ბავშვობის ტრავმები შეიძლება გამოვლინდეს როგორც აწმყოში, ისე მომავალში და ეს გამოვლინება მაინცდამაინც ემოციურ არასტაბილუირობას არ უკავშირდება. მეტიც, შესაძლოა განცდილმა უარყოფითმა გამოცდილებამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შექმნას. ნიკოლ ლეპერა 2021 წლის ტოპ ფსიქოლოგიური ბესტსელერის "როგორ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და შევქნათ ისეთი მომავალი, რომელიც აწმყოსგან განსხვავებულია" ავტორია. იგი ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრი შეცდომის თავიდან აცილება შეიძლება, თუ მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით იქნებიან და ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს არ გაიმეორებენ:
მშობლები ბავშვის პიროვნებასა და ემოციებს უარყოფენ
- "არაფერიც არ გტკივა"
- "არა უშავს, ახალ მეგობრებს იპოვი"
- "შენ ხომ კარგი გოგო ხარ, მიდი დეიდას ლექსი უთხარი"
როდესაც მშობლები მსგავს ფრაზებს ამბობენ, უარყოფენ ბავშვის რეალობას, მის განცდებს. შესაძლოა ბავშვი ამ დროს ცუდად, დათრგუნულად გრძნოდეს თავს და ამავდროულად, სულაც არ უნდოდეს დეიდასთან ან კიდევ მისთვის უცნობ ადამიანთან ჩახუტება და მათთვის ლექსის თქმა. ასეთ შემთხვევაში, ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვი საკუთარი ინტუიციის ხმის ჩახშობას სწავლობს და რეალურ მოთხოვნილებებზე უარს ამბობს. როდესაც თქვენი ბავშვი გრძნობებზე საუბრობს, ნუ უარყოფთ მათ, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. შეფასებები საჭირო არ არის - უბრალოდ, იყავით მის გვერდით, დააწყნარეთ, ჩაეხუტეთ, შესთავაზეთ ერთად ჩაის დალევა ან გასეირნება.
"თუ მშობლები თავად არ განიკურნენ, ან არ აღიარეს თავიანთი მოუშუშებელი ტრავმები, ვერ შეძლებენ, საკუთარ ცხოვრებისეულ გზაზე სრულფასოვნად ორიენტირებას, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვის ხელმძღვანელობაზე." - წერს ავტორი.
დასჯა უგულებელყოფით
"ბავშვები უნდა ხედავდნენ და არა ისმენდნენ." - ხშირად ამბობენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. თუ ბავშვთან გარეგნულად ყველაფერი რიგზეა: ჯანმრთელია, გამოკვებილი, ჩაცმული, მაშინ მშობლები მას ყურადღებას არ აქცევენ, საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებულნი. აღზრდის ასეთი სტილით რაიმე ძლიერი სულიერი კავშირების იმედი არ უნდა გვქონდეს. ბავშვი, რომელსაც ოჯახში არ იმჩნევენ, ყურადღებას არ აქცევენ, ნდობას წყვეტს.
დაუთმეთ თქვენს შვილებს დრო, რომ ყურადღებით მოუსმინოთ და მხარი დაუჭიროთ მათ ემოციურ გამოვლინებებს. ამ გზით არა მხოლოდ უკეთ გაიცნობთ მათ, საკუთარ თავზეც ბევრს გაიგებთ.
საკუთარი ოცნებების შვილების მეშვეობით ახდენა
ოდესმე შეგხვედრიათ მშობლები, რომლებიც შვილებს ათ სხვადასხვა წრეზე დაატარებენ, სილამაზის კონკურსებში აღებინებენ მონაწილეობას, პრესტიჟულ სკოლებში გადაჰყავთ და ამით საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ? ასეთმა დედებმა და მამებმა შეიძლება იფიქრონ, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან. სინამდვილეში კი ბავშვი უარს ამბობს საკუთარ პიროვნებაზე და უფროსების სასარგებლოდ იქცევა. შედეგად, გვყავს უბედური ადამიანების თაობა, რომლებმაც არ იციან, რა სურთ ცხოვრებაში. ნუ აიძულებთ ბავშვს, თავისი ინტერესები გაწიროს და მიეცით საშუალება იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით.
შვილის პირადი საზღვრების დარღვევა
"ზოგიერთი მშობელი გაუცნობიერებლად არღვევს ჩვენს საზღვრებს და მოგვიწოდებს, გავაკეთოთ ჩვენთვის მიუღებელი რაღაცები, რათა "ზრდილობიანი" და "კეთილი" ადამიანები ვიყოთ სხვის თვალში. ეს გამოცდილება შინაგან შეზღუდვებს აწესებს და ზრდასრულ ასაკში გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი საკუთარ საჭიროებებს საერთოდ აღარ ითვალისწინებს და სისტემატურად სულ სხვის ინტერესებზეა დამოკიდებული, რითაც საკუთარ სურვილებს მუდმივად უგულებელყოფს." - წერს ნიკოლ ლეპერა.
ასეთი მშობელი მომავალში სულ ითხოვს, რომ შვილი გააკონტროლოს, უხეშად არღვევს მის პირად საზღვრებს, კითხულობს მიმოწერებს, რამაც შესაძლოა ბავშვის გაუცხოება გამოიწვიოს და მომავალში აღარაფერს მოგიყვეთ. არ დაარღვიოთ თქვენი შვილების საზღვრები და დაიცავით საკუთარიც. დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი ცალკე პიროვნებაა, რომელსაც შეიძლება საკუთარი საიდუმლოებები ჰქონდეს.
არ მისცეთ ემოციებს უფლება, თქვენი მართვა შეძლოს
"დედაჩემს, როგორც ტრავმირებულ ბავშვს, არასოდეს მიუღია ის სიყვარული, რაც მას სურდა. შედეგად, ვერ შეძლო ამის გამოხატვა შვილებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვუყვარდით." - წერს ავტორი.
საკუთარი გრძნობების მართვა რთულია. ზოგჯერ მშობლები ყურადღების გადატანას მავნე საკვებით, სოციალური მედიით ან ალკოჰოლით ცდილობენ. ან კიდევ ემოციებს სხვა ფორმით გამოხატავენ. მაგალითად: ყვირილი, კარების გააჯახუნება ან კიდევ ბავშვისთვის იმის თქმა, რომ "ჩუმად" ითამაშოს. შედეგად, ბავშვი ცრუ ქცევის შაბლონებს სწავლობს და ემოციური სტაბილურობის განვითარებას ვერ ახერხებს.
ისწავლეთ ემოციების მართვა. ნუ მოგერიდებათ სიყვარულის გამოვლინება, აკონტროლეთ სუნთქვა, სანამ უკეთესად არ იგრძნობთ თავს. თქვით, რომ გაბრაზებული ხართ, მაგრამ არ იყვიროთ. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ასწავლოთ თქვენს შვილებს, მოუსმინონ საკუთარ ემოციებს და მასთან ერთად ცხოვრება ისწავლონ.
სხვებზე შედარება და ზოგადი სტანდარტების გათვალისწინება
"ამის გამო სრულწლოვნებამდე ყალიბდება ჩვევა, შევადაროთ საკუთარი თავი სხვებს, რათა გავიგოთ, შევესაბამებით თუ არა იმ სტანდარტებს, რაც ჩამოყალიბებულია. რასაც ვერ ვაცნობიერებთ არის ის, რომ ემოციური კეთილდღეობა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე საზოგადოებაში მიღებული სტანდარტები." - წერს სპეციალისტი.
მშობლები ხშირად ამ სტანდარტებს ითვალისწინებენ, ცდილობენ შვილები იმას მოარგონ, რაც ყველას მოსწონს. ამიტომაც, შეეცადეთ უფრო მეტი იფიქროთ საკუთარ თავზე და თქვენს ნამდვილ საჭიროებებზე. დაიმახსოვრეთ: ნამდვილი სიყვარული არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად არის ადამიანის პერანგი დაუთოებული ან თმა რამდენად ლამაზად აქვს შეკრული. კომენტარს ნუ გააკეთებთ სხვა ადამიანების გარეგნობაზე და ამით ბავშვზე ზეწოლას ნუ შეეცდებით, რომ შეცვალოს საკუთარი შეხედულებები და ღირებულებები იმის მიხედვით, თუ რა არის ხალხისთვის მისაღები და რა - არა.