კანის კინოფესტივალზე ნამდვილი რევოლუცია დაარქვეს ფეხმძიმე ადრიანა ლიმას გამოჩენა. ცნობილი ტოპმოდელი გრძელი შავი კაბით და მოშიშვლებული მუცლით გამოვიდა წითელ ხალიჩაზე ბოიფრენდთან, პროდიუსერ ანდრე ლემესთან ერთად, რომელიც საყვარელ ქალს მუცელზე ეფერებოდა.
ადრიანა მომღერალ რიანასთან ერთად ამკვიდრებს ახალ ტრენდს - ღია მუცელს ორსული ქალების სტილში. ცოტა ხნის წინ ჩვენებაზეც ამგვარად გამოვიდა.
როგორც ცნობილია, წყვილი ბიჭს ელოდება. 41 წლის ადრიანასთვის ეს მესამე შვილი იქნება. მას ორი გოგონა ჰყავს პირველი ქორწინებიდან კალათბურთელ მარკო იარიჩთან.
ადრიანა ლიმა და მარკო იარიჩი
ცნობისათვის, ადრიანა ლიმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, რომელიც წლებია, ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის არის და ყველაზე სექსუალურ ქალთა რეიტინგებში ლიდერ პოზიციებზეა. მას ხშირად უწოდებენ ყველაზე ლამაზთვალება მოდელს. "ფორბსის" რეიტინების მიხედვით, ჟიზელ ბიუნდჰენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია და პლანეტის ულამაზეს მოდელთა სიასაც წლებია უდგას სათავეში.
ბრაზილიაშია დაბადებული 1981 წლის 12 ივნისს. აფრიკული, გერმანული და ინდური წარმომავლობა აქვს. დედამისი სოციალური მუშაკი იყო და გოგონას მარტო ზრდიდა. მამა მაშინ წასულა ოჯახიდან, როცა ბავშვი 6 თვის იყო.
15 წლისა გახდა მოდელების კონკურსის ფინალისტი და 1998 წელს გააფორმა კონტრაქტი "ელთან", რასაც ნიუ-იორკში გადასვლა მოჰყვა.
როგორც თავად ჰყვება, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა, პედიატრობა. სამოდელო სფეროში კი თანაკლასელის თხოვნით აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან უნდოდა კონკურსში მონაწილეობა და ადრიანაც გაჰყვა. ამ წარმატებამ და პირველმა კონტრაქტმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. 1998 წლიდან გამოჩნდა პოდიუმებზე, წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე, ჟურნალების გარეკანებზე, რეიტინგებში, მერე კი "ვიქტორიას სიკრეტის" ერთ-ერთ წამყვან ანგელოზად იქცა და თავბრუდამხვევი კარიერის პიკში აღმოჩნდა. ამ პიკს ახლაც არ ტოვებს, უკვე 41 წლის.
ლიმა ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. განსაკუთრებულად ეხმარება ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს ბრაზილიაში, მშობლიურ ქალაქ სალვადორში.