე, რაც უნდა მართალი ვიყო, მაინც მტყუანი გამოვდივარ. არ გამომდის თავის დაცვა და მომკალი, თუ გინდა" - მშობლები

"მე ერთი უნიათო, "ბრძოლისუუნარო", ქალი ვარ, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. როცა რამეს მაბრალებენ, ისე დავმუნჯდები ხოლმე, რაც უნდა მართალი ვიყო, მაინც მტყუანი გამოვდივარ. არ გამომდის თავის დაცვა და მომკალი, თუ გინდა"

2022-05-08 10:14:53+04:00

ქაღალდის რელიკვია - ონლაინრომანი
ავტორი: სვეტა კვარაცხელია

დასაწყისი
ეს ონლაინრომანი დღიურებად არის წარმოდგენელი, რომელშიც მთავარი გმირი წარსულს იხსენებს. შესაბამისად, მოქმედება საბჭოთა წარსულში ხდება. ამბის დასაწყისი იხილეთ ბმულზე

VI ნაწილი

22 მაისი
დღეს სკოლიდან დაგვითხოვეს. როგორც იქნა, მოვრჩი სწავლა-განათლებას! გამოცდებიღა დამრჩა. ამასაც მოვახრჩობ და ... უჰ, რას ამოვისუნთქებ! ნუთუ არსებობს ამქვეყნად მოსწავლე, სასწავლო წლის დამთავრება არ უხაროდეს? არ ვიცი, ასეთი არ მეგულება. რა ბედნიერი სახეები გვქონდა დღეს სუყველას. ბოლო ზარიც მშვენივრად ჩავატარეთ. რამდენი რამ გავიხსენეთ. ბაჩანამ ყველა მასწავლებელს მიბაძა ხმით და გამოაჯავრა. სიცილით იგუდებოდნენ დარბაზში.
ზეიმი გვიან მორჩა. ჩემი აჭრელებული თეთრი წინსაფრის გახდა არც მიფიქრია, თითქმის ასკინკილით გამოვედი სკოლის ეზოდან. ცალ ხელში ჩანთა მეჭირა, მეორეში - თამბაქოს კვამლით გაბერილი საჰაერო ბუშტი. ისე ვანცობდი, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და დღეიდან ანცობას ამიკრძალავდა ვინმე. სიმართლე გითხრათ, მენანებოდა კიდეც ბავშვობასთან განშორება. ქვეშეცნეულად გული მწყდებოდა.
მთელი ორი საათი, სანამ ზეიმი მიმდინარეობდა, ბიძინას მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა თვალებით, მე კი ვერ ვხვდებოდი. რა უცნაურია! სანამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, მის ყველა გამოხედვას ზეპირად ვცნობდი, ვიცოდი, როდის რისი თქმა სურდა. ახლა კი? შესაძლოა, აღარ შემრჩა გამოცნობის სურვილი...
ის იყო, ჭიშკარი გავიჯახუნე, რომ უკნიდან მისი ხმა დამეწია.
- ნა-ტა!
შევჩერდი, მოვტრიალდი. თვალი თვალში გამიყარა.
- საით?
- შინისკენ.
- რა გინდა შინ? - რა სულელურ შეკითხვებს მაძლევს. გავბრაზდი.
- ბებო უნდა გავახარო! - გამომწვევად ვთქვი.
- სალაპარაკო მაქვს შენთან, - ხმას დაუწია, კენჭს დასწვდა და გვერდულად გაისროლა.
- გისმენ, - სმენად ვიქეცი.
შერიგება ხომ არ უნდა?
- თან გაგაცილებ, კარგი? - ნებართვა ითხოვა.
- მერე, არ გეშინია?
- რისი?
- რისი, თუ ვისი?
- ზოგ-ზოგიერთების, - ყველა ერთად მოვაქციე ამ სიტყვაში, მათ შორის - ნანა.
- არა, - ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი, ჩემი ირონია "კაკალ გულში" მოხვდა.
- ძალიანაც კარგი. მაშინ მთელი გულისყურით გისმენ, - ჩემს "აგრესიას" საზღვარი არ ჰქონდა.
დამუნჯდა. მგონი, გადაიფიქრა საუბრის გაგრძელება. რა ვქნა, კიდევ ვკითხო რამე? რა ჯანდაბა ვკითხო? თავში არაფერი მომდის!
- ვითომ გამოცდები მალე დაგვეწყება? - მეც რა "მაგარი" რამე მოვიფიქრე. ნამდვილი ბატი ვარ.
- ორში არა გვაქვს პირველი? - გაოცებით შემომხედა, ეს რა მკითხაო.
- ჰო, - ანგარიშმიუცემლად ვთქვი, ჩემი "ენამოუქნელობის" გამო ნირი წამიხდა.
- პირველი გამოცდა ქართულ წერაში გვაქვს, - "გამიშიფრა", თითქოს არ ვიცოდი. ეგეც მაგარი ვინმეა.
- ამის თქმა გინდოდა წეღან? - ვისარგებლე მისი "შიფრით" და გავკენწლე.
- არა, ეგ პროლოგისმაგვარი იყო, - ღიმილი ვერ შეიკავა.
- აჰა! გასაგებია! მზად ვარ შინაარსის მოსასმენად, - დაცინვას ვაგრძელებდი.
შეჩერდა. მე გზა განვაგრძე ისე, რომ ნაბიჯი არ შემინელებია. ცოტა ხანში წამომეწია.
- შენთან ნორმალურად დალაპარაკება შეიძლება? - უკვე ბრაზობდა ბიძინა.
ალმაცერად გავხედე. ჭარხალივით იყო გაწითლებული.
- შენ როგორ ფიქრობ!
- მგონი, არ შეიძლება.
- მაშინ რაღას მელაპარაკები? - კოპები შევკარი, მეწყინა მისი შენიშვნა, თუმცა აშკარად დავიმსახურე.
- იქნებ მიხვდე და ბოლოს და ბოლოს, მომისმინო, - კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა.
- გისმენ, ბატონო, გისმენ, - ხმას ავუწიე და ნაბიჯს ავუჩქარე.
გადამასწრო და წინ გადამიდგა.
- ოღონდ სიმართლე მითხარი, კარგი? - თვალები დაენისლა.
- კი მაგრამ, როდის მომიტყუებიხარ? - კი ვიკითხე, მაგრამ ვაი, იმ შეკითხვას. ახლა რომ გეგასთან დაახლოების ამბავი კარტის დასტასავით წინ გადმომილაგოს!...
- შენ გინდა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდეს?
ხომ მივუხვდი! შერიგება უნდა.
- მე-ე? მე რა შუაში ვარ! შენ თვითონ არ დაამთავრე ყველაფერი? თუ მომელანდა? იქნებ ვიგონებ რამეს? - სიბრაზისაგან ავილეწე.
- მიყვარხარ! - მითხრა უცებ და ისე აუწყლიანდა თვალები, მეგონა, იტირებდა.
ხმა ვერ ამოვიღე. ან რა უნდა მეთქვა? ისეთი საწყალობელი მზერა გაუხდა, გული დამეთუთქა.
- არ შემიძლია ასე. ნანამ ყველაფერი მიამბო. რატომ მაშინვე არ მითხარი?
სუნთქვა შემეკრა, ისე შევკრთი.
- რა გიამბო? - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
- დედაჩემის გულის მოსაგებად რაც გააკეთა.
- ჰო-ო... - შვებით ამოვისუნთქე, - რა საჭირო იყო მაგის თქმა. მე ისედაც ცუდად მოვიქეცი. შენთვის უნდა შემეთანხმებინა.
- მოდი, დავივიწყოთ ეგ ყველაფერი. ვითომ არც ყოფილა, კარგი? - მკლავზე მომიჭირა ხელი.
პასუხი არ გამიცია.
- კარგი? - ბიძინამ კვლავ გამიმეორა შეკითხვა.
- რა აზრი აქვს, თუ გინდა, დავივიწყოთ, - მხრები ავიჩეჩე და ხელი გავაშვებინე.
- რატომ? - შეჩერდა.
- იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა. მე არ მსურს თავიდან დაწყება. მაინც აარფერი გამოვა, - მეც შევჩერდი.
- მიზეზი?
"აღარ მიყვარხარ", - გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ გამომივიდა.
- დასასრულს დასაწყისი არა აქვს.
საყვედური აღებეჭდა სახეზე. განზე გავიხედე.
- ესე იგი, აღარ გიყვარვარ?
- ალბათ. მაგაზე არ მიფიქრია, - ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე.
სათქმელი ითქვა. იმ წუთში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღარ მიყვარდა. იქნებ არც იქამდე იყო სიყვარული? რა ვიცი. ბებიაჩემს რომ მოუსმინო, ქალს შეიძლება ბევრი მამაკაცი მოეწონოს და ეგონოს, რომ ურთიერთობის მანძილზე ყველა მათგანი უყვარს, მაგრამ როცა სიყვარული ნამდვილია, არასდროსშეცდები, რადგან იგი განშორების მერე არ ხუნდება. პირიქით, მონატრებას იწვევს. აი, ასე მსჯელობს სილვა ბებია და მიმტკიცებს, ცხოვრებაში სულ სამჯერ მიყვარდაო. პირველად - "ძველი ბიჭი", მეორედ - დირექტორი და მესამედ ჩემი ქმარიო. ჩამოთვლა არ მოგწონთ? თანაც, პირველი და მეორე სიყვარული დღემდე ენატრება, რომ ჰკითხო.
ასე რომ, შეიძლება ნამდვილი სიყვარული ჯერ არც მე მწვევია, როგორც წიგნებში წერენ ხოლმე.
- ეგ შენი ბოლო სიტყვაა? - დახშული ხმით მკითხა.
- უკანასკნელი, - მთლად გადავუწურე იმედი და გზა გავაგრძელე.
არ გამომყოლია. არც დამმშვიდობებია. მეც არ მივიხედე. არადა, ერთი სული მქონდა, მივტრიალებულიყავი და მენახა, რა ხდებოდა იქ, ჩემს ზურგს უკან, მაგრამ ვერ გავბედე...

25 მაისი
ბიძინასთან საუბრის მერე ძალიან დავმძიმდი. არა და არ გამომიკეთდა ხასიათი. ვგრძნობდი, რომ ძალიან ვატკინე გული და ამას ვერ ვინელებდი. ვერც მეცადინეობას დავუდე გული, ვერც შინიდან ვახერხებ გასვლას, რომ გეგა მაინც ვნახო. ლორა მასწავლებელს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ერთი კვირით გადაიდო ინგლისურის გაკვეთილები. რა უნდა ვქნა, ბუსავით მარტო ვზივარ შინ. ჩემი ერთადერთი შვება ტელეფონია. ზარის ხმაზე კისრისტეხით გავრბივარ ყურმილის ასაღებად.
დღესაც ასე მოხდა.
- გისმენთ, - მოუთმენლად ჩავძახე ყურმილში.
- უკაცრავად, ნატა მინდოდა?
- მე ვარ! - ვუპასუხე გაკვირვებულმა.
ქალის ხმა იყო, მაგრამ არ მეცნო.
- გამარჯობა, ნატა, - თავაზიანად მომესალმა უცნობი.
- გაგიმარჯოს. რომელი ხარ? - ცოტა არ იყოს, დავიძაბე. ვიგრძენი, უცხო ქალის ხმა კარგს არაფერს მიქადდა. ნეტავ ბიძინას დედა არეკინებს ვინმეს თუ გეგასი? - გამკენწლა გულში.
- მე შენ არ მიცნობ. ია მქვია. ხომ არ გწყინს, შენობით რომ გესაუბრები?
- არა, არა, გისმენთ, - ისე დავიბენი, თვითონ არ ვიცოდი, რას ვპასუხობდი.
- მე გეგას მეგობარი ვარ, დიდი ხნის მეგობარი. შენთან შეხვედრა მინდა, თუ არ დამზარდები.
ელდა მეცა. ისე მომეწურა გული, თითქოს ვიღაცამ ხელი წამიჭირა.
- ჩემთან შეხვედრა? გეგას მეგობარს ჩემთან რა საქმე გაქვთ, გეგას დაურეკეთ, - საკმაოდ ოფიციალურად მივმართე.
- მე გეგაზე უნდა გესაუბრო. მგონი, საკმაოდ ბევრი გვექნება სალაპარაკო, - აშკარად შეცვალა საუბრის კილო ვინმე იამ.
- ვითომ? მე გეგას არც ისე ახლოს ვიცნობ, რომ რამეში გაგარკვიოთ.
- მით უმეტეს. მაშინ მე გაგაცნობ. იცოდე მაინც, ვის ხვდები და რა მოჰყვება ამ შეხვედრებს.
ვერაფერი ვთქვი. ერთი ის იყო გასაგები, რისთვისაც მერჩოდა უცნობი ქალი. იგი აშკარად გეგას "კოლექციიდან" იყო, მაგრამ ჩემში ერთ "გალეულ მოსწავლეში" საშიში მეტოქე რატომ მოიაზრა, ამას ვერ ვხვდებოდი.
- თქვენ მგონი, მისამართი შეგეშალათ. მე გეგა სულ ორჯერ მყავს ნანახი. იქნებ სხვისთვის უნდა დაგერეკათ?
- რატომ, სხვა ნატაც არსებობს?
- ვინ მოგცათ ჩემი ნომერი? - უკვე შეტევაზე გადავედი.
- ამას არა აქვს მნიშვნელობა. მე შენთან საჩხუბრად არ დამირეკავს. არც იმ ასაკის ვარ, კაცის გულისთვის შენისთანა პატარა გოგონები თმით ვითრიო. უბრალოდ, მინდა რაღაც აგიხსნა და რაღაცაში გაგარკვიო.
- ტელეფონით რომ ვისაუბროთ, არ გამოვა?
- ტელეფონით? არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ შეხვედრა მაინც აჯობებდა. ანდა, კარგი, მე მოგიყვები ყველაფერს და დანარჩენზე მერე მოვილაპაარკოთ. მისმენ?
- გისმენთ, გისმენთ, - გულის სიღრმეში უცნაურ ბაგაბუგს ვგრძნობდი.
- მე ექიმი ვარ, თერაპევტი. მე და გეგა ორი წელია, ერთად ვმუშაობთ. პირველივე დღიდან დამიწყო შორიდან მოვლა. ხომ იცი, ადგილობრივი კაცებისთვის ჩამოსული ქალები ყოველთვის უფრო საინტერესონი არიან. თბილისელი ვარ. მით უმეტეს, თუ თმა ყვითლად აქვს შეღებილი და თანაც, ლამაზია. არ დაგიმალავ და მეც მაშინვე მომეწონა. გამოწვევა მივიღე. მერე თანდათან უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, მერე - კიდევ უფრო. ივნისის დასაწყისში უკვე დაქორწინებას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად გამომიცხადა, ეგ საქმე შემოდგომისთვის გადავდოთო.
- ეგ როდის გითხრათ? - რელსებზე მიმავალი მატარებლის ბორბლებივით ბრაგუნობდა ჩემი გული.
- დაახლოებით ერთი თვის წინ. რატომ-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე. ჯერ მაგისთვის მზად არა ვარო. ძალიან გავმწარდი, მაგრად ვეჩხუბე, რა არ ვუძახე! პასუხი არ გაუცია. მეორე დღეს ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მომიტანა საჩუქრად - ამას გირაოდ გიტოვებ, რომ არ იფიქრო, თითქოს მოგატყუე და ჩემს სიტყვას გადავდივარო, გესმის? ძველად თამასუქის მაგივრად ულვაშს რომ უტოვებდნენ, ისე დამიტოვა. სადღაც მაინც მესიამოვნა. ვიფიქრე, რადგან ასეა, დავიცდი კიდევ სამ თვეს, სადაც ამდენი ვიცადე, ხომ არსად გარბის-მეთქი. თურმე, სადა ხარ! რა ჰქონია ჩაფიქრებული! - ია უცებ გაჩერდა.
- ალო! - ჩავძახე ყურმილში.
- ჰო, წყალი დავლიე, ნატა, პირი გამიშრა.
- მერე, მერე? - ძალიან დამაინტერესა ამ "ისტორიამ".
- მერე და საერთოდ ვეღარ იცლიდა ჩემთვის. სამსახურშიც კი - არ მცალია, მერე შემომიარე ან მერე გნახავო, მეუბნებოდა. მე გიჩვენებ შენ სეირს-მეთქი, გავიფიქრე და ჩავუსაფრდი, ვისთან ერთად გაივლ-გამოივლიდა. დაქალებსაც მივეცი დავალება, თუ სადმე ვინმესთან ნახოთ, სასწრაფოდ მომახსენეთ-მეთქი. არაფერი გამომივიდა. სხვა ქალი ვერ აღმოვაჩინე. ისევ დავიწყე ფიქრი. ავდექი და სხვა გზა მოვნახე. ატეესში ვიპოვე ნაცნობი. ვთხოვე გაეგო, ყველაზე ხშირად ვისთან რეკავდა ან ყველაზე დიდხანს ვის ელაპარაკებოდა ღამის საათებში. აქ კი გამიმართლა. კვალმა კი, გინდ დაიჯერე, გინდ არა და შენთან მომიყვანა.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ სრულიად შემთხვევით აღმომაჩინეთ და ჩემი ნომერი სხვას არ მოუცია თქვენთვის?
- არა, ჩემო კარგო, ტყუილად ნურავის დააბრალებ. მაცალე, ჯერ დამამთავრებინე. მერე გადავრეკე, გადმოვრეკე, თუკი ვინმემ შენზე რამე იცოდა, ყველაფერი გავიგე. ბოლოს გეგას ვუხსენე შენი სახელი. ასეთს საერთოდ არ ვიცნობო. აი, მაშინ კი მივხვდი, ცუდად იყო ჩემი საქმე. რომ ეთქვა, კი, ვიცნობ, როგორ არ ვიცნობ, ერთი მთლად ბავშვია და კარგი ვინმეაო, არ შემეშინდებოდა, მაგრამ რომ დამიმალა, ამით საკუთარი თავი გაყიდა. კრინტი არ დამიძრავს. ამ თემაზე მეტი არ წამომიწყია მასთან საუბარი. შემდეგ ის იყო, შენთან დარეკვა გადავწყვიტე.
ია კვლავ გაჩერდა. ალბათ, ისევ წყალი თუ დალია.
არ მეგონა, ასე თუ შეტრიალდებოდა საქმე. თავიდან ვიფიქრე, ბიძინამ ხომ არ გადაწყვიტა შურისძიება და სპეციალურად ხომ არ შეარჩია გეგას "კოლექციიდან" მსხვერპლი-მეთქი, მაგრამ ამაო გამოდგა ჩემი ვარაუდი.
არც ისე პატარა გოგონას ხმა ჰქონდა, მოვეტყუებინე, თანაც ისე დამაჯერებლად ყვებოდა თავის ამბავს, ძნელი იყო მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა. რა უნამუსო ვინმე ყოფილა! კაცი ჰქვია ახლა მაგას?
- შენ რაო, რას გეუბნებოდა, მიყვარხარო? - მკითხა იამ.
- ჰო, რა ვიცი, მგონი კი. არა, არა, არ მეუბნებოდა, - ისე დავიბენი, მტრისას! უკვე მივედ-მოვედებოდი.
- აბა, რას გირეკავდა, რა უნდოდა შენგან? - ჩამაჯინდა.
- ჩემმა დაქალმა სთხოვა ჩემზე, "შეაბი" და მაღარიჩი იქნებაო.
- მერე? შეგაბა?
წავუყრუე.
- ალო!
- კი, - ყრუდ ვთქვი. სმენა დამეხშო, ისე აგუგუნდა თავი. ასე მეგონა, სისხლმა ფეხებიდან პირდაპირ ტვინში იხუვლა.
ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა, არც გეგას გამართლებას. ან რატომ უნდა გამემართლებინა, როცა არ ვიცოდი, მე მატყუებდა თუ იას. თუმცა, როგორც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ორივე მოტყუებულები ვრჩებოდით.
მაგრამ ერთი "დამამძიმებელი" გარემოებაც არსებობდა - მას ჩემთვის სიყვარული არ აუხსნია. არასდროს უთქვამს, მიყვარხარო. არც ოქროს მთებს და არც არაფერს შემპირებია. მაშინ რას ვერჩი? აშკარად ვეჭვიანობ.
- ვიცოდი, მასე რომ იქნებოდა. მაგას მსგავსი რამეები ადვილად ეხერხება.
- ია, შენ საიდან დაასკვენი, რომ ჩემთან მაინცდამაინც რომანი ჰქონდა? მერე რა, რომ მირეკავდა. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ, მეგობრები ვყოფილიყავით, - უკვე მეც "შენობითზე" გადავედი.
- თავიდან ასე ვიფიქრე. მაგრამ ეთრმა გარემოებამ დამაეჭვა. იცი, რა მითხრა? თერაპევტი ექიმი არ არისო. რატომ-მეთქი. ეგ მოგონილი ტიტულიაო. მთლად გადავირიე. თერაპევტი შინაგანი სნეულებების ექიმია-მეთქი, კრეტინივით დავუწყე მტკიცება. ყველა შინაგან სნეულებას საკუთარი ექიმი ჰყავსო და დამიწყო ჩამოთვლა: ქირურგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფტიზიატრი და რა ვიცი, არ დატოვა არცერთი. თერაპევტი კი არაფრის ექიმიაო. აი, მაშინ მივხვდი, რომ "აჩუს" მიკეთებდა.
- ეგ რას ნიშნავს?
- მოკლედ, ჩემი "მოტეხვა" უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმ საღამოსვე ატეესში გავჩნდი და მას შემდეგ ყველა თქვენს საუბარს ვისმენდი.
ამის გაგონებაზე კინაღამ გული ამერია. რა უნამუსობაა? როგორ მოუვიდა თავში აზრად?
- ეგ... ეგ ცუდი საქციელია, - ჩემს ჭკუაში, ვითომ დავსაჯე.
- ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ჩემს ადგილას შენც ასე მოიქცეოდი.
- ღმერთმა დამიფაროს! - წამოვიყვირე. უკვე ავპილპილდი.
- ასეა, ასე. სხვა სხვის ომში ყოველთვის ბრძენია. გაგვიგრძელდა საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?
- კარგი, - ანგარიშმიუცემლად დავთანხმდი, მაგრამ თავად არ ვიცოდი, რაზე. დავემშვიდობე უცნობ ნაცნობს და ისე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, თითქოს ეს წუთია, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოვაწერე ხელი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

28 მაისი
ღმერთო ჩემო, რაში მჭირდებოდა ეს ხათაბალა! არაფრის გულისთვის შარში გავეხვიე.
იმ ვინმე იამ გუშინ საღამოს კვლავ დამირეკა და მითხრა, ხვალ, დილის 12 საათზე ფოტოატელიესთან შევხვდეთ ერთმანეთს და გეგა ვნახოთო. შევთანხმდით. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ან კი რა დამამძიმებდა! რაც მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვნერვიულობდი. რა მინდოდა, რისთვის უნდა დავსწრებოდი გეგასთან "საქმის გარჩევას", მე რა შუაში ვიყავი საერთოდ, ჩემგან რას მოითხოვდა უცხო ქალი, ვერ ვხვდებოდი. ამასთან, ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ვინ იყო, როგორი შესახედაობის და რა საუბარი წავიდოდა იასა და გეგას შორის. ყველაზე მეტად ეს მაღელვებდა, ამიტომაც შევპირდი, შეგხვდები-მეთქი.
ძლივს წავხალისდი. მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. გული მიგრძნობდა, კარგად არ დამთავრდებოდა ეს შეხვედრა და წაგებული, როგორც ყოველთვის მე დავრჩებოდი. მე ხომ ერთი უნიათო, "ბრძოლისუუნარო", შტერი ქალი ვარ, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. როცა რამეს გაბრალებენ, ისე დავმუნჯდები ხოლმე, რაც უნდა მართალი ვიყო, მაინც მტყუანი გამოვდივარ. რა ვქნა, თუ სათანადო მტკიცებულებები არ გამაჩნია, თავდაცვა არ შემიძლია. არ გამომდის და მომკალი, თუ გინდა.
არადა, ახლა სხვა რამეზე ფიქრისა და ნერვიულობის თავი მაქვს? ოთხ დღეში გამოცდა მელის ქართულ წერაში. წერის ანმდვილად არ მეშინია, მაგრამ მაინც...
ფოტოატელიის წინ ქერათმიანი ქალი დავლანდე. მივხვდი, ია იქნებოდა. აქ დავთქვით შეხვედრა.
ძალიან ლამაზი იყო, ამასთან, ქალაქური იერი დაჰკრავდა. უცხო თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ჩამოსული იყო. შინდისფერი ტილოს კაბა ეცვა, გრძელი, მოტკეცილი. მუქი ფერის სათვალე ეკეთა.
მივუახლოვდი. საოცრად დაძაბული ვიყავი. მიცნო, სათვალე მოიხსნა, თმაზე დაიკოსა და ხელი გამომიწოდა.
- ია, - ცივად მითხრა.
- სასიამოვნოა. ნატა, - მეც ჩამოვართვი ხელი. ინტერესით ჩამათვალიერა. მგონი, არც მე ვიყავი ცუდ ფორმაში. ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური მეცვა. ია ჩემზე ოდნავ მაღალი ჩანდა, სავსე მკერდით და საკმაოდ ჩასუქებული თეძოებით. ტანი ნამდვილად არ უვარგოდა.
- მშურს შენისთანა გოგოების, - თავი გვერდზე გადახარა.
- შესაშური რა მჭირს? - გაღიმება ვცადე.
- წვრილი წელი. თუმცა, შენს ასაკში მე შენზე გამხდარი ვიყავი, - თითქოს შემახარბა.
რა სასაცილოა ეს ყველაფერი. ორმოცდაექვსი კილო ვარ, ამაზე გამხდარი რა შესახედავი იქნებოდა წარმომიდგენია.
- განა რამდენი წლისა ხართ? - კვლავ "თქვენობითზე" გადავედი.
- ქალს ასაკს არ ეკითხებიან, - დამამოძღვრა.
- ქალები ასაკს მამაკაცს უმალავენ და არა ერთმანეთს, - ირონიულად შევნიშნე და ნიშნისმოგებით გავუღიმე.
მაინც არ მითხრა, რამდენის იყო. არადა, ჩემზე ბევრად უფროსი იქნებოდა. ჩემზე კი არა, გეგაზეც.
- აი, ისიც! - ჩემს ზურგს უკან გაიხედა იამ.
ვიგრძენი, როგორ ამეწვა ზურგი და როგორ გავფითრდი. ვეღარ შევტრიალდი.
- გამარჯობათ! - გაისმა გეგას ბოხი ხმა და მხარზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი.
- გაგიმარჯოს, - მიესალმა ია.
მე თავი დავუქნიე. მუხლები მეკეცებოდა. ლამისაა, იქვე წავქცეულიყავი.
- რა ხდება, სამხედრო ტრიბუნალს მიწყობთ? - გეგას ხმა დამცინავად აჟღერდა.
- საქმე გვაქვს შენთან, - იამ თვალებით გახვრიტა იგი. "გვაქვს"! გულზე მომხვდა ეს სიტყვა. პირადად მე არანაირი საქმე არ მქონდა. სურვილიც არ გამჩენია, ახსნა-განმარტება მომეთხოვა მისთვის. რა მინდოდა, რისთვის მოვედი? თავადაც არ ვიცოდი!
- აქ ხომ არ ვიდგებით. წამოდით, შიგნით მაინც შევიდეთ. იქ გრილა, - გეგა აშკარად უხასიათოდ იყო. ალბათ, იცოდა, კარგი დღე რომ არ დაადგებოდა.
სამივენი ფოტოატელიეში შევედით.
- რეზო, ცოტა ხნით შენს კაბინეტს დაგვითმობ? - მიმართა გეგამ ფოტოგრაფს.
- ა ჩომ რეჩ, - ხელები გაშალა რეზომ და ცალი თვალი გეგას მიაპყრო, მეორეთი კი მე და იას მოგვაშტერდა. ყოველ შმეთხვევაში, მე ასე მომეჩვენა.
ახლა ყვითელფარდაჩამოფარებულ კაბინეტში შევლაგდით.
- დასხედით და ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ თავში, - გეგამ კარი შიგნიდან რაზით ჩაკეტა.
მე და ია ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს დავსხედით. გეგა მაგიდაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
- მეც მომიკიდე, თუ არ შეწუხდები, - იამ ძალზე ოფიციალური ტონით მიმართა.
- მაგაზე გაწყენინებ? - გეგამ სანთებელას გაჰკრა და იას დაელოდა, სანამ ჩანთიდან სიგარეტის კოლოფს ამოიღებდა.
- მაშ ასე, რისთვის შევიკრიბეთ? - კვლავ იკითხა გეგამ.
- არ ვიცი? - მზაკვრულად გახედა იამ.
- წარმოდგენა არა მაქვს.
- გეგა, მე ვინ ვარ შენთვის? - დაიწყო იამ.
- მეგობარი, - მტკიცე ტონით თქვა გეგამ და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- მერი არაფერი?
- დავაკონკრეტო? - თვალები მოჭუტა გეგამ.
- დიდად დამავალებ.
- საყვარელი, - დააკონკრეტა.
- რა-ა? - თვალები გაუფართოვდა ქალს. ხმას აუწია. მე ამის გაგონებაზე გული შემეკუმშა, სუნთქვა შემეკრა.
- რა იყო, რამე ისე ვერა ვთქვი? - გეგა მშვიდად იგერიებდა შემოტევას.
- ესე იგი, მე შენი საყვარელი ვარ და მეტი არაფერი?
- სხვა რას ელოდი, რა გინდოდა მეთქვა? - გეგამ შუამდე დაყვანილი სიგარეტი იქვე მდგარ ლამბაქს დააჭყლიტა და მარჯვენა მუხლისთავი ერთმანეთში გადახლართულ თითებში მოიქცია.
- აკი ცოლად უნდა შეგირთოო? იქნებ დაგავიწყდა? - გამარჯვებულის იერით მედიდურად გახედა იამ.
- ინტიმურ სიტუაციაში რას არ იტყვის კაცი, - ბოროტად ჩაიღიმა.
- გაგახსენებ მაგ სიტყვებს, ვაჟბატონო! - ია სახეზე წამოწითლდა.
- რო-ცა გაგი-ხარ-დება! - გეგა მაგიდიდან წამოხტა და ფანჯარას მიუახლოვდა, - შენ რისი "გაიასნება" გინდა, რისთვის მოხვედი? - მოულოდნელად მე მომიტრიალდა.
გული ყელში მომებჯინა.
- მე-ე? - ისე დავიბენი, ნიკაპი ამიკანკალდა, - არ ვიცი, - ჩურჩულით ვთქვი.
- ბავშვს თავი დაანებე, ეგრე ნუ ელაპარაკები. ჩემნაირები არ გეყო და ახლა ასეთ "თოთოებს" უბნევ თავ-გზას, არა? - არ ცხრებოდა ია.
- ვისზე ამბობ მაგას, ნატაზე? მე გიბნევ თავ-გზას? ნატა, შემომხედე! განა რა გითხარი ამისთანა, სიყვარული აგიხსენი? სამუდამოდ ერთგულებას შეგპირდი? ცოლობა გთხოვე? თუ რომელი ერთი...
თავი ვერ ავწიე, ისე მქონდა ცხვირ-პირი ალეწილი. რა სიკვდილმა წამომიყვანა! რა მინდოდა აქ, რა ჯანდაბა!
- თქვი, ნატა, რას გეუბნებოდა, - დამიყვავა იამ და სიგარეტის კვამლი პირდაპირ სახეში მომაბოლა.
- მომწონხარო, - იდიოტივით გამომივიდა ნათქვამი.
- ჰმ, როდის გითხარი, პატარა გოგონი? - გეგა აშკარად დამცინოდა.
გავბრაზდი, თუ გავმწარდი, რაღაც ამდაგვარი დამემართა და უცებ ავმეტყველდი.
- შენ არ მეუბნებოდი, ჩემს პირველ შეყვარებულს მაგონებ და იმიტომ მომწონხარო? - თავი ავწიე და ჯიქურ შევხედე.
ღმერთო , რა საყვედურით სავსე მზერა ჰქონდა! არასდროს დამავიწყდება მისი სახე. ჩემს სიტყვებზე თითქოს რაღაც ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში.
- მერე? განა ეგ რამეს ნიშნავს? მასე მე იცი, რამდენი შენისთანა პატარა "გოგუშკები" მომწონს? ე-ე-ე! უამრავი, მაგრამ შენსავით ის კი არ უფიქრიათ, რომ მათზე ვარ შეყვარებული, - გეგა ფანჯრის რაფაზე შემოჯდა.
- მე ეგ არ მითქვამს, - გავაპროტესტე.
- არ გითქვამს, მაგრამ ხომ იფიქრე? - "კუთხეში მიმაყენა" გეგამ.
- არც მიფიქრია, - ტყუილით ვცადე თავის დაცვა.
- აბა, რისთვის მოხვედი? გეკითხები, რის სათქმელად მოხვედი?
გული ყელში მომებჯინა. კიდევ ერთი სიტყვა და ბღავილს დავიწყებდი.
- აბა, ახლა ადექით და დაახვიეთ აქედან თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ორივეს მოგახსენებთ. არც შენ მიყვარხარ და არც შენ, - ჯერ იას გადახედა, მერე - მე, - შენთან კარგა ხანია, ყველაფერი დავამთავრე და თავიდან დაწყების სურვილი ნამდვილად არ მაქვს (ეს იას მისამართით იყო ნათქვამი). რაც შეგეხება შენ, მერე მოგელაპარაკები (ეს კი - ჩემი). სულ კარგად მეყოლეთ, - რევერანსით დაგვემშვიდობა, კარი გამოაღო და მეორე ოთახში გაუჩინადა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივენი ხმაამოუღებლად ვისხედით. "რა წამხდარი ქალია", - ვფიქრობდი ჩემთვის გულში, - "რისთვის მოაწყო ეს სპექტაკლი, ვითომ რა დაამტკიცა ამით?"
თუმცა რა! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთადერთი დაზარალებული ამ შეხვედრიდან მაინც მე დავრჩი. თავიდანვე ვიცოდი, ასე რომ იქნებოდა. მე ხომ ასეთი ბედი მაქვს! ისინი ხვალ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს სამსახურში, კიდევ ერთხელ ისაუბრებენ, კიდევ ერთხელ გაარკვევენ ყველაფერს და შერიგდებიან. მით უმეტეს, საყვარლები ყოფილან. განა ცოტა ექნებათ სალაპარაკო და გასახსენებელი? იას პრეტენზიები ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მე? მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!

გაგრძელება